14-12-2018
თელავში ინაუგურაციის გენერალური რეპეტიცია ხვალ გაიმართება", ამის შესახებ imedinews თელავის ისტორიული მუზეუმის დირექტორმა განუცხადა.
გურამ ურჩუხიშვილის განცხადებით, სცენისთვის შესაბამისი კონსტრუქცია და აპარატურა ამ წუთებში მონტაჟდება, რათა ხვალ დილიდან გენერალური რეპეტიცია შეფერხებების გარეშე დაიწყოს.
"აქტიური სამზადისია. აპარატურა გუშინ მოიტანეს და დღეს დილიდან მისი მონტაჟი დაიწყო. იმის გამო , რომ ხვალ გენერალური რეპეტიცია იგეგმება დღეს საორგანიზაციო ჯგუფის წევრებს ველოდებით. ჩამოვა რეჟისორი ბასა ფოცხიშვილიც. რაც შეეხება ეზოს , ერეკლე მეფის სასახლე და მიმდებარე ტერიტორია უკვე დასუფთავდა. "- ამბობს გურამ ურჩუხიშვილი.
24-საათიანი რეჟიმით გრძელდება ქალაქის ქუჩების კეთილმოწყობა, სადაც სახელმწიფო დროშები გუშინ გამოიფინა. პროცესში აქტიურადაა ჩართული მერიის ყველა შესაბამისი სამსახური.
რიგით მე-5 პრეზიდენტის , სალომე ზურაბიშვილი ინაუგურაცია ერეკლე მეორის სასახლის ტერიტორიაზე 16 დეკემბერს , 15:00 საათზე დაიწყება და 40 გაგრძელდება. პროტოკოლით გათვალისწინებული ღონისძიებების შემდეგ პრეზიდენტი და მოწვეული სტუმრები ალექსანდრე ჭავჭავაძის მამულში გადაინაცვლებენ. სწორედ იქ, წინანდალში იგეგმება საზეიმო მიღება.