25-11-2018
ზესტაფონის სამშენებლო კოლეჯის პროექტი არის კერძო-საჯარო პარტნიორობის საუკეთესო მაგალითი. მსგავსი პროექტები რეგიონში ხელს შეუწყობს დასაქმებას მომავალში და კადრების პროფესიულად მომზადებას, რაც მნიშვნელოვანი იქნება სამშენებლო სექტორის განვითარებისთვის. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ მსგავსი ინიციატივები სხვა სექტორებიდანაც წამოვა, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ ჟურნალისტებთან საუბარში ზესტაფონში, სამშენებლო კოლეჯის "კონსტრუქტ2"-ის გახსნის ცერემონიაზე.
“კონსტრუქტ2” საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და დეველოპერული კომპანია “m2 უძრავი ქონების” საერთო პროექტია, რომლის სრული საინვესტიციო ღირებულება 3 მილიონი ლარია. 11 მოკლევადიანი პროფესიული პროგრამით კოლეჯი ყოველწლიურად 600-მდე სერტიფიცირებულ სპეციალისტს, ხოლო სახელმწიფო პროგრამით კი, დიპლომირებულ შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების სპეციალისტებს მოამზადებს. პროექტის ფარგლებში კოლეჯი 50 - მდეაკადემიურ და 30 - მდე ადმინისტრაციულ კადრს დაასაქმებს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ კოლეჯში გადამზადებულ კადრებს კომპანია “m2 უძრავი ქონება” დაასაქმებს. ამავე დროს, საქართველოს სხვა სამშენებლო კომპანიებსაც ექნებათ შესაძლებლობა, დაასაქმონ ზესტაფონის კოლეჯში გადამზადებული კადრები, რადგან ისინი იქნებიან მაღალკვალიფიციური და კონკურენტული შრომის ბაზარზე.
სამშენებლო კოლეჯი პირველ ნაკადს 2019 წლიდან მიიღებს.