14-12-2017
ქ. ოზურგეთში, სანაპიროზე ჟღენტის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოები, რომელსაც ბერძნული კომპანია " ხრისტოს ანანოსი" ახორციელებს სამ კვირაში დასრულდება.
ამის შესახებ "გურიის მომაბეს" დღეს კომპანიის წარმომადგენელმა თენგიზ ჭანიშვილმა აცნობა.
დღეს სამუშაოები მოინახულა ოზურგეთის მერმა, კონსტანტინე შარაშენიძემ: "სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან 205 ათასი ლარით ფინანსდება, რომელიც ითვალისწინებს ბორდიურების მოწყობას და ასფალტის საფარის დაგებას. ეს არის ოზურგეთის შემოვლითი გზა, რომელიც ითვალისწინებს ქალაქის ცენტრში მოძრაობის განმუხტვას. ამ პროექტის დასრულების შემდეგ, ვაპირებთ აღნიშნულ ტერიტორიაზე მოწყობითი სამუშაოების ჩატარებას, რის შემდეგაც სანაპირო მიმზიდველი გახდება სხვადასხვა კომპანიებისთვის, ბიზნესის საწარმოებლად. ვფიქრობთ, რომ ამ კუთხით ეს ადგილი სერიოზულად განვითარდება"-გვითხრა შარაშენიძემ.
ცნობისთვის, სანაპიროს ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს უკავშირდება კორუფციული სკანდალი, რომელსაც ადგილი გასულ წელს ქალაქის მერიაში ჰქონდა. სწორედ ამის გამო, თვეების განმავლობაში შეჩერებული იყო პროექტის მიმდინარეობა.
წყარო: "გურიის მოამბე"