14-12-2018
შ.პ.ს. „სოფო“, რომელმაც გასულ წელს ოზურგეთის საბავშვო ბაღებისთვის ხორცით მომარაგებაზე ტენდერი მოიგო, გასულ კვირას სოციალურ ქსელში თავდასხმის ობიექტი გახდა.
ბაღების გაერთიანების ყოფილმა ხელმძღვანელმა, როგორც თავად სოციალურ ქსელში წერდა, ერთ-ერთი ბაღის მასწავლებლებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ საბავშვო ბაღში დამპალი ხორცი შეიტანეს.
ეკა ნინიძე ამტკიცებდა, რომ საბავშვო ბაღებს ამ მხრივ „ძველი დიდება დაუბრუნდა“ და მშობლებს მოუწოდა, ის მაინც გაარკვიონ, რას ჭამენ მათი შვილები.
ნინიძის ფეისბუკ პოტს, ასევე პოსტით გამოეხმაურა ბაღების გაერთიანების მოქმედი ხელმძღვანელი, მაკა ჭყონია და ნინიძე ბინძურ ცილისწამებაში დაადანაშაულა.
სოციალურ ქსელში კონკრეტულ თემას საკმაოდ დიდი აჟიოტაჟი და ურთიერთ დაპირისპირება მოჰყვა.
საბავშვო ბაღებში ხორცის შემოწმება სურსათის უვნებლობის სამსახურმაც დაიწყო, თავად მომარაგებელი კი, მთელ ამ, როგორც თავად მიიჩნევს ინტრიგნულ სქემაზე პასუხის გასაცემად „გურიის მოამბეს“ ბათუმიდან პირადად ესტუმრა.
სოფო ირემაძე ჩვენთან საუბრისას ყველა იმ პროცედურაზე საუბრობს, სანამ ხორცი საბავშვო ბაღებში შევა და აგორებული შავი პიარის უკან კონკრეტული პირების ინტერესებს ხედავს:
„ყველაზე მეტად რამ გამაღიზიანა იცით? ხაზგასმა რომ ხდება აწარა ამარაგებს და ეს აჭარიდან რატომ უნდა ხდებოდეს და...ოზურგეთელს რომ ჰქონდა ტენდერი მოგებული და მას აჭარა ამარაგებდა ხორცით და დღემდე 13 ათასი ლარი აქვს ჩვენი დავალიანება ამაზე ვინმე იღებს ხმას? სწორედ მაგ ძველი ხელმძღვანელობის პერიოდში. რატომ არ დაინტერესდა ქალბატონი ნინიძე და ბატონი მექვაბიშვილი მაშინ ამ პრობლემით?
მაშინც ხომ ჩვენ ვამარაგებდით ტენდერში გამარჯვებულ გელა საჯაიას ხორცით? ერთი წლის განმავლობაში რამე პრობლემა იყო? ან ახლა ნახეს სადმე პრობლემა? ვიღაცის ინტრიგების გამო, რომ თავზე დაუმსახურებლად გადაგვიარეს? ყველაზე მეტად რამ გამაღიზიანა იცით? #9 ბაღში რომ მითხრეს, იყო სურსათის უვნებლობის სამსახური და დავუმალეთ ეს ამბავიო და რატომ დაუმალეთ თუ პრობლემა იყო, თუ გაფუჭებული იყო ხორცი მთელი ქსელიდან ამოვიღებდით-მეთქი. ამაზე ვერ მიპასუხეს . თურმე მასწავლებელი შესულა სამზარეულოში, აღმოუჩენია ეს ამბავი, მერე სურსათის უვნებლობისთვის დაუმალავს და აცნობა ეკა ნინიძეს? ჯერ ის კითხვა მაქვს, რა უნდოდა მასწავლებელს სამზარეულოში? მერე იმას რომ იძახის ჩემს შვილს არ ვაჭმევ ამასო, მის შვილს კი არა, არავის შვილს არ უნდა ჭამოს თუ რამე საეჭვოა. ან ის რატომ არ თქვეს მერე, რომ ხორცი კი არ იყო გაფუჭებული, არამედ იყო ერთ პატარა ადგილზე კაფსულასავით ნანემსარი. სურსათის