4-12-2018
ფოკაში ახალგაზრდა კაცის მკვლელობაში ბრალდებულს სახლი და სათავსო, ასევე ოთხი მანქანა დაუწვეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. პოლიციამ ბრალდებულის ოჯახი უსაფრთხო ადგილზე გაიყვანა.
ნინოწმინდაში, სოფელ ფოკაში, მას შემდეგ რაც გარდაცვლილი პროზექტურიდან სახლში გადაასვენეს, დაახლოებით, 300–მდე კაცმა, მკვლელობაში ბრალდებულის სახლს ცეცხლი წაუკიდა, ასევე, დაწვეს ბრალდებულის ოთხი მანქანა. მათ სცადეს ბრალდეულის ძმის სახლის დაწვაც, თუმცა სამართალდამცველებმა მათი შეჩერება შეძლეს.
სახლი, რომელშიც ბრალდებული ოჯახთან ერთად ცხოვრობდა დაიწვა. სამართალდამცველებმა დაკავებულის ოჯახის წევრები უსაფრთხო ადგილზე გაიყვანეს.
ამ წუთებში ფოკაში ხანძრის ჩაქრობას ოთხი სახანძრო მანქანით ცდილობენ. სამაშველო სამსახურში შეტყობინება 22:35 საათზე შევიდა: „შემთხვევის ადგილი დეპოდან 40 კილომეტრითაა მოშორებული“, – გვითხრეს უწყებაში.
მომხდარს შინაგან საქმეთა სამინისტრო სისხლის სამართლის კოდექსის 187–ე მუხლის მეორე ნაწილით იძიებს, რაც სხვისი ნივთის დაზიანება–განადგურებას გულისხმობს.
ფოკაში, სოფლის ცენტრში, სამ დეკემბერს 33 წლის კაცი, როგორც ადგილობრივები ამბობენ, თანაკლასელმა მოკლა. გარდაცვლილს სამი ტყვია მუცელში, ერთი კი თავში აქვს მორტყმული. შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ მკვლელობის მოტივი წარსულში პირადი კონფლიქტი იყო. პოლიციამ განზრახ მკვლეობაში ბრალდებული ამავე დღეს, მომხდარიდან ერთ საათში დააკავა. უწყების ინფორმაციით დაკავებული ბრალს აღიარებს.
პოლიცია ამ ფაქტს მკვლელობის მუხლით იძიებს.