1-12-2018
„უფალი ითხოვს, რომ ჩვენ განვიკურნოთ და განვიწმინდოთ - შურისგან, განკითხვისგან, სიძულვილისგან, ვერცხლისმოყვარეობისაგან, სიძვისგან, ამპარტავნებისგან, მომხვეჭელობისგან და ა.შ. თორემ რიტუალების შესრულება - დროულად პანაშვიდის გადახდა, დროულად შესაწირავის გაღება, დროულად მოსახსენიებლის ჩაწერა, კვირას წირვაზე ზუსტად დროზე მისვლა და ა.შ. - ეს ყველაფერი ძალიან ადვილია. ეს შეიძლება ადამიანმა ისწავლოს, მაგრამ ის, რაც არის ჭეშმარიტი აზრი, რისთვისაც შენდება ეს ტაძარი, რისთვის დაარსა იესო ქრისტემ ეკლესია, ეს არის რთული. ამას სჭირდება გაცნობიერება, შრომა და ღვაწლი“, - ბრძანა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) მიმდინარე წლის 25 ნოემბერს სოფელ კვაუთის ახლადაღდგენილი მთავარანგელოზთა სახელობის ტაძრის კურთხევის შემდეგ ქადაგებისას, რომლის სრულ ტექსტურ ვარიანტსაც GUARDIAN.GE გთავაზობთ.
„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა!
ძვირფასო ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ დღეს. ეს არის განსაკუთრებული დღე ჩვენს ეპარქიაში და ალბათ, ჩვენს ქვეყანაშიც, იმიტომ რომ აღდგა და იკურთხა შესანიშნავი მთავარანგელოზთა სახელობის ტაძარი. ეს არის შუშანიების გვარის ძირი სოფელი და აქ განისვენებს ჩვენი დიდი წმინდანის, ღირსი ალექსი შუშანიას ბიძა, ისლამ შუშანია, რომელიც შემდეგ იოანეს სახელით ბერად აღიკვეცა და რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა მამა ალექსის სულიერ ჩამოყალიბებაზე. მისი ნეშტი აქვე, ტაძრის წინ განისვენებს და კარგი იქნებოდა, რომ ჩვენ და განსაკუთრებით სოფელმა, მისი საფლავი აღვადგინოთ.
ძალიან ვხარობთ დღეს, იმიტომ, რომ მამა ალექსი მართალია ნოქალაქევიდან იყო, იქ დაიბადა, მაგრამ მისი მშობლები, მისი ბაბუა, სავარაუდოდ აქედან იყვნენ. მას არაერთხელ ულოცია აქ და ასევე, თვითონ ტაძრის გარემო, განწყობა და აგებულება არის საოცარი. ჩვენი ძველი ტაძრები განსაკუთრებული სულიერებით და მადლით არის დატვირთული. და რა თქმა უნდა ჩვენ ვმადლობთ იმ ადამიანებს, ვინც არიან ამ ტაძრის აღმდგენელნი და შემომწირველნი. აქ ჩვენთან იმყოფება ბატონი აკაკი [ბარქაია], მისი ოჯახით. მე ყველა შეიძლება ვერ დავასახელო, ვინც მონაწილეობდა, ამიტომ ვინც აქ ბრძანდებით, ვინც არ ბრძანდება, ყველა მინდა დავლოცო და მადლობა გადაგიხადოთ. პრაქტიკულად, დანგრეული და გავერანებული იყო აქაურობა და თქვენმა ღვაწლმა ჩვენს ერსა და ეკლესიას აჩუქა ასეთი მადლიანი ტაძარი. ღმერთმა დაგლოცოთ და შეგიწიროთ თქვენ და ყველა იმათ, ვინც მონაწილეობდა ამ საქმეში.
