5-12-2018
«Euronews»-მა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან ენი-კლერ ფლეიშმანის ავტორობით რეპორტაჟი მოამზადა, რომლის ქართულენოვან რეზიუმეს საინფორმაციო პორტალი region.ge გთავაზობთ:
შავიზღვიპირა აფხაზეთში ციტრუსების რეკორდული მოსავალი მოიწიეს - წინასწარი პროგნოზით, აფხაზი გლეხები დაახლოებით 30-35 ათას ტონა მანდარინს მოკრეფენ და შემდეგ რუსეთში გაყიდიან, სადაც მოსახლეობისათვის საახალწლოდ მანდარინი ტრადიციულ ნუგბარს წარმოადგენს.
აფხაზეთში მანდარინს ხელით კრეფენ. ხილის მკრეფავი ლევ ტერტერიანი პროცესს მიხსნის: „ფრთხილად ვკრეფთ, სათითაოდ, შემდეგ ყუთებში ვაწყობთ, მიგვაქვს საწყობში, შემდეგ კი, საბაჟოს გავლით, რუსეთში. რა თქმა უნდა, ძალიან ბედნიერები ვართ, ეს ხომ ჩვენი „ოქროს ძარღვია“. აქ, აფხაზეთში, ჩვენ მანდარინით ვცხოვრობთ“.
ექსპორტი რუსეთში - ორჯერ მეტი
გასული თვის განმავლობაში რუსეთმა ორჯერ მეტი აფხაზური მანდარინის იმპორტი განახორციელა, 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
ირინა ქობალია, მანდარინის გამყიდველი აფხაზეთიდან. იგი ძალიან გახარებულია უხი მოსავლით, თუმცა რეალისტად რჩება: „ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველა მილიონერები გავხდებით, თუმცა კარგი შემოსავალი გვექნება. წლევანდელი მოსავალი ძალზე უხვია და მაღალი ხარისხით გამოირჩევა. დიდი ხანია ასეთი მოსავალი არ ყოფილა“.
მანდარინი აფხაზეთის ერთ-ერთი ძირითადი საექსპორტო პროდუქტია. აფხაზეთი საქართველოს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1990-იანი წლების დასაწყისში გამოეყო, თუმცა, საერთაშორისო სამართლის მიხედვით, მაინც საქართველოს შემადგენელ ნაწილად ითვლება. აფხაზეთს მხარს რუსეთი უჭერს, რომელმაც მისი დამოუკიდებლობა აღიარა საქართველოსთან 2008 წლის აგვისტოში მომხდარი ომის შემდეგ.
მოგება ზარალის შემდეგ
მიმდინარე წლის უხვი მოსავალი უფრო მეტად იმიტომაა აფხაზებისთვის სასიხარულო, რომ გასულ წელს აფხაზეთი მავნებელმა მწერმა - ფაროსანამ ძალიან დააზიანა. ფორთოხლის მოსავალი თითქმის 50%-ით შემცირდა და, შესაბამისად, მოსახლეობამ მნიშვნელოვანი ზარალი განიცადა. რუსეთი იძულებული გახდა 2018 წლის მარტში აფხაზეთიდან ხილისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იმპორტზე ემბარგო დაეწესებინა. „შარშან მცირე მოსავალი გვქონდა, წელს კი დროც კი არ გვყოფნის საკრეფად, იმდენი მანდარინი მოვიწიეთ“, - ამბობს ლევ ტერტერიანი.
რასაკვირველია, რუსეთის უკიდეგანო ბაზრისათვის აფხაზური მანდარინი მხოლოდ ძალზე მცირე ნაწილია. რუსეთში უფრო მეტი ცისტრუსი შედის თურქეთიდან, ჩინეთიდან, მაროკოდან. კავკასიის პატარა რესპუბლიკის ეკონომიკისათვის კი რუსეთი ერთადერთ ბაზარს წარმოადგენს.