13-12-2018
თელავში საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციისთვის მოსამზადებელი სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა. ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იტყობინება.
ერეკლე მეფის სასახლის ტერიტორიაზე სცენის მონტაჟი მალე დასრულდება. პარალელურად, ქალაქის კეთილმოწყობასა და მოწესრიგებაში ჩართული არიან მერიის შესაბამისი სამსახურები.
ციხე-გალავნის ტერიტორიაზე ინაუგურაციის გასაშუქებლად მედიისთვის გაშლილია კარავი, რომლის გვერდით დაგეგმილია შესაბამისი ბანერის განთავსება.
ამასთან, მოსახლეობას საშუალება ექნება, თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის თეატრთან მონიტორის საშუალებით ინაუგურაციის ცერემონიას თვალყური ადევნოს.
როგორც პირველ არხს რეჟისორმა ბასა ფოცხიშვილმა განუცხადა, ცერემონიისთვის ბოლო დეტალების გასავლელად ინაუგურაციის საორგანიზაციო კომისიის წევრები თელავში ხვალ ჩავლენ.