ტაძარი შენდება იმისთვის, რომ ადამიანები ეზიარონ ქრისტეს, ქრისტიანობას, გაიგონ, თუ რა არის უმთავრესი აზრი ქრისტიანობის და სული გადაირჩინონ. სამწუხაროდ, ხშირად ხდება, რომ ადამიანები დადიან ეკლესიაში, მაგრამ ჰგონიათ, რომ გარეგნულად სწორი ცხოვრება და გარეგნული საქმეების აღსრულება საკმარისია იმისთვის, რომ ღვთისთვის სათნო ვიყოთ და სული ვიცხონოთ. აი, მაგალითად ახლა მარხვა იწყება და ბევრს ჰგონია, რომ ხორცის არჭამა საკმარისია, რომ თუ ხორცს არ შეჭამ, არამედ შეჭამ თევზს, ან სხვა რამეს, რაც მარხვისას იჭმევა, ან ისე ჩაიცვამ, ან ასე ჩაიცვამ და ან ამა, თუ იმ მოქმედებებს შეასრულებ, ღვთისთვის სათნო იქნები და სულს გადაირჩენ. მოკლედ, ფორმალურად უდგებიან ამ საკითხს, მათ შორის ეკლესიური ადამიანებიც. ჰგონიათ, რომ რიტუალების დროულად შესრულება, შესაწირავის დროულად გაღება, და კიდევ ბევრია გარეგნული წესები, რომელთა შესრულებაც ადამიანს ასე აფიქრებინებს. რატომ ხდება ეს? იმიტომ, რომ არ იციან, თუ რა უნდა უფალს ჩვენგან, რისთვის არის ტაძარი და რა არის სათნო ღვთისათვის? დღევანდელი სახარების იგავი სწორედ ამაზე მოგვითხრობს. უფალ იესო ქრისტეს სჯულის მეცნიერი ეკითხება: რა გავაკეთო, რომ სასუფეველი დავიმკვიდროო. კითხვაც ასეთია, რა გავაკეთო? ისიც ესე უდგებოდა, ფორმალურად. მას ეგონა, რომ გარკვეული მოქმედებები უკვე სულის მაცხონებელია. უფალი მიუგებს, სჯულში როგორ გიწერიაო? ანუ როგორი შეკითხვაც იყო, ისეთივე პასუხი გასცა. ის ეტყვის, რომ სჯულში წერია, რომ გიყვარდეს ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა, გონებითა შენითა, ყოვლითა ძალითა შენითა და მოყვასი შენი, ვითარცა თავი თვისი. ე.ი. ის მიხვდა, თუ რა არის სჯულში მთავარი. კარგად ამბობ შენო, მართლაც ასეაო, უთხრა უფალმა. შემდეგ ის ეკითხება, რომ ვინ არის ჩემი მოყვასიო? იმიტომ რომ მაშინ ებრაელებს დაყოფილი ჰქონდათ - ვიღაცა მოყვასია, ვინც შენიანია, ებრაელია და შენი რჯულის ადამიანი, ხოლო უცხოელი და წარმართი მოყვასად არ ითვლებოდა. ამიტომაც ეკითხება - როგორც ჩანს, ეს გონიერი ადამიანია - და ფიქრობდა, ვინ არის ჩემი მოყვასი სინამდვილეშიო? იმიტომ რომ, თუ ფორმალურად მიუდგებით, შეიძლება ახლაც დავყოთ. ვიღაცა შეიძლება მოყვასი გეგონოს და ვიღაცა - არა. ვინც შენ გიყვარს, ვინც შენ სიკეთეს გიკეთებს, ან შენი ახლობელია, ის შეიძლება მოყვასად ჩათვალო, სხვაზე კი თქვა, რომ ეს სულაც არ არის მოყვასი. ამიტომ, ესე რომ არ ვიფიქროთ, ისეო ქრისტე შესანიშნავ იგავს მოგვითხრობს. იერუსალიმიდან იერიქონში მოდიოდა