4-08-2025
შემოსავლების სამსახური მამუკა ხაზარაძის ოჯახის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გერმანიის ელჩისთვის იჯარით გაცემის საკითხთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საკითხის ანალიზისას გამოვლინდა შესაძლო საგადასახადო კანონდარღვევა, რის გამოც შემოსავლების სამსახურმა ფაქტების მოკვლევა დაიწყო.
„მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია მამუკა ხაზარაძის ოჯახის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩისთვის, ერნსტ პეტერ ფიშერისთვის სავარაუდოდ იჯარით გაცემისას საგადასახადო ვალდებულებისგან შესაძლო თავის არიდების თაობაზე.
საჯარო სივრცეში გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ აღნიშნული საკითხის ანალიზისას გამოვლინდა შესაძლო საგადასახადო კანონდარღვევა, რის გამოც შემოსავლების სამსახურმა უკვე დაიწყო ფაქტების მოკვლევა და ინფორმაციის სრულყოფილად შესწავლის მიზნით გატარდება კანონით განსაზღვრული საგადასახადო კონტროლის ღონისძიებები“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.