26-12-2018
რუსული გამოცემა «Свободная пресса» ოკუპირებული აფხაზეთის შესახებ სტატიას აქვეყნებს, სადაც აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლებას და თავად აფხაზ ხალხს მწვავედ აკრიტიკებს.
საინფორმაციო პორტალი region.ge გთავაზობთ ვიქტორ სიკირკოს ავტორობით გამოქვეყნებული სტატიის ქართულენოვან ვერსიას მცირე შემოკლებით:
აფხაზეთი მცოდნე ექსპერტები ძალზე ბევრია, მაგრამ მაინც რა ვიცით ჩვენ „სულების ქვეყნის“ შესახებ, როგორც აფხაზები თავიანთ ქვეყანას უწოდებენ? რუსეთში ობივატელის დონეზე რამდენიმე სტერეოტიპი არსებობს: რესპუბლიკა რუსეთის მიერაა აღიარებული, იქ ცხოვრობს მხიარული და იმავდროულად უსაქმური ხალხი, ხარობს მანდარინი და ფეიჰოა, იზრედება პალმები, არის ზღვა და საკურორტო მომსახურების დაბალი დონე, მაგრამ იაფი ვიდრე სოჭში.
ვიცით, რომ ოდესღაც აფხაზები ქართველებთან ომობდნენ და რომ ამ ომში აფხაზებმა გაიმარჯვეს. ისიც გაგვიგონია, რომ აფხაზეთის საზღვარს რუსი მესაზღვრეები იცავენ და რომ ამას ყოველი რუსი ხედავს მდინარე ფსოუზე, ადლერთან ახლოს. ზოგიერთებს, ალბათ, ისიც გაახსენდებათ, რომ აფხაზები რუსეთის პასპორტები აქვთ და, შესაბამისად, რუსეთის მოქალაქეებად ითვლებიან, თვით რესპუბლიკა კი რუსული რუბლის მიმოქცევის ზონაში შედის. ასეთი ზედაპირული ცოდნა, ალბათ, ობივატელის დონეზე საკმარისია, ყოველ შემთხვევაში, დამსვენებლებისათვის მაინც, რომლებსაც სოხუმისა და გაგრის პლაჟებზე რუსულ-აფხაზური სასაუბრო არ ჭირდებათ. საერთოდ, „კურორტნიკები“ აფხაზეთის ერთ-ერთ დიდ პრობლემას წარმოადგენს: 2018 წლის სეზონი აფხაზეთისთვის ნაკლებშემოსავლიანი აღმოჩნდა. პლაჟები და სასტუმროები ფაქტიურად ცარიელი იყო: იქ, სადაც წინა წლებში მუსიკა ისმოდა და მხიარული განწყობა სუფევდა, 2018-ის ზაფხულში უჩვეულო სიჩუმე იყო. მოკლედ, ტურისტები ცოტა იყო, რუსებისათვის სოჭი და მისი ახლო-მახლო კურორტები კომფორტითა და უსაფრთხოების დონით უფრო სასურველი აღმოჩნდა.
აფხაზეთში თვლიან, რომ ყველაფერი ფულის სიმცირის ბრალია, რომელიც არასდროს სამყოფი არ არის. რა დასამალია, აფხაზეთი ბევრადაა დამოკიდებული რუსეთის ფინანსურ დახმარებაზე. ეს ობიექტურია. ჯერ ერთი, რომ საომარი მოქმედებების გამო რესპუბლიკა სერიოზულად დაზარალდა - დაინგრა პრაქტიკულად ყველა სამრეწველო საწარმო, მოიშალა საკურორტო ინფრასტრუქტურა, დაზიანდა სანატორიუმები, სასტუმროები, საცხოვრებელი ფონდი... მეორე - სანამ აფხაზეთი საერთაშორისო თანამეგობრობისაგან არ არის აღიარებული დამოუკიდებელ სახელმწიფოდ, არავინ მის ეკონომიკაში ინვესტირებას არ ჩქარობს. საერთოდ, კი თვითონ აფხაზებიც ინვესტირების საკითხში გადაულახავ ბარიერებს ქმნიან - კანონმდებლობით, ყოველი კომპანიისა თუ ფირმის თანამფლობელი მხოლოდ აფხაზეთის ძირ-ძველი მოქალაქე უნდა იყოს.
