4-08-2025
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, დაკავებულები არიან თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები: 1997 წელს დაბადებული ა.თ., 2003 წელს დაბადებული ე.ჩ. და 2000 წელს დაბადებული დ.ი.
შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების, მათ შორის ბრალდებულების პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“ და ფსიქოტროპული ნივთიერება „პრეგაბალინი“.
პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია მცირე ზომის ელექტრო სასწორი.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 261-ე მუხლებით მიმდინარეობს.
აღნიშნული დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.