23-11-2018
„რუსეთის პრეზიდენტის მორიგი შეხვედრა აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელთან, რაულ ხაჯიმბასთან წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეშ უგულვებელყოფას. ეს არის კრემლის მორიგი უკანონო მცდელობა, მოახდინოს საოკუპაციო რეჟიმების ლეგიტიმაცია და 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებების პირდაპირი დარღვევით, დააკანონოს საკუთარი კონტროლი ოკუპირებულ რეგიონებზე“-- აღნიშნულის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ვლადიმერ კონსტანტინიდმა, 21 ნოემბერს სოჭში რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისა და აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლის, რაულ ხაჯიმბას შეხვედრის შეფასებისას განაცხადა.
ვლადიმერ კონსტანტინიდმა აღნიშნა, რომ რუსეთის მსგავსი მცდელობები უშედეგოა, ვინაიდან საერთაშორისო თანამეგობრობა არასდროს შეეგუება საქართველოს განუყოფელი რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის უკანონო აღიარებას.
„საერთაშორისო თანამეგობრობა კარგად ხედავს და შესაბამისად აფასებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის დესტრუქციულ პოლიტიკას, რომელიც საფრთხეს უქმნის რეგიონალურ უსაფრთხოებას. არავის უნდა ჰქონდეს იმედი, რომ მზარდი მილიტარიზაციის, ადამიანის უფლებების დარღვევის, გატაცებების, წამების და სხვა მსგავსი ფაქტები უყურადღებოდ და რეაქციის გარეშე დარჩება“- - განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა მუდმივად მოუწოდებს რუსეთს, უკან წაიღოს თავისი უკანონო გადაწყვეტილება ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ და ურყევად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიული მთლიანობას და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების არაღიარების პოლიტიკას. მისივე განცხადებით, ეს თვალსაჩინოდ აისახება როგორც ცალკეული ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან გაკეთებულ საჯარო განცხადებებსა და დოკუმენტებში, ასევე მათ ქმედით ნაბიჯებში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიმართულებით.
ვლადიმერ კონსტანტინიდმა ასევე ყურადღება გაამახვილ 21 ნოემბერს, ბრიუსელში გამართულ უმაღლესი დონის შეხვედრაზე და აღნიშნა, რომ ასეთი მაღალი დონის შეხვედრა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ დასავლელი პარტნიორების მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკის მხარდაჭერა მზარდი და ურყევია.