23-11-2018
9 წლის ნანა ბერიაშვილის მკვლელობაში ბრალდებული იაგო ნებიერიძის კიდევ ერთი მსხვერპლი პირველად ათი წლის შემდეგ იხსენებს, როგორ დაესხა თავს მას ბერიანიძე და სასტიკად გაუსწორდა. ახალგაზრდა ქალმა 10 წლის წინ მომხდარი შემთხვევის დეტალები სააგენტო "კვირასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში გაიხსენა და თქვა, რომ ის სასწაულით გადაურჩა სიკვდილს:
"სამსახურიდან სახლში ვბრუნდებოდი და უკნიდან მომეპარა ვიღაც, ჩანთას მართმევდა. წინააღმდეგობა გავუწიე და ხელი მკრა, ძირს დამაგდო და სახეში წიხლი ჩამარტყა, თავის არეში მძიმე დაზიანებები მომაყენა, ჩემი მოკვლა უნდოდა... ოთხჯერ ჩამარტყა წიხლი სახეში. საშველად რომ დავიყვირე, მეზობელი გამოიქცა და ეს რომ დაინახა გაიქცა. მაგრამ თავში ჩარტყმა მოასწრო, ჩანთა გაიტაცა. მე მისი სახე დავინახე...
საშინლად ვიყავი. თავზე რამდენიმე ჭრილობა მაქვს ახლაც. ხელი რომ მოვიკიდე, ხორცები ეკიდა, სისხლი მომდიოდა... მეც განწირული ვყავდი სასიკვდილოდ, ღვთის წყალობით გადავრჩი..." - იხსენებს მომხდარის დეტალებს ი.ბ.
ი.ბ. ამბობს, რომ მალევე პოლიციაში დაიბარეს და მან მაშინვე ამოიცნო თავდამსხმელი იაგო ნებიერიძე, რომელსაც მაშინ რამდენიმე მუხლით წაუყენეს ბრალი და 17 წელი მიუსაჯეს.
დაზარალებული ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც 9 წლის გოგონას მკვლელობის ამბავი გაიგო, 10 წლის წინანდელი საშინელი შემთხვევა გაახსენდა:
"ახლა რომ გავიგე ეს ამბავი და შემდეგ რომ დავინახე მისი სახე, ხელახლა განახსენდა ყველაფერი. მინდა, უმკაცრესად დაისაჯოს, უნდა მოიხადოს ეს სასჯელი ბოლომდე!" - ამბობს დაზარალებული ი.ბ.
იაგო ნებიერიძეს წაყენებული აქვს ბრალი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე. ასევე, მიმდინარეობს 14 წლის წინ გაუჩინარებული ზაქრო ბერძნიშვილის ძიება, რომლის საქმეშიც, სავარაუდოდ ასევე ნებიერიძე ფიგურირებს.