14-12-2017
„სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა ბუტა რობაქიძის დედას, ია მეტრეველს თაღლითობაში ადანაშაულებს და მის წინააღმდეგ საჩივარი მთავარ პროკურატურაში შეაქვს.
როგორც „ნიუპოსტს“ კუპრავამ განუცხადა, საუბარია საქველმოქმედო ფონდ „ქომაგზე“, რომლის შემომწირველების ვინაობა და თანხის განკარგვა გაუმჭვირვალეა.
„საქართველოს პროკურატურა მაღალ ინტერესს ავლენს ფონდებსა და მათი საქმიანობის მიმართ. ჩვენ შევისწავლეთ სხვადასხვა ფონდი, მათ შორის ფონდი „ქომაგი“ და დოკუმენტალურად, ოფიციალურად დადასტურებული გვაქვს, რომ „ქომაგის“ ანგარიშებზე სხვადასხვა პერიოდში შეტანილ იქნა ასობით ათასი ლარი, ხოლო ხარჯვითი ნაწილი გაუმჭვირვალე და ბუნდოვანია, რომელიც ფონდის წესდებით, დეკლარაციაში საქველმოქმედო საქმიანობაში არ აისახება, რაც აჩენს კითხვებს. ჩნდება ეჭვი, რომ ფონდის საქველმოქმედო თანხების ნაწილი პირადი მოხმარებისთვისაა გახარჯული ფონდის ხელმძღვანელობის მიერ. სწორედ ამიტომ საჩივარი შეგვაქვს პროკურატურაში, რომელსაც დოკუმენტურ მტკიცებულებას ვურთავთ. იმედი გვაქვს, პროკურატურა დაიწყებს გამოძიებას,“ - აღნიშნა კუპრავამ.
ამასთან, „ნიუპოსტის“ ინფორმაციით, საგამოძებო უწყებაში სარჩელი შესაძლოა, ია მეტრევლის დეიდის, მაია ქავთარაძის წინააღმდეგაც შევიდეს, რომელიც თინა ხიდაშელის მრჩეველი და ფონდ „ქომაგის“ თნამშრომელი იყო.
აღსანიშნავია, რომ ქავთარაძე მაღალ თანამდებობაზე დანიშვნის პარალელურად, ბიზნესს ფლობდა. კერძოდ, ის კომპანია „იბერია -95“-ის აქციების 60%-ის მეწილე იყო. ამავე კომპანიის მეწილეა ია მეტრეველი, ის 20 %-ს ფლობდა.
„ნიუპოსტის“ კომენტარისთის ია მეტრეველს დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა: „კი ბატონო, შეიტანოს. მსგავს სისულელეებზე კომენტარს არ ვაკეთებ“.
ცნობისთვის, საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია ფონდი „ქომაგი“ 2012 წლის 30 აპრილს დააფუძნა ია მეტრეველმა. ია მეტრეველი იმავე დღეს გახდა ფონდის თავმჯდომარე და გამგეობის წევრი. ფონდის პრეზენტაციისას ია მეტრეველმა განაცხადა, რომ სააკაშვილის ხელისუფლებისას პოლიტიკური დევნით დაზარალებულ მოქალაქეებს უფასო საადვოკატო მომსახურებას გაუწევდა. ფონდი ასევე, დაუფარავდა უმწეოებს მკურნალობის ხარჯებს. ია მეტრეველი აგრეთვე, აცხადებდა, რომ ფონდი უსამართლოდ წართმეულ სოციალური შემწეობებს აღუდგენდა მოხუცებს. სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებულებს, განსაკუთრებით პოლიციელებს დაკარგული ხელფასის სრულ კომპენსაციას მოუხდენდა და ე.წ. პოლიტიკური პატიმრების ოჯახებს გამოუყოფდა 1500-დან 5000 ლარამდე ყოველთვიურ დახმარებას, თუმცა ხელისუფლების ცვლილების შემდეგ „ქომაგმა“ არსებობა შეწყვიტა.
"ნიუპოსტმა" ის დოკუმენტაციაც მოიპოვა, რომელსაც მოსარჩელე მხარე შოთაძის უწყებას მტკიცებულების სახით წარუდგენს.
დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ ამ თახებიდან ფონდის ხელმძღვანელმა ია მეტრეველმა 2012 წლის აპრილის თვეში პირად სარგებლობაში მყოფი ავტომანქანა, რომელის გამოშვების თარიღიც იყო 2000 წელი, გადაიყვანა ფონდი ქომაგის ბალანსზე და ამავე ფონდ ქომაგს 12 წლის მანქანა ასევე საკუთარი მოხმარებისთვის როგორც ფონდის თავმჯდომარემ 15 000 ლარად შეისყიდა.
წყარო: "გურიის მოამბე"