22-11-2018
გავლენიანი ამერიკული გამოცემის, «The Washington Post»-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში, რომელიც ჟურნალისტურ კვლევას წარმოადგენს, რუსული „შავი ფულის“ მიმოქცევის სქემაა გადმოცემული - მოსკოვიდან ცხინვალში, ცხინვალიდან კი დონბასში, უკრაინის სეპარატისტულ რეგიონში. მასში საუბარია აგრეთვე „სამხრეთ ოსეთის“ ეკონომიკურ მდგომარეობაზე, სამხედრო მნიშვნელობაზე რუსეთისათვის და ა.შ.
საინფორმაციო პორტალი region.ge გთავაზობთ გამოცემის მოსკოვური ბიუროს ხელმძღვანელის, ანატოლი ტროიანოვსკის ავტორობით გამოქვეყნებული მასალის ქართულენოვან რეზიუმეს:
„იზოლირებული, ომის შედეგად ჭრილობებმიყენებული ანკლავი, რომელიც კავკასიის მთებში მდებარეობს, რუსეთის ჩრდილოვანი ფინანსური იმპერიის ფალულ გზაჯვარედინს წარმოადგენს. კრემლი დიდი ხნის განმავლობაში აფინანსებს პოსტსაბჭოთა რესპუბლიკების - მოლდოვას, საქართველოსა და უკრაინის შემადგენლობაში არსებულ სეპარატისტულ პრორუსულ სახელმწიფოებრივ წარმონაქმნებს. მოსკოვისათვის მთავარი მიზანია აღადგინოს რუსეთის გავლენა და ხელი შეუშალოს პოსტსაბჭოთა ქვეყნების დრეიფს დასავლეთისაკენ. ნახევრადსახელმწიფოები რუსეთისათვის იმდენად მნიშვნელოვანი გახდა, რომ მათთვის ფარული ფინანსური სისტემაც კი შეიქმნა, რომელიც ასეულ კილომეტრზე მდებარე რეგიონებს ერთმანეთთან აკავშირებს, საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლით“, - ნათქვამია სტატიაში, რომელშიც ავტორი ესაუბრება პოლიტიკურ და საქმიან ლიდერებს, რომლებიც ამ იმპროვიზებულ საბანკო სისტემას იყენებენ და რომელიც სამხრეთ ოსეთზე გადის, საქართველოს თვითგამოცხადებულ სეპარატისტულ რეგიონზე.
ავტორი კონკრეტულად ასახელებს იმ ფინანსურ დაწესებულებას, რომელიც „სამხრეთ ოსეთში“ ფულის უკანონოდ გადარიცხვებში მონაწილეობს - საერთაშორისო ანგარიშების ბანკი, ცხინვალში, სტალინის ქუჩაზე. „ფინანსური სამკუთხედი ასე მოქმედებს: დონბასიდან ფული შედის ცხინვალში („სამხრეთ ოსეთს“ დონბასელ სეპარატისტთა „დამოუკიდებლობა“ აღიარებული აქვს), ცხინვალიდან იგზავნება მოსკოვში (მსგავსი დასახელების მქონე ბანკში), რომლის მეშვეობითაც ხდება ფულის დასაქონლება, ანუ სხვადასხვა პროდუქციის შესყიდვა. საქონელი სატვირთო ავტომანქანებით მიაქვთ რუსეთ-უკრაინის საზღვრამდე და ასეთი გზით შედის სეპარატისტებთან).
„ვაშინგტონმა სანქციები დაუწესა სამხრეთ ოსეთში დარეგისტრირებულ კომპანიას „ვნეშტორგსერვისს“, რომელიც დონბასიდან ქვანახშირის ექსპორტს ეწევა რუსეთის გავლით. სამხრეთ ოსეთი ერთგვარ „ოფშორულ ზონად“ იქცა კომპანიებისათვის, რომლებიც უკანონო ბიზნესს ეწევიან... რა თქმა უნდა, სამხრეთ ოსეთის მზარდი როლი რუსეთთან უკანონო ფინანსურ კონტაქტებში საქართველოს რთულ მდგომარეობაში აყენებს. საქართველოს მთავრობა, ისევე როგორც დასავლეთის სხვა სახელმწიფოები, სამხრეთ ოსეთს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიად მიიჩნევს, მაგრამ ქართველი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ არ სურთ დიდი ხმაურის გამოწვევა [უკანონო ფინანსურ ოპერაციებთან] დაკავშირებით.
თბილისს დღემდე არ აქვს აღდგენილი დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთთან, მაგრამ ეკონომიკური ურთიერთობა თანდათან ვითარდება, ვაჭრობით და ტურიზმით საქართველოს ბიუჯეტში მნიშვნელოვანი თანხები შედის. საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ მას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ხალხებთან შერიგება სურს: „დიახ, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია ფულის ნაკადებზე სამხრეთ ოსეთსა და უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონს შორის“, - ამბობს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ტელეფონით საუბრის დროს, - მაგრამ ამჟამად ბევრს ვერაფერს ვაკეთებთ“. უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში არსებულმა სეპარატისტულმა მთავრობებმა „ვაშინგტონ პოსტის“ ჟურნალისტს ტერიტორიაზე შესვლის ნება არ დართეს და ტელეფონით საუბარზეც უარი უთხრეს.
„სამხრეთ ოსეთი კავკასიის მთების სიღრმეში კრემლისათვის სამხედრო ფორპოსტად ითვლება“, - აღნიშნავს ავტორი და მოკლედ აღწერს ცხინვალის ახლოს დისლოცირებული სამხედრო ბაზის შექმნის ისტორიას 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ.
ანატოლი ტროიანოვსკი ეხება კრემლის მიერ სეპარატისტების მართვის მექანიზმსაც:
„კრემლის მთავარ წარმომადგენლად საქართველოსა და უკრაინის სეპარატისტულ რეგიონებში ვლადისლავ სურკოვი ითვლება, რომელიც ამჟამად ვლადიმერ პუტინის პირად მრჩევლად მუშაობს. იგი მჭიდროდაა დაკავშირებული აფხაზეთთან, სამხრეთ ოსეთთან, დონბასელ სეპარატისტებთან. აგვისტოში ვლადისლავ სურკოვმა, როცა იგი რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლად აღიარების 10 წლისთავის ზეიმს ესწრებოდა ცხინვალში, განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთმა დიდი გმირობა გამოიჩინა „დონეცკ-ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების“ აღიარებით“ - როცა კიევის რეჟიმს მათთვის ეკონომიკური ბლოკადა აქვს გამოცხადებული, ცხინვალის დახმარება მაშველი რგოლს ნიშნავსო.
ვლადისლავ სურკოვმა უარი განაცხადა „ვაშინგტონ პოსტის“ წარმომადგენელთან ინტერვიუზე. „იმ დროს, როცა „ვაშინგტონ პოსტის“ ჟურნალისტი ცხინვალში ანატოლი ბიბილოვს ესაუბრებოდა, მაგიდაზე მდგარმა ტელეფონმა დარეკა, რომელსაც არც კლავიატურა ჰქონდა, არც რაიმე ციფერბლატი. ანატოლი ბიბილოვმა ინტერვიუ შეწყვიტა. მან ყურმილი აიღო და სანამ კაბინეტიდან [მეორე ოთახში] გავიდოდა, მან „სურკოვი“ ახსენა. რამდენიმე წუთის შემდეგ დაბრუნდა და თქვა, რომ ბიზნესის საკითხებზე ვისაუბრეო“, - წერს ავტორი პუბლიკაციის დასასრულს.