კაცი, ის დააყაჩაღეს, გაძარცვეს, ტანისამოსი გახადეს, სცემეს - იმიტომ გახადეს, რომ ტანსაცმელი მაშინ საკმაოდ ძვირი იყო - და წავიდნენ და ნაცემ-ნაგვემი გზაზე მწოლიარე დატოვეს. ჩამოიარა ლევიტელმა. ლევიტელი ვინ იყო? მღვდელი. მან შეხედა ამ კაცს და არ მიაქცია ყურადღება, გაუარა. შემდეგ ჩამოიარა ლევიტელმა, ესენიც სამღვდელო დასიდან იყო. ლევიტელები მღვდლებს ეხმარებოდნენ, როგორც დიაკვნები და მათთვის, ორივესთვის აკრძალული იყო მიცვალებულის შეხება. ამათ ეგონათ, რომ ეს მიცვალებულია და გაუარეს და ესეც ფორმალური ნიშნით - კი არ მივიდნენ, არ შეწუხდნენ, რომ იქნებ ცოცხალია, იქნებ რითი დავეხმაროთ და ა.შ. აი, ასე ფორმალურად ჩათვალეს, რომ ალბათ მიცვალებულია და გაუარეს. შემდეგ გამოიარა სამარიტელმა. სამარიტელებიც ებრაელები იყვნენ, მაგრამ მწვალებლებად ითვლებოდნენ. ებრაელები მათთან არ ურთიერთობდნენ, იმიტომ რომ წარმართობასთან შერეული სჯული ჰქონდათ, და საერთოდ არ ეკონტაქტებოდნენ მათ. გახსოვთ სამარიტელ დედაკაცს რომ შეხვდება უფალი, როგორ უკვირს იმ ქალს, რომ ებრაელი კაცი მას დაელაპარაკა? - ჭასთან რომ საუბრობენ. და ეს სამარიტელი მივა ამასთან, შეეცოდება, წამოაყენებს, სახედარზე შემოსვამს, წყლულებს შეუხვევს, ღვინოს დაასხამს, ზეთს დაასხამს, უმკურნალებს, მერე მიიყვანს სასტუმროში, იქაც სასტუმროს მეპატრონეს ფულს მისცემს და ეტყვის, რომ ახლა მე მივდივარო და თუ კიდევ რამე ხარჯი გექნება, მიეცი და შემდეგ, რომ გამოვივლი, აგინაზღაურებ ყველაფერსო. ასე დაწვრილებით იმიტომ გიხსნით, რომ ამ იგავით უფალი იესო ქრისტე გვასწავლის, თუ რა არის ყველაზე ღრმა აზრი და რა სურს უფალს ჩვენგან. ის კია არა, რომ ხორცი ვჭამოთ, ან არ ვჭამოთ, რა ჩავიცვათ და გარეგნულად რა ვაკეთოთ. ეს სასტუმროს მეპატრონეც გაოგნებულია და რა თქმა უნდა დაიტოვებს ამ კაცს. შემდეგ უფალი დასძენს, რომ აი ეს არის მოყვასიო, წადი და შენც ასე მოიქეციო. ე.ი. სჯულის მეცნიერი ეკითხება, ჩემი მოყვასი ვინ არისო და უფალი სულ სხვაგვარად შეუტრიალებს შეკითხვას. ის კი არა, რომ ჩემი მოყვასი ვინ არის. ისევ მე ვარ აქ ცენტრი ხომ? მე, ჩემი მოყვასი ვინ არის, ანუ ეგოცენტრული შეკითხვა იყო. იესო ქრისტემ შეუტრილა, რომ ის კი არ იფიქრო შენთვის ვინ არის მოყვასი, არამედ იმაზე იზრუნე, რომ შენ იყო სხვისთვის მოყვასი. არ აქვს მნიშვნელობა ის რა რჯულის და ეროვნების არის. არანაირი მნიშვნელობა ამას არ აქვს იმიტომ რომ, ვიმეორებ, ეს სამარიტელი მწვალებელი და ურჯულო იყო ებრაელისთვის. და უფალმა უთხრა, რომ წადი და შენც ასე