13-12-2018
"პატრიოტთა ალიანსის" წევრებმა ბათუმში საპროტესტო აქცია გამართეს. შეკრებილებმა უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიწების გასხვისების მორატორიუმის მოხსნაზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება გააპროტესტეს. ბათუმში იუსტიციის სახლთან დეპუტატი ემზარ კვიციანიც მივიდა.
"გვინდა გამოვუცხადოთ სოლიდარობა, ვინც მეხუთე დღეა წვიმაში დგას და აპროტესტებს ქართული მიწის გასხვისებას. ხაზი მინდა გავუსვა, რომ ჩემი ინფორმაციით დღესდღეობით არც ერთი მეტრი მიწა არ გასხვისებულა და ეს არის ძალიან დიდი დამსახურება პირველ რიგში თვითონ იუსტიციის სახლის თანამშრომლების და მერე რა თქმა უნდა იმ ხალხის, ვინც თბილისში ვდგავართ და ვაპროტესტებთ საკონსტიტუციო სასამართლოს მოღალატეობრივ გადაწყვეტილებას", - განაცხადა ემზარ კვიციანმა.
10 დეკემბერს მიწების უცხოელებზე გასხვისების მოწინააღმდეგეები იუსტიციის სახლთან შეიკრიბნენ. მათი მიზანია, რომ არ დაუშვათნ მიწების უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე დარეგისტრირება. აქციის გამო გუშინ თბილისის იუსტიციის სახლი შეფერხებით მუშაობდა.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხოეთის მოქალაქეებზე გასხვისებასთან დაკავშირებით დაწესებული მორატორიუმი 7 დეკემბერს არაკონსტიტუციურად გამოაცხადა.
ამასთან, საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ, ახალი კონსტიტუცია ამოქმედდება, რომელშიც სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით შესწორებები შევიდა. დოკუმენტის მიხედვით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსი, შეიძლება იყოს მხოლოდ სახელმწიფოს, თვითმმართველი ერთეულის, საქართველოს მოქალაქის ან საქართველოს მოქალაქეთა გაერთიანების საკუთრებაში. პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერსაა დაგეგმილი.