13-12-2018
53 წლის კაკო ლომთათიძე ჩოხატაურის რაიონის სოფელ მეწიეთში, პატარა ქოხში, მარტო ცხოვრობს. ქოხი იმდენად პატარა და საცხოვრებლად მოუხერხებელია, რომ მისი პატრონი ცხოვრების თითქმის ნახევარს, იქვე ეზოში, მაღალ ხეზე სახელდახელოდ მოწყობილ "საძინებელში" ატარებს. კაკო ლომთათიძე "გურიის მოამბემ" მოინახულა და მასთან ინტერვიუც ჩაწერა:
"ცოლი არ მაწუხებს და შვილი, ვწევარ აქ და გადმოვყურებ სამყაროს" - ამბობს კაკო, რომელიც მეწიეთის მაღლობზე ბოლო მოსახლეა და ირგვლივ სულ ტყე აკრავს, რამდენიმე საცხოვრებელი სახლიცაა მეზობლად, მაგრამ მეპატრონეები მხოლოდ ზაფხულობით, დასასვენებლად ჩადიან.
ლომთათიძე თავს ნადირობით ირჩენს, მაგრამ, რაოდენ გასაოცარია, რომ ის ნადირობის იარაღად მშვილდ-ისარს იყენებს. ამტკიცებს, რომ დათვიც ჰყავს მოკლული.
"გასაკვირი ამ ამბავში უფრო მეტად ისაა, რომ კაკო ლომთათიძე არა საკუთარ სვე-ბედზე საწუწუნოდ, არამედ ერთი კონკრეტული მიზნით დაგვიკავშირდა - მოსწყინდა მარტო ყოფნა, მეორე ნახევარს ეძებს, ამბობს რომ არავინ არ თანხმდება ცოლობაზე მანამ, სანამ ელემენტარულ საცხოვრებელ პირობებს არ მოიწყობს..
და დუნიას, მისი გასაჭირი უნდა აცნობოს, ცოლს ირთავს კაცი და იქნებ სულიერმა ვინმემ ყურად იღოს თხოვნა და დაეხმაროს მას საკუთარი "კერიის" შექმნაში" - წერს "გურიის მოამბე"