ზემო იმერეთი-რაჭის საავტომობილო გზის პროექტირება დასრულდა. კომპანია IGH Georgia-ს ინფორმაციით, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა პროექტი უკვე ჩაიბარა.
51.6-კილომეტრიანი საავტომობილო გზის პროექტი ითვალისწინებს 9,3 კმ სიგრძის არსებული გზის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციას და ახალი, 42.3 კმ სიგრძის გზის მშენებლობას. იგეგმება 7 ხიდის მშენებლობა.
„მარშრუტის პროექტირება ეტაპობრივად განხორციელდა, რამაც დამკვეთს, საავტომობილო გზების დეპარტამენტს, შესაძლებლობა მისცა, სამშენებლო სამუშაოები პარალელურად დაეწყო. მალე დასრულდება საჩხერე-ქვემო ხევის ხუთკილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა, მიმდინარეობს სატენდერო პროცედურები ზემო იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის კიდევ ორი მონაკვეთის მშენებლობის მიზნით“, – აცხადებენ კომპანია IGH Georgia-ში.
ზემო იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი ახალი გზა თბილისიდან ონამდე მანძილს დაახლოებით 75 კილომეტრით, ხოლო მგზავრობის დროს 1,5-2 საათით შეამცირებს. ამჟამად თბილისიდან ონამდე 300 კილომეტრია, მგზავრობას კი დაახლოებით ექვსი საათი სჭირდება.
1tv.ge