გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

„ვერსიის“ კონფიდენციალური წყარო ნაციონალური მოძრაობისა და მასთან დაკავშირებული პოლიტიკური პარტიების დაფინანსების სქემას შიფრავს!

27-11-2018

საარჩევნო კამპანია დასრულდა. წინასაარჩევნო კამპანიის დროს, „ვერსია“ პერიოდულად აქვეყნებდა აუდიტის სახელმწიფო სამსახურისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსურ ანგარიშებს, ასევე იმ ფაქტებსა თუ დარღვევებს, რომლებიც ამ პერიოდში გამოვლინდა. 

არჩევნებში ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას დიდი ფინანსური რესურსი სჭირდება, მით უმეტეს 2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში, როცა საქართველოს ისტორიაში პირველად, საჭირო გახდა მეორე ტურის ჩატარება. მედიასაშუალებებში დეტალურად ქვეყნდება სახელისუფლებო პარტიის ფინანსური ანგარიშების დეტალები, თუმცა საინტერესო ისაა, საიდან ფინანსდება ოპოზიცია?!

„ვერსიას“ კონფიდენციალური წყარო დაუკავშირდა და მოაწოდა ინფორმაცია, რომელიც ნაციონალური მოძრაობისა და მასთან დაკავშირებული პოლიტიკური პარტიების დაფინანსების სქემას შიფრავს. იმის გამო, რომ ჩვენი წყარო, წლების განმავლობაში, სააკაშვილის გუნდში პარტიული ხაზინადარის თანაშემწის მოვალეობას ასრულებდა, როგორც თავად ამბობს, მას ხელი მიუწვდებოდა თანხების მოძრაობაზე და ასევე საკმაოდ კარგად ინფორმირებულია. ამის დასტურად კი მოგვაწოდა ფოტომასალა და მეილების ამონაბეჭდი, რაც მისივე თქმით, დოკუმენტურად ამხელს სააკაშვილის სატელიტების დაფინანსების სქემებს.

„ვერსია“, რა თქმა უნდა, არ ამტკიცებს, რომ აქ წარმოდგენილი ინფორმაცია აბსოლუტური ჭეშმარიტებაა და სწორედ ამიტომ, აქ დასახელებულ რამდენიმე პირთან ვცადეთ იმის გადამოწმება, რასაც ქვემოთ შემოგთავაზებთ. ახლა კი წყაროს ინფორმაცია: 
„სააკაშვილის სატელიტები დაყოფილია სამ კატეგორიად: ეს გახლავთ პოლიტიკური პარტიები - მათ უშუალოდ სააკაშვილი და ნაცმოძრაობის ლიდერები კურირებენ; ე.წ. „მეგობრული მედია“, რომელსაც „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია პატრონობს და პოლიტიკური ექსპერტები, რომელთა უზრუნველყოფა ელისო კილაძეს აქვს ჩაბარებული.

ყველას გაუკვირდა და მათ შორის მედიაც გაოცებული იყო, როცა ძმებმა ბერძენიშვილებმა ნაციონალურ მოძრაობას დაუჭირეს მხარი. როგორც ამბობენ, ძმები ბერძენიშვილების გადმობირება მიხეილ სააკაშვილს 20 000 ლარი დაუჯდა (ოღონდ ვერ დაგიზუსტებთ - თითოეულს გადაუხადეს 20-20 ათასი, თუ ორივეს). როგორც გავარკვიე, ფინანსური წყარო ბიზნესმენი დავით ბეჟუაშვილია და ეს თანხაც დავით ბერძენიშვილს, ბეჟუაშვილის კუთვნილ სუში ბარში გადასცეს, რომელიც რუსთაველის გამზირზე, ყოფილ ოფიცერთა სახლში მდებარეობს. მართალი გითხრათ, ბეჟუაშვილის მიერ სააკაშვილის დაფინანსება არ გამკვირვებია, რადგან ჯერ კიდევ მიშასა და მისი გუნდის უკრაინაში ყოფნისას, იქ გარკვეულ ფინანსურ დახმარებას უწევდა მათ და მადლობასაც კი უთვლიდა პრეზიდენტი ამის გამო. 

