26-11-2018
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ ლამი-მისაქციელის სარწყავი სისტემის რეაბილიტაციას ახორციელებს.
პროექტის ფარგლებში, არხების ფილტრაციის საწინააღმდეგო ღონისძიებები 2030 მეტრი სიგრძის მონაკვეთზე მიმდინარეობს. მონტაჟდება ახალი, რკინა-ბეტონის ფილები; ეწყობა მაგისტრალური არხის ჩამქრობი ჭა და ბერმები.
ლამი-მისაქციელის სარწყავი სისტემა მცხეთა-მთიანეთის რეგიონის 15 სოფელს (წითელსოფელს, ნაოზას, აღდგომლიანთკარს, მისაქციელს, ნატახტარს, ახალუბანს, წილკანს, ერედა, ძალისს, მუხრანს, ქანდას, ჩარდახს, წეროვანს, გოროვანსა და ვარდისუბანს) ემსახურება.
სარწყავი სისტემა 5 000 ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობს რწყავს.
ბოლო 6 წლის განმავლობაში მცხეთა-მთიანეთის რეგიონში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 13 სარეაბილიტაციო პროექტი დასრულდა. შედეგად, დამატებით წყალუზრუნველყოფილია 4 660 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი, სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდა 1 600 ჰექტარზე, ხოლო დრენირებული მიწის ფართობი შეადგენს 3 400 ჰექტარს.