მოიქეცი, თუ გინდა რომ სასუფეველი დაიმკვიდრო. ვინაიდან, შეკითხვა რა იყო? რა გავაკეთო რომ ვცხონდე? აი, ეს გააკეთეო. ამიტომ არის, რომ ერთ-ერთი უმთავრესი აზრი ჩვენი სარწმუნოების არის, რომ ჩვენ მოვიპოვოთ ეს თვისება, რომ უცხო ადამიანისთვის გული შეგვტკიოდეს, შეგვეძლოს სისხლი დავღვაროთ და გავიღოთ ყველაფერი. აი, მაშინ ჩვენი რწმენა ცოცხალია. შენ თუ ასეთი რწმენა გვაქვს, რომ უცხო კაცს, ურჯულოს, თუ ვინც არ უნდა იყოს, იმისთვის, აი, გდია ადამიანი და არც იცი, შეიძლება ვიღაც მკვლელი და ოხერია, მაგრამ შენ რომ გული გიძგერს იმისთვის, რომ ვერ ითმენ, გინდა რომ დაეხმარო, უმკურნალო, არ ჩაუარო მიღმა, სიყვარულით მოექცე, ეს ნიშნავს, რომ შენი რწმენა არის ნამდვილი და ამ დროს სულ არ აქვს მნიშვნელობა შენ ხორცს ჭამ, ქათამს, თუ ზღვის პროდუქტებით იკვებები. იმიტომ რომ, ეს ადვილია - ეს ვჭამო, ის არ ვჭამო. რა თქმა უნდა ესეც საჭიროა, მაგრამ ძალიან პირველ საფეხურზე. რადგან ჩვენ ცხოველური ბუნებაც გვაქვს და ადამიანი რომ იწყებს სულიერ ცხოვრებას, იქ მისთვის საჭიროა საჭმლისგან თავის შეკავება და მხოლოდ ამგვარი, გარეგნული მარხვა. შემდეგ საფეხურებზე კი უკვე სხვა რამეს ითხოვს უფალი, რომ განწვიმინდოთ ჩვენი შინაგანი ჭურჭელი. უფალი ითხოვს, რომ ჩვენ განვიკურნოთ და განვიწმინდოთ - შურისგან, განკითხვისგან, სიძულვილისგან, ვერცხლისმოყვარეობისაგან, სიძვისგან, ამპარტავნებისგან, მომხვეჭელობისგან და ა.შ. თორემ რიტუალების შესრულება - დროულად პანაშვიდის გადახდა, დროულად შესაწირავის გაღება, დროულად მოსახსენიებლის ჩაწერა, კვირას წირვაზე ზუსტად დროზე მისვლა და ა.შ. - ეს ყველაფერი ძალიან ადვილია. ეს შეიძლება ადამიანმა ისწავლოს, მაგრამ ის, რაც არის ჭეშმარიტი აზრი, რისთვისაც შენდება ეს ტაძარი, რისთვის დაარსა იესო ქრისტემ ეკლესია, ეს არის რთული. ამას სჭირდება გაცნობიერება, შრომა და ღვაწლი. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ! ღმერთმა ინებოს, რომ ჩვენ ეს ვისწავლოთ, ამ გზას დავადგეთ, რომ ვიყოთ ქრისტეს მოწაფეები, რომ ჩვენი გული ასეთი მოწყალე გახდეს და მაშინ უფალი ჩვენთან იქნება და ჩვენ გვეცოდინება, ტაძარში რომ შევდივართ, რა გვინდა და რა არის მისი დანიშნულება.
მე მინდა დავლოცო ჩვენი ულამაზესი სოფლის, კვაუთის მკვიდრნი. უფალმა ინებოს რომ აღორძინდეს ნამდვილი ქრისტიანობა, აზრიანი და სულიერი. საოცარი სიხარულის გარემოა. ისეთი მადლი სუფევს, რომ გასვლა არ გინდა ამ ტაძრიდან. ღმერთმა გაგახაროთ, გაგაძლიეროთ და მრავალს დაგასწროთ!“ - ბრძანა მეუფე შიომ ქადაგებისას.