26-11-2018
„როგორი იქნება უკრაინის ეკლესიის ბედი - მიიღებს ავტოკეფალურ სტატუსს თუ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მიტროპოლიად დარჩება, ამას მსოფლიო მასშტაბით მაინცდამაინც დიდი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარი აქ სხვაა - ვინც ამ ინტრიგების უკან დგას, მას ისეთი იარაღი აქვს, რომელიც უკვე გამოსცადა და მომავალშიც გამოიყენებს, ვთქვათ, „ფერადი რევოლუციების“ რეცეპტების მსგავსად. ამგვარი სცენარი შეიძლება სხვა მართლმადიდებლურ ქვეყნებშიც იქნეს გამეორებული, განსაკუთრებით რუსეთთან ახლოს რომლებიც მდებარეობენ და მოსკოვთან კეთილი მეგობრობის ისტორია აკავშირებთ. ყველგან შეიძლება მოინახოს ადგილობრივი კადრები, რომლებიც ავტოკეფალიის სარჩულით, მზად იქნებიან განხეთილება მოახდინონ თავიანთი ქონებრივი თუ რეიტინგული ამბიციების დაკმაყოფილების მიზნით“-ასე იწყება რუსული გამოცემის, «Комсомольская правда»-ს მიერ სერგეი სტრელცოვის ავტორობით გამოქვეყნებული სტატია, რომლის ქართულენოვან, მცირედ შემოკლებულ ვერსიას საინფორმაციო პორტალი region.ge გთავაზობთ:
ერთ-ერთ ასეთ პოტენციურ კერად შეიძლება აფხაზეთი იქცეს. უკვე რამდენიმე წელია აფხაზური ეკლესია ორ ნაწილადაა გაყოფილი: ტრადიციულ აფხაზურ მართლმადედებელ ეკლესიად და „რასკოლნიკურ“ „აფხაზეთის წმინდა მიტროპოლიად“, დოროთეს მეთაურობით (ერობაში - დიმიტრი დბარი), რომელმაც კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართლომესაგან ავტოკეფალური სტატუსის მიღებას ცდილობს.
დოროთემაც და მისმა თანამოაზრე იერომონახმა ანდრეიმაც (ერობაში - ანდრია ამპარი), ბერად აღკვეცისა და რუსეთიდან აფხაზეთში დაბრუნების შემდეგ, სადაც მათ განათლება რუსული ეკლესიის სასულიერო სასწავლებელში მიიღეს, თითქმის პირველივე დღეებიდანვე საკუთარი კონფესიის წინააღმდეგ გამოსვლები დაიწყეს. სწორედ მათ მოიწვიეს 2011 წელს ახალ ათონში ე.წ. „საეკლესიო-სახალხო კრება“, რომლის შედეგად ე.წ. „აფხაზეთის წმინდა მიტროპოლია“ დაარსდა. დოროთემ და ანდრეიმ დაივიწყეს ის, თუ ვინ მისცა მათ „ცხოვრების საგზური“ და მშობლიური, ანუ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ ცილისმწამებლური პროპაგანდისტული კამპანია გააჩაღეს. დოროთე იმის თქმასაც არ ერიდებოდა, რომ აფხაზეთის ტრადიციული მართლმადიდებელი ეკლესიის ხელმძღვანელი ბესარიონი (აპლია) „მოსკოვის საპატრიარქოსთან დანაშაულებრივი გარიგება აქვს დადებული, რომ აფხაზი ხალხის მთელი საეკლესიო ქონება მიისაკუთროს, ეკლესია-მონასტრების ჩათვლითო“. ამას ამბობდა ის პიროვნება (დოროთე), რომელმაც და რომლის თანამზრახველებმა შვიდი წლის წინათ ახალი ათონის მონასტერი მიისაკუთრეს და თხოვნის მიუხედავად, იქიდან გამოსვლას არ აპირებენ. რაც შეეხება ბესარიონის მიმართ გაჟღერებულ აბსურდულ ბრალდებებს „მოღალატეობის“ თაობაზე, ამ შემთხვევაში „დოროთე და ძმანი მისნი“ ორმაგ ცინიზმს ეწევიან: სწორედ ბესარიონმა მიუძღვნა მთელი თავისი მოღვაწეობა მრევლის მდგომარეობის გაუმჯობესებას, ეხმარებოდა რიგით აფხაზებს და ხელს უწყობდა ეკონომიკური ბლოკადის სიმძიმეების გადატანას. სხვათა შორის, შორეულ 1992 წელს სწორედ ბესარიონის მცდელობის შედეგად გაიგზავნენ თვითომ დოროთე და ანდრეი მოსკოვში სასწავლებლად...
ის, რაც დღეს ხდება ახალი ათონის მთავარ ტაძარსა და მონასტერში, რომლის რესტავრაციაზე გასული საუკუნის 90-იან წლებში რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ დიდი თანხები დახარჯა, ან რა დაემართათ მსოფლიოში ცნობილ უნიკალურ ფრესკებს, ზუსტად არავინ იცის. სპეციალისტები შიშობენ, რომ შეიძლება ისინი უკვე შეუქცევადად ნადგურდებიან, მაგრამ არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ... ეკლესიათაშორისო უთანხმოების გამო.
