22-08-2025
ახალქალაქის ზაზა ფერაძის სახელობის საწყის საბრძოლო მომზადების ცენტრსა და ვაზიანის სამხედრო ბაზაზე, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში 8 თვის ვადით გაწვეულმა პირებმა საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი დაიწყეს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს ცნობით, წვევამდელები საბრძოლო მომზადების პირველ 8-კვირიან ეტაპზე სპეციალურ მომზადებას გაივლიან: შეისწავლიან სხვადასხვა სამხედრო დისციპლინას და გაეცნობიან ჯარისკაცის მოვალეობებს. კურსის დასრულების შემდეგ, სამხედრო ფიცს დადებენ და ტერიტორიული პრინციპით თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფში გადანაწილდებიან.
ზაზა ფერაძის სახელობის საწყის საბრძოლო მომზადების ცენტრში შესვლის პირველივე დღეს წვევამდელებს სპეციალური ინსტრუქტაჟი ჩაუტარდათ და აღჭურვილობის მიღების შემდეგ ყაზარმებში განთავსდნენ.
საქართველოს მასშტაბით, სსიპ სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს რეგიონულ ცენტრებში ჯამში 590 წვევამდელი გაიწვიეს. ახალგაზრდები ცენტრებში მშობლებთან და ოჯახის წევრებთან ერთად გამოცხადდნენ. დამშვიდობებისა და ერთობლივი ფოტოს გადაღების შემდეგ წვევამდელები, თავდაცვის სამინისტროს უზრუნველყოფით, ვაზიანისა და ახალქალაქის ქვედანაყოფებში განაწილდნენ.