გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

გიორგი ცუცქირიძე: 3 მილიარდ ლარზე მეტი „ტოქსიკური“ სასესხებო დავალიანების ჩამოწერა ეკონომიკისა და ადამიანებისათვის ახალი შესაძლებლობის გაჩენას ნიშნავს

12-12-2018

„საბანკო სისტემისთვის და ეკონომიკისთვის რა უფრო კარგია, საკრედიტო დაწესებულებების რამდენიმე მილიარდი „ტოქსიკური“ პორთფელის მოცილება, ეკონომიკურ აქტივობას ჩამოცილებული მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის ამ ტვირთისაგან განთავისუფლება და მათი ეკონომიკური რეაქტივიზაცია თუ ბანკი, რომელსაც აქვს პრობლემური სასესხო პორთფელი და შეზღუდული მსეხებელთა რაოდენობა? ეს არის ახალი შესაძლებლობის გაჩენა ეკონომიკისა და ადამიანებისათვის“ - ამის შესახებ განცხადება საბანკო და საფინანსო ექსპერტმა, პროფესორმა გიორგი ცუცქირიძემ გააკეთა. 

- ექსპერტთა ნაწილმა და არა მხოლოდ მათ, საკმაოდ კრიტიკული შეფასება მისცეს ვალების განულების პროგრამას, ხოლო ზოგიერთი შეფასებით იგი წინასაარჩევნო ბლეფადაც კი მოინათლა, რამდენად შეეფერება ეს შეფასებები რეალობას?

გიორგი ცუცქირიძე: საქართველოში ნებისმიერ სამთავრობო ინიციატივას მიუხედავად იმისა, კარგია თუ ნაკლებად კარგი, ყოველთვის ჰყავდა და დღესაც ყავს სკეპტიკოსები. არც ის არის გასაკვირი, რომ საზოგადოების მაღალი პოლიტიზირებისას, ამ სახის შეფასებების ნაწილი წმინდა პოლიტიკურ დატვირთვას უფრო ატარებს და შორს დგას ეკონომიკური ხასიათის შეფასებებთან. ზოგადად საბანკო პორთფელი რაც უფრო პრობლემურია ანუ რაც უფრო „დანაგვიანებულია“ უმოქმედო სესხებით, მით უფრო მაღალია სისტემის ლიკვიდობის კრიზისების ალბათობა. ასე იყო თუნდაც აშშ-ში ბოლო იპოთეკური კრიზისისას, რამაც 2008-2010 წლებში გლობალურ კრიზისაც კი დაუდო სათავე.

დავანებოთ თავი ამ საკითხის პოლიტიკურ მდგენელს, ამ პრობლემას თუნდაც წმინდა ეკონომიკური თვალსაზრისით, რომ შევხედოთ 3 მილიარდ ლარზე მეტი „ტოქსიკური“ სასესხებო დავალიანების ჩამოწერა არის ახალი შესაძლებლობის გაჩენა ეკონომიკისა და ადამიანებისათვის. საბანკო სისტემისთვის და ეკონომიკისთვის რა უფრო კარგია, საკრედიტო დაწესებულებების რამდენიმე მილიარდი „ტოქსიკური“ პორთფელის მოცილება, ეკონომიკურ აქტივობას ჩამოცილებული მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის ამ ტვირთისაგან განთავისუფლება და მათი ეკონომიკაში ჩართულობა ანუ რეაქტივიზაცია თუ ბანკი, რომელსაც აქვს პრობლემური სასესხო პორთფელი და შეზღუდული მსეხებელთა რაოდენობა? როდესაც ხაზი ესმება, რომ ეს სესხები ისედაც უიმედო იყო, ამ გადაწყვეტილების სოციალური და ეკონომიკური ეფექტი არის ნულოვანი შედეგის მომტანი, სულ მცირე კორექტირებას მაინც საჭიროებს. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ მარტო ის ინტერესი და აჟიოტაჟი, რაც განულების ინტერნეტ გვერდის ჩართვას და რეგისტრაციის პირველ აქტივობებს მოყვა, ამ პროგრამის სწორ მიმართულებაზე მიუთითებს.

