გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

სოფო ქაცარავა: სამწუხაროდ, „ნაციონალური მოძრაობა“ დღევანდელი დღის მნიშვნელობას ვერ აცნობიერებს

16-12-2018

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, სოფიო ქაცარავას განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ დღევანდელი დღის მნიშვნელობას ვერ აცნობიერებს.
ეს განცხადება ქაცარავამ პარტია "ქართული ოცნების" ოფისში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

"დღეს საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი დღეა, რადგან თელავში გაიმართება ინაუგურაციის ცერემონია, სადაც ჩვენი ქვეყნის პირველი ქალი პრეზიდენტი დადებს ფიცს.


ინაუგურაციის ღონისძიებას დიდი დატვირთვა აქვს, მასში მონაწილეობს არაერთი მაღალი დონის დელეგაცია, მეგობარი ქვეყნების ყოფილი და მოქმედი პრეზიდენტები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სხვა სტუმრები. შესაბამისად ამ ღონისძიების ღირსეულად ჩატარება ჩვენი ქვეყნის იმიჯისა და რეპუტაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.


ღონისძიების მნიშვნელობიდან და დატვირთვიდან გამომდინარე, ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ინაუგურაცია ჩატარდეს მაღალ დონეზე, ისე, როგორც ამას იმსახურებს ჩვენი ქვეყანა და თითოეული ჩვენი მოქალაქე.


სამწუხაროდ, „ნაციონალური მოძრაობა“ ვერ აცნობიერებს დღევანდელი დღის მნიშვნელობას და მათ დაანონეს საპროტესტო აქცია, მათ შორის, ქალაქ თელავშიც. ჩვენ ვცხოვრობთ დემოკრატიულ ქვეყანაში და განსხვავებული აზრის და პროტესტის გამოხატვა მათი კონსტიტუციური უფლებაა. ამ შემთხვევაშიც, მათი ეს უფლება დაცული იქნება, თუმცა, არა სხვების უფლებების შეზღუდვის, ან კანონის დარღვევის ხარჯზე, ამიტომ, მინდა მოვუწოდო ყველას, თავი შეიკავონ ნებისმიერი პროვოკაციისგან.


მედიის წარმომადგენლებს კარგად მოგეხსენებათ, რომ პრეზიდენტის ინაუგურაცია არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის, არამედ მთელი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი დღეა. შესაბამისად, ინაუგურაციაზე დასასწრებად მოწვეული არიან ოპოზიციის წარმომადგენლებიც. ამ დროისთვის, ჩვენი ინფორმაციით, ღონისძიებაში მონაწილეობას ადასტურებს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთი წევრი - ნიკა მელია. იმედს გამოვთქვამ, რომ იგი ქვეყნისთვის ასეთ მნიშვნელოვან დღეს მაინც მოახერხებს გადაუხვიოს მისთვის ჩვეულ სტილს, რომ არ მოაწყოს პროვოკაცია და საჭირო არ გახდეს სამართალდამცავი ორგანოების ჩარევა. ეს ჩვენი საზოგადოების და ქვეყნის ინტერესებშია.


აქვე აღვნიშნავ, რომ დარწმუნებული ვარ, ჩვენი სამართალდამცავი უწყებები ყველაფერს გააკეთებენ, რათა კანონის სრული დაცვით, დღევანდელმა დღემ მშვიდ ვითარებაში ჩაიაროს.


დასასრულს, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ დღევანდელი დღე საქართველოს ისტორიაში შევა, როგორც პირველი ქალი პრეზიდენტის ინაუგურაციის დღე, რომელიც ჩვენი საზოგადოების გამთლიანების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საფუძვლად უნდა იქცეს"-განაცხადა ქაცარავამ.