31-07-2025
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, დევდორაკში დამონტაჟებული ადრეული შეტყობინების სისტემიდან, რომელიც კალაპოტში დინების მინიმალური აწევის შემთხვევაში ცვლილებას აფიქსირებს, შემოვიდა სასიგნალო შეტყობინება, - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„პროტოკოლის შესაბამისად, სასაზღვრო გამშვები პუნქტი „დარიალიდან“ უსაფრთხო ადგილზე მოხდა ევაკუაცია საპატრულო პოლიციის, საბაჟო სამსახურის, სასაზღვრო პოლიციის და ყველა იმ კერძო კომპანიის თანამშრომლის, რომლებიც დასაქმებულები არიან გამშვებ პუნქტზე.
მონიტორინგის მიზნით ადგილზე იმყოფებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა შესაბამისი დანაყოფები. დაშავებული არავინ არის.
ამავდროულად, პრევენციის მიზნით მოხდა საავტომობილო გზის დაკეტვა. მოძრაობა შეზღუდულია ორივე მიმართულებით ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.