ვაღიარებთ და არ ვმალავთ: ფაქტია, რომ რუსეთმა ჯერ ბანალურად მიიჩვია აფხაზეთი ფულით და ძალიან გაანებივრა, შემდეგ ფულიანი ჯიბე შეუთხელა. რასაკვირველია, ასეთი სეკვესტრი არავის არ მოეწონებოდა. „მსუქან“ წლებში, სერგეი ბაღაფშისა და ალექსანდრე ანქვაბის პრეზიდენტობის დროს, სოხუმის ყოველწლიური დაფინანსება მოსკოვისაგან, აფხაზებს „შარვალი რომ არ ჩაძრომოდათ“, 5 მილიარდ რუბლს აღწევდა. პლუს რესპუბლიკა კარგ ფულს იღებდა ტურისტებისაგან და სამშენებლო მასალების გაყიდვისაგან, სოჭის ოლიმპიური ობიექტებისა და რუსეთის ბაზების მშენებლობისათვის.
როგორც ჩანს, აფხაზებს ეგონათ, რომ მუდამ ასე იქნებოდა, მაგრამ ეტყობა, კრემლში რაღაც სხვანაირად დაიწყეს აზროვნება, ან ფინანსთა სამინისტრომ თქვა - „გვეყო აფხაზების რჩენაო!“ და 2016 წლიდან მოსკოვიდან წამოსულმა რუბლების ნიაღვარმა დაწრეტა დაიწყო. ფულზე უარის მიზეზი ასე ჟღერს: „აფხაზეთის ხელისუფლებამ ვერ შეძლო დაფინანსების სათანადო სახით დასაბუთება, ამიტომაც სამინისტრომ ვერ შეძლო ბიუჯეტში აფხაზეთისთვის ჩადებული თანხის გადარიცხვაო“. მართალია, მოგვიანებით სოხუმმა საინვესტიციო პროგრამა წარადგინა, მაგრამ ფული მაინც ვერ მიიღო. შესაბამისად, პრეზიდენტი ხაჯიმბა ყველაზე ღარიბი გახდა რუსული ფულის სიმცირის გამო - მისი 3 წლის მმართველობის განმავლობაში აფხაზეთმა მხოლოდ ხუთი მილიარდი მიიღო წინამორბედებმა კი ექვს წელიწადში - 32 მილიარდი.
ნუ შევეცდებით იმის დათვლას, თუ რამდენი მიიღო იმავვე პერიოდში მეზობელმა საქართველომ თავისის სიუზერენის - ამერიკისაგან და საერთოდ, დასავლეთისაგან, თუმცა შედეგი სახეზეა - იქ ეკონომიკური წინსვლა და ტურიზმის განვითარება ნამდვილად შეინიშნება. საქართველოში ამერიკის ფული რეალურად მუშაობს, ჩინოვნიკების ჯიბეში კი არ მიდის, აფხაზეთის მსგავსად. ამერიკელები ისე არ მოიქცნენ, როგორც რუსეთი იქცევა აფხაზეთში - მათ ძვირადღირებული სამხედრო ბაზები კი არ ააშენეს, არამედ საქართველოში სამხედრო ინსტრუქტორები გაგზავნეს ადგილობრივი არმიის მოსამზდებლად და იარაღის დასაუფლებლად. შედეგი - ქართული არმიის „ფასმა ძალიან მოიმატა და მიუხედავად 2008 წელს რუსეთთან მომხდარ „ხუთდღიან ომში“ დამარცხებისა, დღეს რეგიონში რეალურ ძალას წარმოადგენს.
