6-12-2018
ახალციხეში, რუსთაველის ქუჩაზე დადგმული სოციალური კარადა ტანსაცმლით ივსება და აქ სოციალურად შეჭირვებულებისთვის პროდუქტის დასატოვებლად ადგილი აღარ რჩება.
ქურთუკები, პიჯაკები, შარვლები და თბილი ფეხსაცმელები სამი დღის წინ დადგმულ კარადაში არაერთმა ახალციხელმა მიიტანა. როგორც აქციის ორგანიზატორი ცირა მესხიშვილი ამბობს, კარადიდან სოცილაურად შეჭირვებულებს თბილი ტანსაცმელი ღამით მიაქვთ, თუმცა დღისით კარადა ისევ მალე ივსება და ამის გამო პროდუქტის დასალაგებლად ადგილი აღარ რჩება.
„თუ ვინმეს ექნება კარადა და მოგვიტანს ძალიან კარგი იქნება“, – ამბობს მესხიშვილი – „დილით რომ მოვდივარ კარადა ცარიელი მხვდება. არიან ისეთებიც, აქედან ტანსაცმელი გაჭირვებული ადამიანებისთვის რომ მიაქვთ“.
ახალციხელი ინგა ცუცქირიძე ერთ–ერთია, რომელიც მესხიშვილის წამოწყებულ აქციას შეუერთდა: „კარგი აქციაა, რადგან ბევრ გაჭირვებულ ოჯახს დავეხმარებით ასე. მოვაგროვე სახლში ტანსაცმელი მქონდა და მოვიტანე, იმედია გამოადგება ვინმეს“.
ახალციხეში, სქველმოქმედო კარადა სამ დეკემბერს დაიდგა.
საქველმოქმედო აქცია სახელწოდებით “გააზიარე სითბო” თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე დაიწყო. რამდენიმე მეგობარმა ქუჩაში ხის კარადა დადგა და აქ სოციალურად დაუცველებისთვის თბილ ტანსაცმელთან ერთად სურსათიც დატოვა.
მოკლე ხანში იდეას არაერთი სხვა ადამიანი გამოეხმაურა, მათ თავიანთ უბნებსა და ქუჩებზე საკვებსა და ნივთებს მოუყარეს თავი, დადგეს კარადები, იგივე მოწოდებით გადაიღეს ვიდეოები და სოციალურ ქსელში გაავრცელეს. ასე მოიცვა რამდენიმე მეგობრის იდეამ, როგორც თბილისის სხვა დასახლებები, ისე ქვეყნის სხვა ქალაქები.