გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

„თბილავიამშენის“ ყოფილი აქციონერები: „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მთელი სიმძიმე საკუთარ თავზე ვიწვნიეთ

23-11-2018

„ჩვენ საკუთარ თავზე ვიწვნიეთ „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მთელი სიმძიმე, რამაც შელახა ჩვენი, როგორც აქციონერთა უფლებები, გაგვიჩინა წარმოუდგენელი უსამართლობისა და დაუცველობის განცდა და მნიშვნელოვნად დააზარალა ქვეყნის ინდუსტრიული პოტენციალი და საინვესტიციო იმიჯი. 2010 წელს სააკაშვილის რეჟიმმა იძულების, მუქარისა და ზეწოლის გზით 26 აქციონერს წაგვართვა ქარხანა, რომელიც საქართველოში იმ პერიოდისათვის ერთ-ერთი წარმატებული საწარმო იყო, რაზეც მეტყველებს ჩვენ მიერ განხორციელებული პროექტები, საბიუჯეტო შენატანები, დასაქმების და ექსპორტის მაჩვენებლები“-ამის შესახებ განცხადებას „თბილავიამშენის“ (ყოფილი 31-ე ქარხანა) აქციონერები ავრცელებენ.


„რეჟიმის ცვლილების შემდეგ ამ საკითხზე ჩვენ უკვე ექვსი წლის განმავლობაში ვაწარმოებთ სასამართლო დავას, თუმცა ჯერ-ჯერობით რეალური ხელშესახები შედეგები არ დამდგარა.


ამის მიუხედავად, ამ მომენტში, როდესაც შესაძლოა ქვეყანაში რთული პოლიტიკური ვითარება შეიქმნას, მიგვაჩნია, რომ ჩვენი სამართლიანი კერძო ინტერესები ემთხვევა ქვეყნის საერთო ინტერესებს და მდგომარეობს დაწყებული ბრძოლის გაგრძელებაში მომავლისთვის და არა წარსულში დაბრუნებაში. თუკი ზოგადად გვინდა სამომავლოდ ინდუსტრიისა და მაღალტექნოლოგიური სექტორის განვითარება და ამასთან ერთად სამართლიანი სახელმწიფოს ჩამოყალიბება და განვითარება, მიგვაჩნია, რომ ყოვლად დაუშვებელია ნაციონალური მოძრაობის დაბრუნება მმართველობაში.


ჩვენ მტკიცედ ვართ დარწმუნებულნი ჩვენს სიმართლეში და, რა თქმა უნდა, ჩვენი უფლებებისთვის განვაგრძობთ ბრძოლას, თუმცა მივიჩნევთ, რომ ამისათვის აუცილებელია არ მოხდეს ძველი რეჟიმის აღდგენა“-აცხადებენ ყოფილი აქციონერები.


განცხადებას ხელს ყოფილ აქციონერთა სახელით პანტიკო თორდია, ნოდარ ბერიძე და კახაბერ ჟღენტი აწერენ.