ისე, როგორც „ნაცები“ ამბობენ, ეს სუში ბარი ამგვარი მოლაპარაკებებისთვის ყველაზე საიმედო ადგილია, რადგან იქ არც ერთი სათვალთვალო კამერა არ მუშაობს და ნაციონალები და მათ სატელიტები, თავისუფლად ხვდებიან ერთმანეთს სხვადასხვა თემებზე სასაუბროდ. ჩემი ინფორმაციის სანდოობისთვის, მე მოგაწვდით ერთ-ერთი ასეთი შეხვედრის ამსახველ რამდენიმე ფოტოს - აქ აღბეჭდილია გრიგოლ ვაშაძე, ზაალ უდუმაშვილი და რესპუბლიკელი ქალბატონები - თამარ კორძაია და ხათუნა სამნიძე.

სხვათაშორის, როგორც ამბობენ, „ნაცებს“ „თავისუფალ დემოკრატებთან“ - ნინო გოგუაძესა და შალვა შავგულიძესთან ცალკე შეთანხმება აქვთ, სულ სხვა პირობებით. კერძოდ, მათ ანაზღაურებაზე უარი თქვეს და მხარდაჭერის პირობად მოითხოვეს, პრეზიდენტის ფონდიდან იმ არასამთავრობო ორგანიზაციის დაფინანსება, რომელსაც არჩევნების შემდეგ დააფუძნებენ. ამბობენ, რომ ასეთივე პირობითაა „ნაცებთან“ დაკავშირებული არმაზ ახვლედიანი, რომელსაც პოლიტიკური სკოლის დაფინანსებას დაპირდნენ.

ზემოთ უკვე გითხარით, რომ „რუსთავი 2“-ის ლიდერობით, პოლიტიკური ლიდერებისა და კონკრეტულად ნაცმოძრაობის პიარზე, აქტიურად მუშაობს ე.წ. „მეგობრული მედია“. პოლიტიკურ კულუარებში, ამ ჩამონათვალში მოიაზრებენ „კავკასიას“, „პრესა.გე“-ს , „დრონი.გე“-ს, „პირველ რადიოს“, „ონ.გე“-ს. 

ეს მედიასაშუალებები ნაცმოძრაობის მიერ, სხვადასხვა ფორმით ფინანსდებიან. როგორც ვიცი, მათ შორისაა ნინო ჯანგირაშვილი და მისთვის გაღებული თანხების ანგარიშშია ალეკო ელისაშვილიც, რომელსაც არ ტოვებს ამბიცია მესამე პოლიტიკური ცენტრის შექმნისა. კულუარებში ამბობენ, რომ ამ „დამოუკიდებელი“ ცენტრის შესაქმნელ ფინანსებსაც, ის სააკაშვილისგან ელოდება. გიორგი კაპანაძე და მისი „პრესა.გე" თქვენც იცით, მას შემდეგ, რაც ნაციონალებმა „მიიტაცეს“ კავკასუს ონალინთან ერთად, ბინძური პროპაგანდის ინტრენეტ-პლატფორმად იქცა. ინტელექტუალურ აუდიტორიაზეა გათვლილი პორტალი „ონ.გე“, რომელიც სულ ახლახან იყიდა „რუსთავი 2“-ს თანამშრომელთა ჯგუფმა. კონკრეტული თანხების შესახებ ინფორმაციას ამჯერად არ განვასაჯაროვებ, თუმცა გეტყვით, რომ მათ დაფინანსებას პირადად ნიკა გვარამია კურირებს.

სხვათაშორის, მიხეილ სააკაშვილი და ნაცმოძრაობა არც ისე ხელგაშლილია პოლიტიკური ლიდერებისა და ექსპრეტების დაფინანსებაში. ამ საქმეს ელისო კილაძე კურირებს, რომელსაც კოორდინაციისთვის, ყოველთვიურად, 5 000 დოლარი აქვს სააკაშვილის სალაროდან. მე ხელთ ჩამივარდა ელისო კილაძის მიერ, ელექტრონული ფოსტით გაგზავნილი ოქტომბრის თვის ფინანსური ანგარიში, რომელიც ინკოგნიტო მისამართზეა გადაგზავნილი და, როგორც მეუბნებიან, თემურ ალასანიას უნდა ეკუთვნოდეს. ისიც გავარკვიე, რომ ყოველ გზავნილზე, ელექტრონული ფოსტის ახალი მისამართი იქმნება, რომელიც შემდეგ უქმდება“. 

