15-12-2018
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით, 1996 წელს დაბადებული ე.რ., 2001 წელს დაბადებული ე.გ. და 1997 წელს დაბადებული რ.ი. დააკავეს.
დანაშაული 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ე.რ.-მ და ე.გ.-მ რუსთავში მოქალაქეს საცხოვრებელი სახლიდან მობილური ტელეფონი, ფული, ასევე სამკაულები გასტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. სამართალდამცველებმა ნაყაჩაღარი ნივთები ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.
ქვემო ქართლში სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს რ.ი.-ც, რომელმაც თანამზრახველებთან ერთად, რუსთავში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, 9 500 აშშ დოლარი გასტაცა. პოლიციამ დაკავებულის თანამზრახველების ვინაობა ოპერატიულად დაადგინა და მათ დასაკავებლად ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.
გამოძიება ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით და დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.