გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

გორში წმ. გრიგოლ ფერაძის ხსენების დღე აღნიშნეს

7-12-2018

გორში, წმინდა გრიგოლ ფერაძის ხსოვნას პატივი მიაგეს. პოლონეთის სეიმის წარმომადგენელი საკათედრო ტაძარში წირვას დაესწრო. პოლონურ-ქართულ ურთიერთობებში ჩართულმა ახალგაზრდებმა კი მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა ღონისძიებებში.

პოლონეთის სეიმის წარმომადგენელი, ბარტოშ იუზვიაკი მოხარულია, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე დამკვირვებლის სტატუსით, გორში იმყოფებოდა. მან ამ ქალაქში უამრავი ადამიანი გაიცნო, რომლებიც სწორედ პოლონურ-ქართულ ურთიერთობების განვითარებისთვის მუშაობენ.

,,მე შევხვდი უამრავ ადამიანს, შევხვდი ხელისუფლების წარმომადგენლებს. პოლონეთში დაბრუნების შემდეგ აუცილებლად გავაგრძელებ მუშაობას იმისთვის, რომ უფრო მეტი ადამიანი დაინტერესდეს საქართველოში ბიზნესის დასაწყებად და ინვესტიციების ჩადებით" - განაცხადა სეიმის წევრმა.

სტუმრებს მასპინძლობდა ქართულ-პოლონური ურთიერთობების ცენტრის ხელმძღვანელი სოფიო რეზრიჩენკო. მისი ძალისხმევით, წმ. გრიგოლ ფერაძის ხსენების დღეს, გორში, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა მოიყარეს თავი:

,,მიხარია, რომ დღეს ერთად შევიკრიბეთ ის ადამიანები, რომლებიც არაერთ პროგრამაში იღებდნენ მონაწილეობას და დაკავშირებულნი არიან პოლონეთთან. დავესწარით წირვას. მოგეხსენებათ, წმინდა გრიგოლ ფერაძე იმ ახალგაზრდების მფრარველად მიიჩნევა, რომლებიც პოლონეთში სწავლობენ. წირვის შემდეგ გვირგვინით შევამკობთ პილსუდკის სკვერს. შემდეგ კი, გორის უნივერსიტეტის სტუდენტებთან გაიმართება ლექცია გრიგოლ ფერაძის ცხოვრების და მოღვაწეობის შესახებ" - განაცხადა სოფიო რეზრიჩენკომ.

გრიგოლ ფერაძე იყო თეოლოგი, ისტორიკოსი, არქიმანდრიტი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა 1995 წელს. 2013 წელს 26 სექტემბერს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა.

გრიგოლ ფერაძე პოლონეთში, ვარშავაში მართლმადიდებლური სასულიერო სკოლის დირექტორად მუშაობდა. მეორე მსოფლიო ომის დროს, სასულიერო პირი თავისთან იფარებდაადამიანებს, რომლებსაც ფაშისტები დევნიდნენ. თავშესაფარსა და საზრდოს უნაწილებდა, რისთვისაც შეიპყრეს და ციხეში ჩასვეს, შემდეგ კი ოსვენციმის ბანაკში გადაიყვანეს.

,,როგორც მასთან ერთად მყოფი პატიმრები იგონებენ, მამა გრიგოლთან ერთად ბანაკში ერთი მრავალშვილიანი ებრაელი ყოფილა, რომელსაც ფაშისტებმა გაზის კამერაში გაგუდვა გადაუწყვიტეს. მამა გრიგოლს შებრალებია ეს კაცი, მისი სასჯელი თვითონ აუღია თავზე და მის მაგივრად შესულა გაზის კამერაში." - აღნიშნულია გრიგოლ ფერაძის ცხოვრების შესახებ შედგენილ ლიტერატურაში.


qartli.ge