აქვე წყარომ წარმოგვიდგინა ამ მეილის ამონაბეჭდი, სადაც ვკითხულობთ: „მოგესალმებით, გიგზავნით ოქტომბრის ანგარიშს: 1. გუბაზ სანიკიძე - 350 ლარი (ელოდება თიბისიში კრედიტზე დახმარებას, დავპირდით და უნდა დავაჩქაროთ); 2. ანი მიროტაძე - 500 ლარი; 3. ზვიად კუპრავა - 600 ლარი; 3. ლაშა ცუცქირიძე (იგივე კაა) - 400 ლარი; 4. არჩილ გამზარდია - 500 ლარი; 5. გია ხუხაშვილი - 650 ლარი; 6. თამარ კორძაია - 500 ლარი; 7. ხათუნა სამნიძე - 650 ლარი; 8. მაია ორჯონიკიძე - 400 ლარი; 9. ბადრი შუბლაძე - 400 ლარი; 10. დავით ნებიერიძე - 450 ლარი; 11. გიგა ნასარიძე - 300 ლარი“.

ბუნებრივია, „ვერსია“ ელისო კილაძეს დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა - „მეხუმრებით ახლა, თუ სერიოზულად მეუბნებით!“ - სერიოზულად გეუბნებით, ელისო, წყარომ დაგვისახელა ელექტრონული ფოსტის მისამართიც და ამ მისამართიდან გაგზავნილი წერილის ასლიც გადმოგვცა: 
- მე მაქვს ჩემი საკუთარი, რეგისტრირებული სოციალური ქსელი, მეორე - მუდმივად ვსარგებლობ გაზეთის ოფიციალური ელექტრონული მისამართით, რომელიც გაზეთის გვერდზეა გამოქვეყნებული. ძალიან დიდი წარმოდგენა აქვს თქვენს წყაროს, ეტყობა ჩემს გავლენებზე, რომ თუ ჩემი გავლით ფინანსდებიან, მათ შორის, ექსპერტები და ჟურნალისტები, რა თქმა უნდა, ეს არის სრული სისულელე. მით უმეტეს, ძალიან სასაცილო თანხებია, ეს არის მორიგი ტროლიკი, ეტყობა, ქართული ოცნების „შავი პიარის“ მოშეს მხრიდან იმიტომ, რომ მე მუდმივად ვწერდი ქართული ოცნების „შავ სალაროზე“, საიდანაც ფინანსდება ნანა კაკაბაძე, ია მეტრეველი, საიდანაც იმართება მთელი ეს მოძრაობა „ანტი ნაცი“, საიდანაც ფინანსდება ბანერები და ა. შ. ეტყობა, პასუხად ასეთი ხუმრობა მოიგონეს. 

რაც შეეხება ბეჟუაშვილებს, მე მათ არ ვიცნობ, მაგრამ ბეჟუაშვილის გავლენები თქვენმა წყარომ უნდა მოიკითხოს მამუკა ბახტაძესთან იმიტომ, რომ ისინი საკმაოდ სერიოზულად არიან წარმოდგენილნი „ოცნების“ პრემიერის კარზე. 

რაც შეეხება იმას, თუ რა ხდება ნაციონალურ მოძრაობასა და გაერთიანებულ ოპოზიციაში, სად იკრიბებიან და რა გეგმები აქვთ, ამის თაობაზე ინფორმაცია არ მაქვს იმიტომ, რომ არანაირი კომუნიკაცია ამ ადამიანებთან არ მქონია და არ მაქვს, მით უმეტეს საპრეზიდენტო არჩევნების დროს. რაც შეეხება კონვერტებს, დიახ, კონვერტებით ნამდვილად იმართებიან, მათ შორის, ჟურნალისტებიც და ეს ფული, დიდი ხნის განმავლობაში, გადიოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოდან. მე უფრო საინტერესო სია მაქვს ჟურნალისტებისა და ექსპერტების, რომლებიც სუსი-დან ფინანსდებიან და, მერწმუნეთ, თანხები გაცილებით მაღალია, ვიდრე 400, 500 ან 600 ლარი. ამ სიის გამოქვეყნებას ვაპირებ საპრეზიდენტო არჩევნების დასრულების შემდეგ“. 

