14-12-2018
ინაუგურაციის საორგანიზაციო ჯგუფის წევრები, მათ შორის რეჟისორი ბასა ფოცხიშვილი ხვალ თელავში ჩავა და მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე დაათვალიერებს.
„ერეკლე მეფის სასახლის ტერიტორიაზე ტრიბუნის და სცენის მოწყობა სავარაუდოდ, ხვალ დასრულდება“, - ამის შესახებ imedinews-ს თელავის მერმა განუცხადა. შოთა ნარეკლიშვილი ამბობს, რომ ინაუგურაციისთვის ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში საქართველოს სახელმწიფო დროშები დღეს გამოფინეს.
„ქალაქის ტერიტორიაზე რამდენიმე დღეს ინტენსიური რეჟიმით მიმდინარეობს კეთილმოწყობის სამუშაოები. ეს პროცესი ამ დრომდე გრძელდება. რაც შეეხება სცენას და ტრიბუნის მოწყობას, სადაც არჩეული მეხუთე პრეზიდენტი ფიცს დადებს უკვე დასასრულს უახლოვდება. ხვალ და ზეგ ერთჯერადად სატესტო რეჟიმში გაისვრიან ქვემეხებს. ამის შესახებ ჩვენ განცხადება გავარცელეთ და მოსახლეობა გავაფრთხილეთ ხმაურის გამო შესაძლო პანიკის თავიდან აცილების მიზნით“, - განმარტავს თელავის მერი.
თელავში, სალომე ზურაბიშვილის ინუგურაცია ერეკლე მეფის სასახლის ეზოში 16 დეკემბერს, 15:00 საათზე დაიწყება და 40 წუთს გასტანს. ამის შემდეგ არჩეული პრეზიდენტი მიწვეულ სტუმრებთან ერთად წინანდალში, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში გაინაცვლებს, სადაც სადღესასწაულო მიღება გაიმართება.
სალომე ზურაბიშვილმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში თავის მეტოქესთან, ოპოზიციის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძესთან თითქმის 20%-იანი სხვაობით 28 ნოემბერს გაიმარჯვა. საქართველოს პრეზიდენტად 6 წლით არის არჩეული.