1-08-2025
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ფაიგ გულიევს უმასპინძლა.
მხარეებმა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სფეროებში საქართველო-აზერბაიჯანის თანამშრომლობის გაღრმავების გზებზე და ერთობლივი პროექტების განხორციელების საკითხებზე იმსჯელეს.
ხაზი გაესვა საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის მრავალწლიანი სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას. როგორც გივი მიქანაძემ აღნიშნა, ამის კიდევ ერთი ნათელი დასტურია მინისტრის რანგში მისი პირველი ოფიციალური ვიზიტი, რომელიც მოიცავდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობის წევრებთან ორმხრივ შეხვედრებს.
მხარეებმა ისაუბრეს სამუშაო ჯგუფის აღდგენის მნიშვნელობაზე, რომელიც საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სამინისტროების წარმომადგენლებს გააერთიანებს. აღინიშნა, რომ მიმდინარე წლის აგვისტოდან ჯგუფი რიგ საკითხებზე, მათ შორის ეთნიკურად აზერბაიჯანელი საქართველოს მოქალაქეების ქართულ საზოგადოებაში სრულყოფილი ინტეგრაციის კუთხით გადასადგმელ ნაბიჯებზე, მუშაობას აქტიურად დაიწყებს.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ახალგაზრდული კავშირების გაძლიერების მიზნით განხორციელებულ და დაგეგმილ ინიციატივებზე. კერძოდ, საუბარი შეეხო აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ჩატარებულ ახალგაზრდულ კვირეულს, რომელშიც ქართველმა და აზერბაიჯანელმა სტუდენტებმა მიიღეს მონაწილეობა. მინისტრის თქმით, ამჯერად ახალგაზრდებს საქართველო ანაკლიის ბანაკში უმასპინძლებს.
თავის მხრივ, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩმა მადლობა გადაუხადა მინისტრს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და ერთობლივი საგანმანათლებლო, სამეცნიერო და ახალგაზრდული პროექტების განხორციელებისთვის სრული მზადყოფნა დაუდასტურა.