დავიწყოთ თავად მსესხებლებით, ეს ადამიანები რომლებსაც ამ სახის დავალინება ჰქონდათ, წლების მანძილზე იყვნენ პრობლემურ მსესხებელთა სიაში და პრაქტიკულად ისინი ახალ სესხს ვეღარ იღებდნენ. აქ საუბარი არ არის სამომხმარებლო სესხებზე, ნებისმიერ მათგანს დღეს შეიძლება ჰქონდეს საინტერესო ბიზნეს იდეა ან ჰქონდეს ბიზნეს შემოთავაზება, მაგრამ სწორედ ამ საკრედიტო დავალიანების გამოისობით, ბიზნეს სესხს ვერ იღებდა, რაც ბუნებრივია, ამ ადამიანების რიცხოვნობიდან გამომდინარე, მნიშვნელოვნად ამცირებდა მათ ეკონომიკურ პროცესებში ჩართულობას და შესაბამისად ეკონომიკურ აქტივობას მთლიანად. ერთ-ერთი პრობლემა მიკრო და მცირე ბიზნესის განუვითარებლობისა ესეც არის. ის შეფასებები თითქოსდა მათ მნიშვნელოვან ნაწილს კაზინოებში და ტოტალიზატორებში თამაშისას წარმოექმნათ ეს საკრედიტო დავალიანებები, ამ პრობლემის ძალზე უტრირებული და არასწორი ინტერპრეტაცია უფროა. ბუნებრივია, ამ ადამიანების რიცხვში ამ კატეგორიის ადამიანებიც შედიან, მაგრამ გაცილებით მნიშვნელოვან ნაწილს, ეს ვალები გასულ წლებში ეკონომიკური კრიზისების, პოლიტიკური წნეხის ან შემოსავლების შემცირების ან სამსხურის დაკარგვის შედეგად უფრო შეექმნათ.

ითვლება, რომ როცა არის მაღალი პრობლემური სესხების ნაწილი, სისტემა ფუნქციონირებს მაღალი ან საშუალო რისკის პირობებში. ამიტომაც შემთხვევითი არ არის, რომ განვითარებული ეკონომიკის ქვეყნებში კრიზისულ და პოსტკრიზისულ პერიოდებში ხდება ბანკებისათვის ამ სახის ვალების ჩამოწერა. ბანკები მოგების მაღალი საპროცენტო მარჟით ოპერირებენ იმიტომაც, რომ ამ მარჟით ხდება ყველა მოსალოდნელი ზარალის თუ ხარჯების გასტუმრება, სწორედ ამით შემცირდება ეს მარჟა. თუ ბანკების საკრედიტო პორტფელი გაჯანსაღდება, საპროცენტო მარჟის შემცირებასთან ერთად გაიზრდება ლიკვიდობა, და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია იგი აისახება საპროცენტო განაკვეთებზე. შეიძლება ითქვას, რომ ამ ვალების განულების და პლუს ახალი რეგულაციების შედეგად, მოსალოდნელია საბანკო პროცენტების შემცირებაც და ეკონომიკის სტიმულირებაც საკრედიტო რესურსებზე ხელმისაწვდომობის ზრდით.

- ერთ-ერთ არგუმენტად მოყავთ ნაკლები ეფქტურობა კერძოდ, განულების შემდეგ კვლავ მოხდება ამ ადამიანების ახალ საკრედიტო ვალების ჭაობში შეტყუება, ხოლო რეალურად ამ ვალების ღირებულება იყო მიზერული?

გიორგი ცუცქირიძე: მე სხვა დროსაც აღმინიშნავს, რომ უიმედო ვალების განულების დადებით ეფექტს ჩვენ მომავალში დავინახავთ, რადგან ჭარვალიანობა ეკონომიკის სერიოზულ პრობლემად იქცა. შინამეურნეობების დავალიანებით განკარგვად შემოსავალთან მიმართებაში, რაც 60 %-ს შეადგენს ჩვენზე 3-4 ჯერ მაღალი შემოსავლების მქონე ევროპის ქვეყნების დონეზე ვართ, რაც განსაკუთრებით ბოლო წლებში ზემაღალმა საკრედიტო ექსპანსიამ და სესხების პრატიკულად ლიმიტის გარეშე გაცემამ გამოიწვია. აქ საუბარი არ არის მხოლოდ ბანკებზე, იგი თანაბრად ეხებათ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს და განსაკუთრებით ონ ლაინ გამსესხებელ კომპანიებს. ახალი რეგულაციები, რომელიც ადგენს ყოველთვიურ განკარგვადი შემოსავალთან საკრედიტო ლიმიტებს, პრაქტიკულად გამორიცხავს ჭარბვალიანობის ახალი ტალღის აგორებას, მით უმეტეს სესხს ვეღარ აიღებენ ის ადამიანები, ვისაც არ გააჩნია დადასტურებული შემოსავალი. ამ ტიპის ლიმიტები და მოთხოვნები პრაქტიკულად ყველა განვითრებული ეკონომიკის მქონე ქვეყანაში, მათ შორის პირველ რიგში ევროკავშირის ქვეყნებში მოქმედებს და განკარგვადი შემოსავლის ზღვრად 25-30 %-ს აწესებს. ამოსავალი პრინციპი არის ძალზე მარტივი, განკარგვადი შემოსავალის დიდი ნაწილი დანაზოგებში და ისევ ეკონომიკის სტიმულირებაზე უნდა მიდიოდეს და არა საბანკო ვალებში. გარდა ამისა, ეს არის ერთჯერადი აქტი, რომელიც გრძელდება მხოლოდ 31 დეკემბრამდე და ვრანაირ ნეგატიურ პრეცედენტებს ვერ შექმნის სამომავლოდ.

