27-11-2018
ქუთაისში, ბუხაიძის 25 ნომერში, რამდენიმე ავტოფარეხის დემონტაჟის შედეგად მარტივი ტიპის მოედანი მოეწყო.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ქუთაისის მერიიდან აცნობეს, მარტივი ტიპის მოედანი მერმა გიორგი ჭიღვარიამ პარლამენტის დეპუტატ დიმიტრი მხეიძესთან და საკრებულოს მაჟორიტარ იმედა საღინაძესთან ერთად გახსნა.
აღნიშნული კორპუსის მცხოვრებლებმა რამდენიმე თვის უკან ადგილობრივ თვითმმართველობას თხოვნით მიმართეს და განაცხადეს, რომ მოედნის მოწყობის შეთხვევაში ავტოფარეხებს აიღებდნენ, რადგან ადგილზე საკმარისი სივრცე არ იყო.
მერიის ინფორმაციით, ბუხაიძის 25 ნომერში, რამდენიმე ავტოფარეხის დემონტაჟის შედეგად მოწყობილი მარტივი ტიპის მოედანი ადაპტირებულია, როგორც კალათბურთის ასევე ფეხბურთისა და ფრენბურთის სათამაშოდ.
ქალაქის მერმა ბავშვებს საჩუქრად ბურთებიც გადასცა და განაცხდა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა ყველაფერს აკეთებს და მომავალშიც გააკეთებს ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციისა და ხელშეწყობის მიზნით. მოედანზე გაკეთდა საფარი, დამონტაჟდა ახალი განათებები და აღიჭურვა სპორტული ინვენტარით.
„რამდენიმე თვის უკან ბუხაიძის 25 ნომრის მოსახლეობამ თხოვნით მოგვმართა, ადგილზე მარტივი ტიპის მოედნის მოსაწყობად. რადგან აქ საკმარისი სივრცე არ იყო და ტერიტორია ავტოფარეხებს ეკავა, მათ ავტოფარეხების დემონტაჟი განახორციელეს. ქუთაისის მერიამ ადგილზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მოედანი მოაწყო, რომელიც ადგილობრივი ბავშვებისთვის უკვე ყველაზე საყვარელი ადგილი გახდა. ჩვენ სამომავლოდაც გავაგრძელებთ მსგავს აქტივობებს. ქალაქში წელს უკვე 14 მარტივი ტიპის მოედანი მოეწყო სხვადასხვა უბანში და ეს მომავალ წელსაც გაგრძელდება,"- განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.