4-12-2018
"ცხოვრება ნაგავში და ნაგავსაყრელზე" - ასე ეხმიანება სოხუმის მოსახლეობა ბოლო დღეებში გააქტიურებულ კიდევ ერთ მნიშვნელოვან პრობლემას - ქალაქის ნაგავსაყრელს.
3 დეკემბერს, სოხუმში მე-12 სკოლასთან აქცია გაიმართა, სადაც ადგილობრივები მაიაკის დასახლებაში ნაგავსაყრელის პრობლემას აპროტესტებდნენ და ხელმძღვანელობას დაუსახლებელ ტერიტორიაზე მის გადატანას სთხოვდნენ. ადგილობრივების თქმით, ნაგავსაყრელის პრობლემა 30 ათასზე მეტ ადამიანს აწუხებს. ეს ეხება მაიაკს, გუმისთას, ახალ რაიონს, ძველ დასახლებას, ქალაქის ცენტრს - ნაგვის სუნი ყველგან დგას. ბავშვებსა და მოზარდებში იმატა გაურკვეველი სახის ინფექციურმა დაავადებებმა.
"ნაგავსაყრელიდან 2-3 კილომეტრში დასახლებული პუნქტი არ უნდა იყოს, ჩვენ კი ზედ ნაგავსაყრელზე ვცხოვრობთ. ვიწამლებით და პატრონი არავინ გვყავს! უნივერსამიდან 1 კილომეტრის დაშორებით ვცხოვრობ და სუნი იმდენად საგრძნობია, უკვე ვეღარ ვუძლებთ... განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მყარ საგნებს წვავენ და ჰაერში შავი კვამლი დგება. ტუბერკულოზის შემთხვევები გამოვლინდა, ნერვული სისტემა მოგვესპო. ბარემ პირდაპირ გაუშვან გაზი და ყველაფერი მალე დასრულდება" - აცხადებს abkhaz-auto.ru-სთან საუბარში სოხუმელი ჯანსუღ ადლეიბა, რომლის თქმითაც, ადგილობრივი მოსახლეობა უკვე წლებია ყველა მიმართულებით ნაგავში იხრჩობა.
ადგილობრივები ამბობენ, რომ გარშემო მაწანწალა ძაღლები, თაგვები და ვირთხები ბინადრობენ. იმდენად მძიმე ჰაერია, რომ პრაქტიკულად, ჩერნობილში ცხოვრობენ. ნაგავსაყრელიდან 200 მეტრში მდებარეობს სკოლა და ძალიან ბევრ ბავშვს ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა.
"აქციას ესწრებოდნენ, ქვეყნის მთავარი ეკოლოგი საველი ჭითანავა, ქალაქის მერი ადგურ ხარზია და მისი მოადგილე ლონ კვარჩია. მათ კომენტარი არ გაუკეთებიათ, რადგან იციან, რომ ხელმძღვანელობის გარეშე ვერაფერს გადაწყვეტენ" - წერს აფხაური მედია.
სოხუმის ე.წ. მერის თქმით, ეს პრობლემა ქალაქში საბჭოთა კავშირის დროიდან არსებობდა. შესაბამისად ვერ ხვდება, ახლა რატომ გახდა ეს ნაგავსაყრელი აქტუალური, მით უფრო, რომ ნაგავსაყრელზე ჯერ კიდევ საკმარისი ადგილია.
მისმა შეფასებამ სოხუმის მოსახლეობის აღშფოთება გამოიწვია. ადგილობრივების თქმით, აფხაზეთის ე.წ. ხელმღვანელობა ყოველდღიურად ამტკიცებს, რომ არაფრის კეთება არ შეუძლია და რეგიონში ვითარება ყოველდღიურად უარესობისკენ მიდის. აქციის შემდეგ მათ ნაგავსაყრელთან მისასვლელი გზა ჩაკეტეს.
"ჩვენი შვილები დაავადნენ... მთელი ზაფხული ნახმარ შპრიცებსა და უამრავ უბედურებაზე დარბოდნენ და თამაშობდნენ. ქალაქის ცენტრში, რომელსაც ტურისტული განვითარების ამბიცია აქვს, სანაგვეა. რამდენიმე ხნის წინ, პრემიერ-მინისტრმა ვალერი ბგანბამ დახმარება შემოგვთავაზა, მაგრამ შესრულებაზე არავის უფიქრია. როცა ნაგვის გროვა რამდენიმე მეტრს ასცდება, აქვე წვავენ და არავინ იცის რას ვსუნთქავთ", - წერს ადგილობრივი სოხუმელი კორთხონჯია.
"მე-12 სკოლაში 30-მდე ბავშვს სასუნთქი გზების პრობლემა აღმოაჩნდა... ნაგავსაყრელი იქ ყოველთვის იყო, მაგრამ ახლა, რამდენიმე თვეა, გუდაუთის ნაგავსაყრელი დახურეს და ამ რაიონის საყოფაცხოვრებო ნარჩენები და ყველა სახის ნაგავი ჩვენთან მოაქვთ... ჩვენ კი ასე, ნელი სიკვდილით ვიგუდებით, ვიწამლებით და ვიხოცებით. ეს ვინმეს ადარდებს? არავის!", - წერს მარიანა სავად-ოღლი.
სოხუმის მოსახლეობა ნაგავსაყრელის ოჩამჩირეში გადატანას ითხოვს, სადაც პრაქტიკულად უბნები ცარიელია. მოსახლეობის აზრი ამასთან დაკავშირებით ორად გაიყო. ერთი ნაწილის თქმით, - ეს პრობლემა იქნება იქამდე, ვიდრე ნაგვის და ზოგადად, კომუნალური გადასახადი არ დაწესდება. სხვების თქმით, - მოსახლეობა ისედაც უმძიმეს მდგომარეობაშია და მათი ჯიბე დამატებით ხარჯებს ვერ აიტანს.