უვნებლობაც ისე აგრესიული ტონით მელაპარაკა, გეგონება რამე დანაშაული მქონოდა. ან ისიც რატომ დამალეს, რომ სურსათის უვნებლობამ შეამოწმა ხორცის ეს პარტია და იყო ყველა აბსოლუტურად ჯანსაღი და არანაირი პრობლემა არ ჰქონდა. რომ ექიმის რეკომენდაცია იყო, ის პატარა ნაწილი ამოეჭრათ, სხვა პრობლემა იქ არ იყო. ადგილზე უნდა მოწვიათ სპეციალისტები, იმ წამსვე უნდა აეტეხათ განგაში და არა ისე, როგორც მოიქცნენ, დამალეს ფაქტი, გადაუღეს ფოტოები და სამი დღის შემდეგ ატეხეს ინტრიგა. რას ნიშნავს ეს. რატომ მლანძღავს ვიღაც ადამიანები? ?“-აღნიშნავს ირმა ხაბაზი და გაერთიანების ყოფილ ხელმძღვანელს ცილისმწამებლური განცხადებების გაკეთებამდე, სიტუაციის გარკვევას ურჩევს:
„სანამ ეს ქალბატონი ინტრიგნების ხლართვას დაიწყებდა, მანამ უმჯობესი იქნებოდა, იმაში გარკვეულიყო რა და როგორ ხდება. ეჭვებით რომ საუბრობს, იქნებ კარგი ხორცი შემოდის და სადმე იცვლება მერეო, ეს ალბათ მისი ხელმძღვანელობის დროს ხდებოდა ასე, რომ სადღაც გვირაბებში და მისივე სიტყვებით რომ ვთქვა კრუზაოებზე ცვლიდნენ ხორცის კონტეინერებს. მე ეს აზრადაც არ მომსვლია და არც შეიძლება ასეთი რამ რომ მოხდეს. ალბათ ისიც არ იცის, რომ საკლავი აქ იკვლება და ის გვირაბებს არ გადის.
ახლა აგიხსნით რას ვაკეთებთ და როგორ. ჯერ ერთი, მე ტენდერის პირობებით არ მქონდა ვალდებულება საკლავი აქ დამეკლა ადგილზე, მაგრამ რადგან ეს იყო ბაღების გაერთიანების მოთხოვნა, ამაზეც დავთანხმდი. ღამის 4 საათზე ჩამომყავს საკლავი დვაბზუს სასაკლაოზე. იქ მხვდება გაერთიანების წარმომადგენელი, მონიტორინგის ჯგუფი, ვეტექიმი, 45 წუთი არ იკვლება, რადგან მგზავრობის შემდეგ უცებ არ შეიძლებაო. ჯერ ამოწმებენ ცოცხალ საკლავს, არის თუ არა ჯანმრთელი, მერე იკვლება. ეს ხდება კვირა დღეს. ინახება მაცივარში და 13 საათის შემდეგ ვიწყებთ დაფილვას. ორშაბათს დილით იწყება ბაღებში დარიგება. ამ პროცედურებს შეუძლია დაესწროს ნებისმიერი მშობელი და ნახოს.
ერთი წელია ბაღებში ხორცი შეგვაქვს და არ ყოფილა შემთხვევა რამე პრობლემა გვქონოდეს. გამორიცხულია ხორცი შემოწმებული არ იყოს. ფაქტი რა არის-იმ დღეს კონკრეტულ ბაღში შევიდა 40 კგ. ხორცი. ერთი 18 კილოგრამიანი ბარკალი და მეორეც ვარკალი იყო 21 კილოგრამიანი. ახლა ეკა ნინიძეს მინდა ვკითხო-რა შევცვალო ხიდის ქვეშ, ბარკალი? ყველაზე საუკეთესო ნაჭერი რითი შევცვალე შეუძლია მითხრას? ან იმაზე მიპასუხებს, თუ ხორცი დილის 9 საათზე შევიდა და იყო გაფუჭებული, 3-4 საათი რატომ არ იღონეს არაფერი? რატომ არ ატეხეს განგაში? თუ ინტრიგისთვის სჭირდებოდათ ეს სცენარი? დიახ, ეს იყო სპეციალურად აგორებული საძაგელი ტყუილი და ცილისწამება“-გვეუბნება ირმა ხაბაზი.