რაც შეეხება კითხვის მეორე ნაწილს. საკრედიტო პორთფელის საბალანსო და წმინდა საბაზრო ღირებულების შესაფასებლად, გამოიყენება მაკრომეთოდის ანალიზი მისი პრობლემური საკრედიტო პორთფელის საბალანსო ღირებულების და შესაძლო დანაკარგებისა და ინვესტიციის ალტერნატიული სარგებლის მიხედვით. იმ შემთხვევაში თუ სესხი ხდება პრობლემური და მისი დაფარვა დგება დიდი ეჭვის ქვეშ, მაშინ მას აკლდება სესხზე შესაძლო დანაკარგების მაჩვენებელი, და ვიღებთ სესხის მოსალოდნელ საბაზრო ღირებულებას, რაც თავის მხრივ, მით უფრო მცირეა რაც მაღალია მოსალოდნელი დანაკარგი. საკრედიტო ინსტიტუტი იძულებულია მიიღოს შესაბამისი ზომები, მაგალითად სესხი გადასცეს აქტივების მართვის სააგენტოს ან აღსრულების ბიუროებს. ასეთ შემთხვევაში იგი დაკავშირებული იქნება მოსალოდნელ დამატებით ხარჯებთან პროცენტებისა და ძირითადი თანხის ამოღებასთან დაკავშირებით, რაც ასევე შეამცირებს სესხის საბაზრო ღირებულებას.

გარდა ამისა, სესხის წმინდა საბაზრო ღირებულებას ასევე აკლდება ინვესტიციის ალტერნატიული შემოსავლიანობა, რადგან თუ სესხი უმოქმედოა ბანკი ვერ იღებს შემოსავალს ამ პერიოდში ანუ შესაბამისი დროის ჰორიზონტზე იანგარიშება ამ თანხის სადისკონტო ღირებულება, რომელიც კიდევ უფრო ამცირებს სესხის სუფთა საბაზრო ღირებულების მიმდინარე ღირებულებას და შესაბამისად, ზრდის მოსალოდნელ ზარალს. აქედან გამომდინარე, რაც უფრო მაღალია მოსალოდნელი ზარალი სესხის საბაზრო ღირებულებასთან მიმართებაში, მით უფრო დაბალია ასეთი სესხების პორტფელის სარეალიზაციო ფასი. ამიტომაც არის, რომ ასეთი ტოქსიკური პორთფელები ხშირად იყიდება საბალანსო ღირებულების 7-10 %-ის ფარგლებში. თორემ სისტემისათვის რამდენიმე მილიარდი საბალანსო ღირებულების განულებაა მთავარი და ნაკლებ მისი სარეალიზაციო ღირებულება.

რადგან ამ საკითხზე ინტერესი კვლავ დიდია, ვეცდები განულების და ჩამოწერას შორის განსხავების ახსნასაც. კომერციული ბანკების მიერ აქტივების კლასიფიკაციისა და შესაძლო დანაკარგების რეზერვების შექმნისა და გამოყენების წესის მიხედვით, სესხის დაფარვისა და სხვა აქტივების ამოღების შეუძლებლობის დადგენის შემთხვევაში, ბანკებმა უნდა ჩამოწერონ უიმედოდ კლასიფიცირებული აქტივები და შეამცირონ შესაძლო დანაკარგების რეზერვი მისი დადებეტებით და აქტივების ანგარიშის დაკრედიტებით.

ასევე, კიდევ ერთხელ განვმარტავ, კომერციული ბანკის მიერ სესხის ჩამოწერა გადახდის შეუძლებლობის გამო არ ჩაითვლება ვალის გაუქმებად ანუ განულებად. აღნიშნული ვალი უნდა დარჩეს სპეციალურ გარესაბალანსო ანგარიშებზე მისი ჩამოწერის დღიდან საერთაშორისო საბანკო პრაქტიკის მიხედვით 3- 5 წლის განმავლობაში.

კომერციულმა ბანკმა უნდა მიიღოს ზომები როგორც ვადაგადაცილებული პროცენტის, ისე ძირითადი თანხის ამოსაღებად. ასეთ აქტივზე, ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს შეხედულებისამებრ, პროცენტების დარიცხვა გაგრძელდება გარესაბალანსო ანგარიშზე, რათა კვლავ ხდებოდეს მიმდინარე ვალდებულების შესაფერისი ასახვა.

მაგრამ თუ მოვალე არ გადაიხდის ჩამოწერილ სესხს ამ პერიოდის განმავლობაში, სესხის როგორც ძირითადი თანხა, ისე პროცენტები, მართალია გაუქმებული იქნება სპეციალური გარესაბალანსო უწყისის ანგარიშიდან ბუღალტრული სტანდარტების შესაბამისი გატარებების მეშვეობით, მაგრამ განულებისაგან განსხვავებით მაინც არ ნიშნავს სესხის ამოღების პროცედურების შეწყვეტას.

შესაბამისად, სესხის განულება ხდება ამ ვალის დაფარვისას, ან თავად მსესხებლის ანაც მესამე პირის მიერ. ქართუ ფონდის მიერ მიღებული გადაწყვეტილება იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ სწორედ ამ ვალდებულებების გაუქმება ხდება.