გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

‘’თავდაცვა და უსაფრთხოება’’_ ახალი სასწავლო საგანი, რომელიც აღშფოთებას იწვევს

7-12-2018

გვინდა, გამოვეხმაუროთ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ერთობლივ ინიციატივას, ქვეყნის თოთხმეტ საჯარო სკოლაში, მოქმედი სამხედრო ოფიცრების მიერ, ახალი საგნის, ‘’თავდაცვა და უსაფრთხოება’’სწავლებას. როგორც ცნობილია, ხსენებული საგნის სახელმძღვანელო, ერთ-ერთ უმთავრეს საკითხად მოიცავს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის ანალიზსა და შეფასებას.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური სრულად იზიარებს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებისა და ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილის სავსებით სამართლიან და საფუძვლიან აღშფოთებას. მივიჩნევთ, რომ საქართველოს უახლეს ისტორიაში მომხდარ მხოლოდ ერთ, სამხედრო-პოლიტიკური თვალსაზრისით შეუსწავლელ, 2008 წლის ომზე მუდმივი აპელირება და მხოლოდ ამ ომის გმირების ღვაწლის აღნიშვნა და დაფასება, მაშინ, როდესაც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე, ჩვენს ქვეყანას არა ერთი ომი თუ შეიარაღებული კონფლიქტი გადაუტანია, ვფიქრობთ, არასწორია.
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, უახლეს ისტორიაში წარმოებულმა ომებმა, ქვეყანას მრავალი გმირი შემატა, რომელთა თავდადების არაღიარება, მათი სახელებისა და ისტორიების სასწავლო პროგრამაში გაუთვალისწინებლობა, ძალიან დიდი შეცდომა და მეტიც, დანაშაულია ქვეყნისა და მომავალი თაობების წინაშე! 
მიგვაჩნია, რომ აღნიშნულ სახელმძღვანელოში, მხოლოდ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომისა და საერთაშორისო-სამშვიდობო მისიებისა და მათი გმირების ისტორია არ უნდა ისწავლებოდეს! სახელმძღვანელო აუცილებლად უნდა მოიცავდეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის 1991-1993 წლებში, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში წარმოებული საომარი მოქმედებების, ასევე, კოდორში და 1998 წელს გალსა და 2004 წელს ცხინვალის რეგიონში მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტების და მათი გმირების ისტორიას, რათა არც ერთ, ისედაც გულმოკლულ დედას, რომლის შვილმაც თავი სამშობლოს ერთიანობასა და დამოუკიდებლობას შესწირა, არ ჰქონდეს განცდა, რომ მისი ვაჟკაცის მიერ ქვეყნისათვის გაღებული სისხლი და სიცოცხლე დაუფასებელი და უგულებელყოფილია!
არანაკლებ მნიშვნელოვანია,ზუსტად განისაზღვროს და საზოგადოებას მკაფიოდ განემარტოს ამ საგნის სწავლების მიზანი და ის შედეგი, რასაც იგი ჩვენი მომავალი თაობებისთვის გამოიღებს. პროფესიონალი და გამოცდილი სამხედრო ოფიცრების, ვეტერანების ფართო მსჯელობის საგანი უნდა გახდეს, ასევე, მოქმედი სამხედრო პირების მიერ ამ ახალი პროგრამის საჯარო სკოლებში სწავლების  მიზანშეწონილობა.
დიდი იმედი გვაქვს, ჩვენს ამ საფუძვლიან შენიშვნებს შესაბამისი უწყებები გაითვალისწინებენ და ქვეყანას აარიდებენ საზოგადოების ფართო მასებსა და მით უფრო, ვეტერანებს შორის განხეთქილებას და არ დაუშვებენ საქართველოს უახლესი ისტორიის მიკერძოებულად სწავლებას.