20-12-2018
„არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება პოლიციელების შეურაცხყოფა, სხვადასხვა ფორმით, გახდეს ყოველდღიურობა და ამის ტენდეცია გამოიკვეთა ერთგვარად ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში”,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ოპოზიციის მხარდამჭერთა დაკავებისშესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას.
ირაკლი კობახიძის თქმით, საჭირო იყო პასუხი და ეს პასუხი კანონის ფარგლებში იქნა გაცემული.
„ამას სჭირდებოდა პასუხი და ეს პასუხი იქნა გაცემული კანონის ფარგლებში. ასე უნდა მოქმედებდეს ხელისუფლება. დაუშვებელია უარყოფითი ტენდენციებისთვის გზის მიცემა. ეს არ იქნებოდა სწორი. აქედან გამომდინარე, საჭირო იყო, აუცილებლად, ხელისუფლების მხრიდან პასუხი”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ 16 დეკემბერს ოპოზიციას ალტერნატიული გზა შესთავაზეს, თუმცა, მისივე შეფასებით, იმ დღეს მათ პროვოკაციის მოწყობის თვითმიზანი ჰქონდათ.
“შეთავაზებული იყო ოპოზიციისთვის ალტერნატიული გზა, რომელსაც სჭირდებოდა 20 წუთით მეტი, თუმცა, აშკარად, ოპოზიციას იმ დღეს ჰქონდა თვითმიზანი მოეწყოთ პროვოკაცია. ეს მათ შეძლეს. მათ შეძლეს პოლიციელებისთვის შეურაცხყოფის მიყენება. ამას, ბუნებრივია, სჭირდება პასუხი ხელისუფლებისგან”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.