31-07-2025
„ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობა მხოლოდ ინფრასტრუქტურული პროექტი არ არის. ის რეალურად ქვეყნის ეკონომიკური დამოუკიდებლობის ინსტრუმენტია. შუა დერეფანში ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ამოქმედებით, საქართველო მნიშვნელოვან როლს შეიძენს და უკეთ იქნება პოზიციონირებული როგორც შუა დერეფანში, ასევე შავი ზღვის აუზში," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილმა, რომელიც ანაკლიაში, ნავსადგურის სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის აკვატორიის ფსკერის დაღრმავებითი და ტალღისმჭრელის პროექტირება - მშენებლობა გეგმა-გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს. დასკვნით ფაზაშია სამობილიზაციო სამუშაოები, საპროექტო კვლევების განხორციელება და დეტალური პროექტირება. 2025 წლის ოქტომბრამდე მოეწყობა დროებითი ნავმისადგომი, რისი საშუალებითაც ქვის ლოდები და ბეტონის ჯვარედინა ფორმის ბლოკები (ე.წ. „იქს ბლოკი") ტალღმტეხელის სხვადასხვა სექციებში მშენებლობისას გადანაწილდება.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ანაკლიის პორტის ექსპლუატაციაში გაშვების შემდეგ, საქართველო პირველად შეძლებს 10,000 კონტეინერის ტევადობის გემების მიღებას, რაც, მისი შეფასებით, მნიშვნელოვანია გლობალური მოწოდების ჯაჭვში საქართველოს პოზიციონირებისთვის. ამასთან, გურამ გურამიშვილის თქმით, პროექტს ასევე აქვს სხვა მნიშვნელოვანი დატვირთვა - შექმნის ახალი სამუშაო ადგილებს ადგილობრივი მოსახლეობისთვის და ხელს შეუწყობს სამეგრელოს რეგიონის განვითარებას.
„ანაკლიაში საზღვაო აკვატორიის ფსკერის დაღრმავებისა და ტალღისმჭრელის მშენებლობის სამობილიზაციო სამუშაოები 2024 წელს დავიწყეთ. გუშინ შესაბამისი მშენებლობის ნებართვა გამოიცა წარდგენილი პროექტის შესაბამისად. გეგმა - გრაფიკზე ადრე მივდივართ და შესაბამისად, ძალიან დიდია მოლოდინი, რომ 2028 წლის ბოლოს პორტი ამოქმედდება. მოსალოდნელია 2030 წლისთვის შუა დერეფანში ტვირთების ზრდა 10 მლნ ტონამდე და შესაბამისად, ანაკლიის პორტი და საქართველო მზად დახვდება გაზრდილი ტვირთგანაკადის გადამუშავება - გატარებას," - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
აღსანიშნავია, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პირველი ფაზის გამტარუნარიანობა 600 ათასი კონტეინერია წელიწადში, ხოლო საორიენტაციო ღირებულება – 600 მლნ აშშ დოლარი.