1-08-2025
ძლიერმა ქარმა და წვიმამ ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში სხვადასხვა სახის პრობლემა შექმნა.
საგლოლოზე ელექტროენერგიის გადამცემი ანძა დაზიანდა და ამ დროისთვის ელექტროენერგია არ მიეწოდება სოფელ ღებს, ჭიორას და გლოლას.
სოფელ ღებში ადიდდა მდინარე ლათქიშორა, თუმცა მოსახლეობისათვის ზიანი არ მიუყენებია. ვითარება კონტროლდება. ადგილზე იმყოფებიან შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები.
სოფელ ჭიორაში მდინარე ლოღორული კალაპოტიდან ცენტრალურ გზაზე გადმოვიდა, რამაც ტრანსპორტის მოძრაობის შეფერხება გამოიწვია. ამ დროისთვის ყველა სატრანსპორტო საშუალება გადაყვანილია უსაფრთხო ადგილზე.
სოფელ წოლასა და ონჭევში ძლიერი ქარის გამო დაზიანდა საცხოვრებელი სახლები.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებიან დაზარალებულ უბნებში და ადგილზე ეცნობიან ვითარებას.
ონის მუნიციპალიტეტის მერის, სერგი ხიდეშელის განცხადებით, მოხდება ზარალის აღწერა, რის შემდეგაც შესაბამისი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული.