გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

მარნეულის წყალმომარაგება-წყალარინებისა და ბოლნისის წყალარინების სისტემის მშენებლობა იწყება

22-11-2018

საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი მარნეულის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას შეხვდა და წყალმომარაგების დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

 

ღონისძიებას მინისტრის მოადგილეები, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მენეჯმენტი, მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატი და თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.

 

„ჩვენთვის ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია მოსახლეობასთან ასეთი ღია და გახსნილი დიალოგი. ეს არის უკვე ტრადიციად ქცეული შეხვედრები, გაზაფხულიდან დავიწყეთ ძალიან აქტიური კომუნიკაცია ადგილობრივ თვითმმართველობასთან, დეპუტატებთან, გუბერნიასთან იმისთვის, რომ ის პრობლემები, რომლებიც წლების განმავლობაში დაგროვილი იყო მოსახლეობაში, გაგვეთვალისწინებინა შესაბამის პროექტებში 2019 წლის ბიუჯეტში“,-განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

 

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მოსახლეობამ, უწყების წარმომადგენლებისგან, პროექტებზე დეტალური ინფორმაცია მიიღო.

 

როგორც ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია მარნეულის წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის, ბოლნისის კოლექტორისა და წყალარინების სისტემის სამობილიზაციო სამუშაოებს დეკემბერში დაიწყებს. სამშენებლო სამუშაოები მომავალი წლის პირველ კვარტალში დაიწყება.

 

ხელშეკრულებას ხელი გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასა და აზერბაიჯანულ კომპანია „Akelik Group“ -ს შორის მოეწერა.

 

„დღეს გვქონდა შესაძლებლობა მოსახლეობისთვის ინფორმაციის სახით მოგვეტანა იმ პროექტების ჩამონათვალი, რომლების განხორციელებასაც 2019 წლისთვის ვგეგმავთ. მთავარი და ყველაზე დიდი პრობლემა, რაც მარნეულის მოსახლეობას აწუხებდა იყო წყალი. წყალმომარაგება ათწლეულების განმავლობაში გადაუჭრელი საკითხი იყო, თუმცა ამ რეგიონის წყალმომარაგების პროექტი საკმაოდ ძვირი - 55 მილიონი დოლარი ჯდება, მასში შედის მარნეულის წყალმომარაგებისა და წყალარინების და ბოლნისის წყალარინების პროექტი, რომლის შედეგადაც 35 200 ადამიანს ექნება არა 5-6 საათიანი წყალმომარაგება როგორც დღეს აქვთ, არამედ - 24 საათიანი. საკმაოდ დიდი დრო დაგვჭირდა იმისთვის, რომ დონორებთან გაგვემართა მოლაპარაკებები ამ თანხების მოძიებასთან დაკავშირებით. აზიის განვითარების ბანკის დახმარებით უკვე გამოვავლინეთ გამარჯვებული მარნეულის და ბოლნისის ტენდერში და დღეს კომპანიის წარმომადგენელიც გვახლდა ამ შეხვედრაზე“,-აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.

 

ამ დროისთვის, მარნეულის მოსახლეობის 83 პროცენტს სასმელი წყალი 5-6 საათიანი გრაფიკით მიეწოდება. პროექტის დასრულების შემდეგ, ქალაქ მარნეულისა და მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლების 35 200-მდე მაცხოვრებელი სტაბილური, ხარისხიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.

 

რაც შეეხება წყალარინების ინფრასტრუქტურას, დღეის მდგომარეობით, სოფელ ყიზილაჯლოში კანალიზაციის სისტემა არ არსებობს, მარნეულში მოსახლეობის დაახლოებით 25 და ბოლნისში - 40 პროცენტი სარგებლობს წაყალარინების ინფრასტრუქტურით. პროექტის დასრულების შემდეგ, კანალიზაციის გამართული ინფრასტრუქტურით ისარგებლებს მარნეულის, ბოლნისისა და სოფელ ყიზილაჯლოს 38 000-მდე მოსახლე.

 

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სატუმბი სადგურისა და სამი ახალი რეზერვუარის მშენებლობა, მაგისტრალური მილის და შიდა ქსელების მოწყობა, ამორტიზებული მილების ახლით ჩანაცვლება. ასევე, ახალი საკანალიზაციო მილების მოწყობა (121კმ) და წყალარინების სატუმბი სადგურის მშენებლობა.

 

პროექტს, ურბანული მომსახურების გაუმჯობესების ინვესტირების პროგრამის ფარგლებში, აზიის განვითარების ბანკი 55,940,022 დოლარით აფინანსებს. სამშენებლო სამუშაოებს აზერბაიჯანული კომპანია ,,Akelik Group” განახორციელებს. კომპანია 2011 წლის მაისში შეიქმნა. მის ძირითად საქმიანობას წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის მოწყობა, მელიორაცია, ჰიდრავლიკური სტრუქტურების, ასევე, ხიდებისა და გზების მშენებლობა წარმოადგენს. პროექტის დასრულება 2021 წლის მარტში იგეგმება.

 

დაგეგმილია, ასევე ქალაქ დმანისის წყალარინებისა და წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პროექტირება. ამჟამად მიმდინარეობს ტექნიკური დავალების მომზადება. პროექტირებაზე ტენდერი 2019 წლის დასაწყისში გამოცხადდება. პროექტი მოიცავს ორმოცწყარო -მაშავერას წყალმომარაგების სისტემასაც.


ipn.ge