20-12-2018
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გურჯაანში დაანონსებულ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, 20 დეკემბერს, დილის 09:00 საათიდან გურჯაანის გარკვეულ ქუჩებზე, კერძოდ: დ. გურამიშვილის, შ. რუსთაველის, ი. ნონეშვილის და თავისუფლების ქუჩებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა და პარკირება შეიზღუდება.
აქციის დასრულებისთანავე აღნიშნულ ქუჩებზე ავტომანქანების მოძრაობა სრულად აღდგება.
შინაგან საქმეთა სამინისტრო 20 დეკემბერს, კახეთში დაგეგმილ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მოუწოდებს აქციების ორგანიზატორებს და მონაწილეებს, დაიცვან მართლწესრიგი და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს.
"შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება დაცულია. თუმცა, ის უნდა ხორციელდებოდეს მშვიდობიანი ფორმით და არ უნდა ლახავდეს სხვა პირთა უფლებებს და საზოგადოებრივ უსაფრთხოებას.
ამასთან, დაუშვებელია შეკრების და მანიფესტაციის ჩატარების დროს შენობების შესასვლელების, ავტომაგისტრალების ბლოკირება, ხოლო კანონით პირდაპირ გათვალისწინებული საფუძვლის გარეშე - გზის სავალი ნაწილის გადაკეტვა. ამასთან დაუშვებელია საზელმწიფო ინსტიტუტების ნორმალური ფუნქციონირებისთვის ხელის შეშლა.
პოლიცია 20 დეკემბერს, დაიცავს გურჯაანში დაანონსებულ საპროტესტო აქციაზე შეკრებილების გამოხატვის თავისუფლებას. ბრალდებულ დავით კირკიტაძის აღკვეთის ღონისძიების სასამართლო განხილვის პარალელურად დაგეგმილ საპროტესტო აქციაზე შეკრებილებს შეუძლიათ ისარგებლონ მშვიდობიანი შეკრების უფლებით და აზრის დაუბრკოლებლად გამოხატვის თავისუფლებით კანონით დასაშვებ ფარგლებში და დადგენილი წესით.
შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს, რათა არ დაირღვეს კანონი, უზრუნველყოფილი იქნეს საზოგადოებრივი წესრიგი და სახელმწიფო ინსტიტუტების შეუფერხებელი საქმიანობა.
ამ მიზნით და შესაძლო პროვოკაციების თავიდან ასაცილებლად, მთელი დღის განმავლობაში მობილიზებული იქნება საპოლიციო ძალები, რომლებიც მოახდენენ პატრულირებას. საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მიერ, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი"-აცხადებენ შსს-ში.