გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

„ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის" დირექტორი ზურაბ სიჭინავა: წყლის ინფრასტრუქტურის პროექტირება/მშენებლობის პროცესი გრაფიკით განსაზღვრულ ვადებში მიმდინარეობს

31-07-2025

კომპანია „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის" დირექტორი ზურაბ სიჭინავას ინფორმაციით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის წყლის ინფრასტრუქტურის პროექტირება/მშენებლობის პროცესი გრაფიკით განსაზღვრულ ვადებში მიმდინარეობს - დასკვნით ფაზაშია სამობილიზაციო სამუშაოები, საპროექტო კვლევები და დეტალური პროექტირება. სამუშაოებს სახელმწიფოს კონტრაქტორი - საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული მსხვილი ბელგიური კომპანია Jan De Nul N.V. (იან დე ნულ ენ ვი) ასრულებს, რომელმაც ტენდერში წინადადება წარმოადგინა ერთობლივი საწარმოს ფორმით.


„ხელშეკრულების თანახმად, კონტრაქტორი კომპანიის მიერ მშენებლობისთვის განსაზღვრული ვადა 970 დღეა. ეს ვადა, თავის მხრივ ორ ეტაპად იყოფა - პირველი ეტაპი იყო სამობილიზაციო სამუშაო, ასევე პროექტირება და ყველა თანმდევი კვლევითი სამუშაო. პირველი ეტაპი, ფაქტობრივად, დასასრულს მიუახლოვდა, კონტრაქტით გაწერილი იყო, რომ ეს კვლევები 1-ელ სექტემბრამდე ხორციელდებოდა და ამის შემდეგ უნდა დაგვეწყო მშენებლობა - შესაბამისი ნებართვა უკვე გამოცემულიას სსიპ - ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ. რაც შეეხება მობილიზაციის ფაზას, ის სრულად დასრულდა და ტალღმტეხისთვის საჭირო კლდოვანი მასის 70-80% უკვე შემოსულია", - განაცხადა ზურაბ სიჭინავამ.


აღსანიშნავია, რომ 2025 წლის ოქტომბრამდე ანაკლიაში მოეწყობა დროებითი ნავმისადგომი - ქვის ლოდების და ბეტონის ჯვარედინა ფორმის ბლოკების (ე.წ. „იქს ბლოკი") ტალღმტეხელის სხვადასხვა სექციებში მშენებლობისას გადასანაწილებლად. „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის" დირექტორის თქმით, 4 ივნისიდან უკვე დაიწყო „იქს ბლოკების" ადგილზე წარმოება, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ტრანსპორტირების პროცესისთვის საჭირო ვადებს და სამუშაოებს.


„იქს ბლოკების" დამზადების მიზნით, პორტის სამშენებლო ტერიტორიაზე ფუნქციონირებს ბეტონის ქარხანა, ასევე რეციკლირების დანადგარი. დღეში დაახლოებით 40 ცალი, კვირაში კი 240 ცალი „იქს ბლოკი" იწარმოება და ეს პროცესი წელიწადზე მეტხანს გაგრძელდება - საჭიროა დაახლოებით 14,000 ცალი „იქს ბლოკი". ზურაბ სიჭინავას ინფორმაციით, ამ ეტაპზე იწარმოება 3 კუბური მეტრის მოცულობის, ხოლო კონტრაქტორი კომპანია უახლოეს პერიოდში 7 კუბური მეტრის მოცულობის ბლოკების წარმოებას გეგმავს.


რაც შეეხება დეტალურ პროექტს, კონტრაქტორი კომპანიის მიერ უკვე მომზადდა ტალღმტეხელის პირველი 650 მეტრის მოწყობის პროექტი/დიზაინი. ასევე 10 აგვისტომდე დასრულდება და წარდგენილი იქნება დასამტკიცებლად დარჩენილი მონაკვეთის მოწყობის დეტალური პროექტი/დიზაინი. ამჟამად მიმდინარეობს უშუალოდ ტალღმტეხელის მშენებლობის წინა ბათიმეტრიული და ტოპოგრაფიული კვლევები.


„რაც შეეხება პროექტის მეორე ეტაპს, ის სამშენებლო და დაღრმავების სამუშაოებს მოიცავს, მიმდინარე კვირაში უკვე გამოიცა შესაბამისი სამშენებლო ნებართვა. მეორე ეტაპის ვადა თითქმის ორ წელს შეადგენს - 2027 წლის მაისში ექსპლუატაციაში უნდა მივიღოთ დაახლოებით 1400 მეტრი სიგრძის აშენებული ტალღმტეხელი და დაღრმავებული ფსკერი", - აღნიშნა ზურაბ სიჭინავამ.