უნდა ითქვას, რომ აფხაზეთის ტრადიციული მართლმადიდებელი ეკლესია ერთგვარ გაორებულ მდგომარეობაში იმყოფება. ერთი მხრივ, ის ორიენტირებულია მოსკოვის საპსტრიარქოზე და მას მხარს მრავალ საკითხში უჭერს, მაგრამ მეორე მხრივ, იურიდიულად, აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქციის ქვეშაა და ქართული ეკლესიის კანონიკურ საზღვრებში შედის. სხვათა შორის, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია აღიარებს ამ იურისდიქციას და აფხაზურ მრევლს ქართული ეკლესიის ნაწილად თვლის. „დოროთე და მის ძმებს“ არც რუსული და ქართული ეკლესიების კეთილი ურთიერთობა არ მოსწონთ, მაგრამ ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებენ: ერთი მხრივ, გაჰყვირიან, რომ „ბესარიონი მოსკოვს მიეყიდა და ყველა ეკლესიის ხელში ჩაგდება უნდაო“ და მეორე მხრივ, „მოსკოვს განზრახული აქვს საქართველოს ჯერ აფხაზების სული მიჰყიდოს, შემდეგ კი მთელი აფხაზეთიო“.
ახალათონელ „ავტოკეფალისტებს“ მოკლე მახსოვრობა აღმოაჩნდათ და სრულიად დაავიწყდათ, რომ არცთუ დიდი ხნის წინათ ისინი თვითონაც ქართველ ღვთისმსახურებთან „იკვებებოდნენ“ და სრულიად იგნორირებენ იმ ფაქტს, რომ ყოველი მართლმადიდებელი ეკლესიის სტატუსისა და კანონიკური საზღვრების ცვლილება არ შეიძლება ცალმხრივად მოხდეს, ის მხოლოდ დიალოგის მონაწილე ყველა მხარის თანხმობით უნდა განხორციელდეს. სხვათა შორის, სწორედ ამას აკეთებს კონსტანტინოპოლი, რომელიც კანონიკურ საზღვრებს არღვევს. მისგან განსხვავებით, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია პატივს სცემს ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას და მოსკოვის საპატრიარქოს იურისდიქციას აფხაზეთში ცალმხრივად არ ამყარებს.
მაგრამ „აფხაზეთის წმინდა მიტროპოლიის“ ლიდერებისათვის ეკლესიურ კანონებს მნიშვნელობა არ აქვთ, ისინი ნაბიჯ-ნაბიჯ არღვევენ აფხაზეთის მართლმადიდებლური ცხოვრების მყიფე ბალანსს და საპატრიარქოებს შორის კონფლიქტის პროვოცირებას ახდენენ. ძნელია ვერ შეამჩნიო პირადული მოტივი მათ სწრაფვაში. დოროთე (დიმიტრი) დბარს პირადი პრიმიტიული ამბიციების გარდა (სრულფასოვანი ეპისკოპოსობა უნდა!), „თავისი“ აფხაზური ეკლესიის დამოუკიდებლობაც სურს რუსეთისა და საქართველოს ეკლესიებისაგან. მას უნდა, რომ თვითონ განახორციელოს სრულად ყველა საეკლესიო ფუნქცია, რასაც კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბართლომე გაგებით ეკიდება. ტყუილად კი არ დადიან დოროთე და მისი თანამზრახველები სტამბოლში და ადგილობრივ იერარქებს ხვდებიან...
ცნობილი ისტორიკოსის, აღმოსავლეთმცოდნე მიხეილ იაკუშევი შექმნილ ვითარებას ასეთ კომენტარს უკეთებს: „დღეს პირველად დგას „რასკოლნიკებისათვის“ ავტოკაფალიის მიცემის საკითხის, მაგრამ ისინი არცერთ ეკლესიას არ უღიარებია, თვით ბართლომესაც კი. სამწუხაროდ, იგი იმ ძალების ზეწოლის ქვეშ იმყოფება, რომლებიც კონსტანტინოპოლის საპატრიარქოთი მანიპულირებენ“. მიხეილ იაკუშევს ეთანხმება ბესარიონიც, რომლის აზრით, ბართლომეს მცდელობას თავისი ხელისუფლების მთელი მსოფლიოს მართლმადიდებლებზე გავრცელების მიზნით (ისე, როგორც რომის პაპი კათოლიკეებზე), შეუძლია კატასტროფამდე მიიყვანოს არა მხოლოდ სლავური ხალხები, არამედ მსოფლიო მართლმადიდებლობაც: „ყველა ის გამოწვევა, რომლებიც კონსტანტინოპოლიდან მოდის, ნაკარნახევია ოკეანის იქიდან და პირველ რიგში მიმართულია რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ, მისი ავტორიტეტის დარღვევის მიზნით საერთაშორისო არენაზე“.
ამ მიზნის მისაღწევად კი გამოდგება არა მხოლოდ პატივმოყვარეობა და პირადი ამბიციები, არამედ ყოველი ბიწიერება იმ ადამიანებისა, რომლებიც მზად არიან სხვის ნება-სურვილის შემსრულებლად, მარიონეტებად იქცნენ გამოცდილ მოთამაშეთა ხელში.