1-08-2025
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე წარსულში ნასამართლევი პირები: 1972 წელს დაბადებული ლ.ა. და 1972 წელს დაბადებული გ.ჭ. დააკავეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„ბრალდებულები საქართველოში ევროპის ერთ-ერთი ქვეყნიდან, თბილისის აეროპორტის გავლით შემოვიდნენ. სამართალდამცველებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ლ.ა.-სთან ნაქონი მცირე ზომის ჩანთიდან ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, ხოლო გ.ჭ.-სგან ამოღებულია 336 აბი ნარკოტიკული საშუალება „სუბოტექსი“, რომელიც ბრალდებულმა საქართველოში სხეულით შემოიტანა.
პოლიციამ ორივე მათგანი ბრალდებულის სახით დააკავა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.