10-12-2018
სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, კაჭრეთში, სასტუმრო „ამბასადორში“ ჟურნალისტებისთვის მედიასემინარი გაიმართა. სააგენტოს მცენარეთა დაცვის სპეციალისტებმა მედიის წარმომადგენლებს მიმდინარე წელს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებებისა და შედეგების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის, ზურაბ ჩეკურაშვილის განცხადებით, მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებები მომავალ წელსაც სახელმწიფო სტრატეგიის შესაბამისად გაგრძელდება, რაც ფართომასშტაბიან მონიტორინგს, შეწამვლით ღონისძიებებს, საინფორმაციო კამპანიასა და სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას მოიცავს.
„ამ პროცესში უმნიშვნელოვანესია მედიის როლი და საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა, რაც მოსახლეობის ჩართულობის უზრუნველყოფას ხელს შეუწყობს “, - განაცხადა ზურაბ ჩეკურაშვილმა.
მიმდინარე წელს, მავნებლის საწინააღმდეგოდ თერმული ნისლის ტექნოლოგიით და ცივი შესხურებით, სამეგრელოს, გურიის, იმერეთისა და აჭარის რეგიონებში 790 ათასამდე ჰექტარი ფართობი დამუშავდა. სამუშაოებმა 27 მუნიციპალიტეტის 523 სოფელი მოიცვა. მონიტორინგის მიზნით, მთელი ქვეყნის მასშტაბით განთავსდა 8000 მდე ფერომონი (მავნებლის მისაზიდი).
ტყის პერიმეტრებსა და სოფლების ტერიტორიებზე 100 ათასამდე „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგური დამონტაჟდა; აქტიური საინფორმაციო კამპანია განხორციელდა, რაც მავნებელთან ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. დასავლეთ საქართველოში მავნებლის პოპულაცია სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგად შემცირდა, მისი გავრცელების არეალი ძველ საზღვრებში შენარჩუნდა და აღმოსავლეთ საქართველოში არ გავრცელდა.