ნინო ჯანგირაშვილმა წყაროს ინფორმაციას აბსურდი უწოდა და განაცხადა:

- ისეთ აბსურდს მეუბნებით ახლა, რომ არ ვიცი, რა უნდა გიპასუხოთ. ეს არის ჩვეულებრივი, სუსი-ს გავრცელებული ინფორმაცია და ძალიან ვწუხვარ, რომ თქვენ ამას იმეორებთ და ტირაჟირებას უკეთებთ. წყარო რას ნიშნავს? არა, უნდა აგიხსნათ, დავბერდი ამ სფეროში და ასეთ იდიოტურ სიტუაციაში ძალიან ბევრჯერ ვყოფილვარ. ამიხსენით, წყარო რას ნიშნავს?

- ეს ადამიანი ადრე ნაციონალური მოძრაობის წევრი იყო, პარტიის ფინანსებთან ხელი მიუწვდებოდა და საკმაოდ დიდი გავლენითაც სარგებლობდა. ამიტომაა წყარო და ამის მიუხედავად, დაგირეკეთ და მის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას თქვენთან ვამოწმებ...

- ერთი წამით, მომისმინეთ. მე ხომ არ გთხოვთ წყაროს დასახელებას, რა ფორმით ვფინანსდები, აბა, ახლა მითხარით? ჩამირიცხეს, ჩემოდნით მოაქვთ, სახლში მომიტანეს, რას ნიშნავს ვფინანსდები? თქვენ ამას მაინც დაწერთ და მე ახლა თავი უნდა ვიმართლო - აი, ესაა საზიზღარი, ჩვეულებრივი, სუსი-ს ბინძური მეთოდი, რომელიც ამდენი წელია, ნაციონალად მაცხადებს, როგორც კი „ოცნებას“ გავაკრიტიკებ, ან რამეს ვიტყვი. „რუსთავი 2“ დავიცავი თავის დროზე და ატყდა ამბავი, რომ აი, ნაციონალია; მაუწყებლობის შესახებ კანონზე ვდაობდი, მათ შორის, სამთავრობო ტელევიზიასთან ერთად და გინდა, თუ არა, ნაციონალი ხარო. ახლა ასეთი აბსურდის გავრცელება ჩვეულებრივი ამბავია, ვიცი, ეს ტექნოლოგია როგორც მოქმედებს. თქვენ ვიღაცამ გითხრათ, არც მოსთხოვთ იმ წყაროს, წყარო ეგრე კი არ არის, ვიღაცა მოვიდა, ყურში ჩამჩურჩულა... დიდი ბოდიში, რა, უფრო მაღალ სტანდარტებზე რომ ვმუშაობდეთ, კარგი იქნებოდა, ჟურნალისტები... იმ წყაროს ის მაინც მოსთხოვეთ, აგიხსნათ, როგორ ვფინანსდები ნაციონალური მოძრაობისგან. მთელი ტექნოლოგიაც ესაა - თქვენ დაწერთ, მერე მიაბამთ, რომ ჯანგირაშვილი თავს იმართლებს. რა თქმა უნდა, რომც მაფინანსებდნენ, ხომ მაინც უარვყოფდი, არა? ანდა ამიხსენით, ეს მეგობრული მედიასაშუალება რას ნიშნავს? იცით, რა არ მომწონს? ჩვეულებრივ მონაწილეობთ სუსი-ის პიარ-კამპანიაში და ეს არის ძალიან ცუდი იმიტომ, რომ ასე დაახეთქოს ვიღაცამ, ნაციონალური მოძრაობა აფინანსებს, რას ნიშნავს აფინანსებს, ამიხსენით, რა? კოლეგიალურად გირჩევთ, ამ ადამიანს, როგორც წყაროს, არასდროს არაფერი აღარ დაუჯეროთ. 

- ამის გამო ხომ არ დააყადაღეს ტელეკომპანია „კავკასია“?

