22-11-2018
რუსთავის ისტორიულ მუზეუმში, რუსთავისა და ქვემო ქართლის მხატვართა გაერთიანება ,,გამა“-ს წევრთა ნამუშევრების ალბომის პრეზენტაცია გაიმართა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ რუსთავის მერიიდან აცნობეს, პრეზენტაციას, ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე კახა კობერიძე, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, მხატვრები, სკულფტორები და სხვა მიწვეული სტუმრები დაესწრნენ.
,,ქვემო ქართლში არაერთი ნიჭიერი ხელოვანი, მხატვარი და მოქანდაკე საქმიანობს, რომლებიც შესანიშნავ ნამუშევრებს ქმნიან. ეს ნამუშევრები დაცულია არაერთ მუზეუმში, შესულია ძალიან ავტორიტეტულ კატალოგებში. ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციისა და მხარეში შემავალი მუნიციპალიტეტების თანადგომით, გადაწყდა გამოცემულიყო მათი ნამუშევრების ალბომი, სადაც თავმოყრილია მხარეში მოღვაწე 70 მხატვრისა და მოქანდაკის სახვადასხვა ნამუშევარი. მე ვფიქრობ, რომ ამ კატალოგის გამოცემა, კარგი საქმეა და ხელს შეუწყობს ჩვენი ხელოვანების ცნობადობის გაზრდას არა მხოლოდ მხარესა და ქვეყანაში, არამედ ქვეყნის ფარგლებს გარეთაც“, - განაცხადა ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე კახა კობერიძემ.
რუსთავის მერიის ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში, სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ,,გამას“ წევრი მხატვრებისა და სკულფტორების ნამუშევრებს, მუზეუმის საგამოფენო სივრცეში გაცნობოდნენ.
ორენოვანი ალბომი, ქვემო ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის ინიციატივითა და რეგიონის მუნიციპალიტეტების აქტიური მხარდაჭერით გამოიცა.