- რა დააყადაღეს, რას ჰქვია დამაყადაღეს? ვინმე რომ მაფინანსებდეს და ფული რომ მქონდეს საერთოდ, ასეთ დღეში ვიქნებოდი? ქონება დამიყადაღეს იმიტომ, რომ დღგ-ს გადახდა დავაგვიანე რამდენიმე დღით. აბსურდი გააკეთეს აბსოლუტური, როდესაც გრაფიკით ვიხდიდი ძველ დავალიანებას და მიმდინარე, 4 000 ლარის გადახდა დამიგვიანდა ორი დღით და დამიყადაღეს. რა სისულელეა? მეგობრულად, კოლეგიალურად გეუბნებით, რომ ეგ თქვენი წყარო აბსოლუტური მატყუარაა, არ ვიცი, სხვებზე რას ამბობს, მაგრამ ჩვეულებრივად გიყენებთ. ეჭვი არ შემაქვს, რომ თქვენ იმ მედიასაშუალებებში არ ხართ, რომლებიც ათას სიბინძურეს აქვეყნებენ პირადად ჩემზე, არც კი ვაქცევ ყურადღებას საერთოდ. ისინი არც მირეკავენ, არც მეკითხებიან არაფერს და საშინელებებს აკეთებენ. თქვენ ასე არ ხართ და ამიტომ გიხსნით - ეს ინფორმაცია აბსოლუტური უნამუსობაა და იმაზე ვგიჟდები, რომ „ოცნებამ“, რომელმაც ასე მოიმტვრია ცხვირ-პირი იმის ძახილით, რომ „ნაცები“ ხართო, ბოლოს იქამდე მივიდა საქმე, რომ ლამის „ნაცებმა“ გადაუსწრეს ხმებში, მაჩანჩალა აღმოჩნდა აბსოლუტური, ისევ რომ ამ ტაქტიკას მიყვება, ესაა კატასტროფა. ახლა იპოვეს გამოსავალი, რომ „კავკასიას“ ნაციონალური მოძრაობა აფინანსებს. მოყვეს ერთი, როგორ მაფინანსებს, ჩუმად მაფინანსებს, ქეისით, თუ როგორ? მოვიდნენ და მელაპარაკონ.

„ვერსიის“ კითხვაზე, 20 000 ლარით დაფინანსების შესახებ, რესპუბლიკელების ლიდერმა, დავით ბერძენიშვილმა ტელეფონი გაგვითიშა პასუხით: „კარგით, კარგად იყავით, გმადლობთ!“ 

გია ხუხაშვილმა გვიპასუხა: „წავიდეს და იმკურნალოს წყარომ, რომელიც თქვენ ამ ინფორმაციას გაწვდით, ნაციონალები კი თავის სუს-ში მოიკითხოს!“ 

ანი მიროტაძემ კი განაცხადა: „აი, ამაზე სერიოზული კომენტარი როგორ უნდა გაგიკეთოთ? ისე, ამ ჩამონათვალში, ცოტა უფრო ნაკლები ანაზღაურება რომ მქონოდა, გავბრაზდებოდი, მაგრამ არ მაკმაყოფილებს ეს თანხა. ეს სია ვინც ჩამოწერა, არ ვიცი, ასე იაფად როგორ შემაფასა. ჩემი მხარდაჭერა ასეთი იაფი როგორ უნდა ღირდეს, რა სისულელეა?! ისეთივე კომენტარს გაგიკეთებთ, როგორიც ეს ინფორმაციაა: სხვებთან შედარებით დაბალანაზღაურებადი რომ ვყოფილიყავი, გავბრაზდებოდი. მართალია, ცოტა დავწყნარდი, თუმცა ეს 500 ლარი მაინც დაბალია. წყაროებს, რომლებიც ამ ინფორმაციას ავრცელებენ, მოვუწოდებდი, რომ ფანტაზიებს მიხედეთ, ფანტაზიებს!“ 

არჩილ გამზარდიამ გვიპასუხა: „ძალიან სასაცილოა, 500 000 ლარზეც კი არ ვამბობ ხოლმე თანხმობას და მით უმეტეს, 500 ლარზე! მართლაც სასაცილოა, გულიანად გამეცინა“.