გასულ ზაფხულს საქართველოში რუსების ტურისტული მოგზაურობის ბუმი იყო: ჩვენი თანამოქალაქეები სიხარულით მიდიოდნენ შავიზღვისპირა კურორტებზე, აჭარაში დასასვენებლად, სეირნობდნენ გალამაზებულ თბილისში. ეჭვგარეშეა, რომ ეს ტენდენცია მომავალშიც შენარჩუნდება - ჩვენი ტურისტები კომფორტს ირჩევენ. არადა, ისინი ხომ აფხაზეთის პოტენციური დამსვენებლები იყვნენ? აფხაზეთისა, რომელმაც, სამწუხაროდ, დღემდე ვერ მოახერხა თავისი ეკონომიკის ყველაზე მომგებიანი დარგის - საკურორტო სფეროს და პლუს - სოფლის მეურნეობის აღდგენა. წლების განმავლობაში სოხუმისათვის გადარიცხული უამრავი ფული გაფლანგულია.
„დიახ, რუსეთის ფინანსურმა დახმარებამ ბოროტი სამსახური გაგვიწია, - ამბობს თვითონ პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბაც, - როგორც არ უნდა მივუდგგეთ, დასკვნა ასეთია - ნაჩუქარი ფული ადამიანს სხვის კმაყოფაზე ცხოვრებას აჩვევს. ჩვენ იმის ნაცვლად, რომ რუსეთისაგან მიღებული თანნხა მრეწველობაში ჩაგვედო, აგვეშენებინა სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადადამამუშავებელი საწარმოები, კომუნალური მეურნეობის მოდერნიზება მოგვეხდინა, აგვეგო ახალი სანატორიუმები, ცოდვა გამხელილი ჯობს - ფულის დიდი ნაწილი გავფლანგეთ, ნაწილი კი უყაირათოდ დავხარჯეთ“.
აფხაზეთში თვლიან, რომ ეკონომიკის განვითარებისათვის ერთ-ერთ ძირითად ხელშემშლელ მიზეზს რუსეთის საზღვარი წარმოადგენს. მდ.ფსოუზე არსებულ საზღვარზე რუსეთში აფხაზური პროდუქციის ძირითადი ნაწილი გადის. ბუნებრრივია, პირველ რიგში სასოფლო-სამეურნეო, მათ შორის, მალფუჭებადიც. აფხაზები ითხოვენ, რომ საზღვარი ღია იყოს - ანუ სურთ საზღვარს სტატუსი ადმინისტრაციულის მსგავსად ჰქონდეს: ისე, როგორც, ვთქვათ, კრასნოდარის მხარესა და ადიღეს შორის არის. ამ მოთხოვნას იმით ამართლებენ, რომ აფხაზეთის მოსახლეობას თითქმის ყველას რუსეთის პასპორტები აქვთ, რუსეთის მოქალაქეები არიან და აქედან გამომდინარე, მათ სოჭში წასვლა ისე უნდა შეძლონ, როგორც სახლში დადიან - საპასპორტო და საბაჟო კონტროლის გარეშე.
- აფხაზეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა, რომელიც რუსეთმა აღიარა, ამიტომაც ჩვენ გვაქვს უფლება საზღვარზე გადასვლისას კომპრომისებისა და დათმობების იმედი გვქონდეს, - ამბობს პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკის საკითხებში ამირან ლაგვინავა, - ჩვენ ხომ არ ვითხოვთ სულ უკონტროლოდ გაშვებას? ყველაფერი კანონიერად იყოს, მაგრამ განსაკუთრებული პირობებით, როგორიც, ვთქვათ, ევროკავშირის საზღვრებზე არსებობს, შერჩევითი კონტროლით. ჩვენ სწორედ ასეთი ურთიერთობა გვინდა, რომ ნაკლები დრო დაჭირდეს საზღვარზე გადასვლა-გადმოსვლას როგორც მოსახლეობის, ასევე სატვირთო ტრანსპორტისათვის.
აფხაზეთის სწრაფვა გამჭვირვალე საზღვრისათვის სრულიად გასაგებია - ყველას და ცხადია, მათაც სურთ სწრაფად და მომგებიანად... მაგრამ, როგორც ნათქვამია, „ყველაფერს თავისი ნიუანსი აქვს“. ჯერ ერთი, რომ საზღვარს სახელმწიფო სტატუსი აქვს თავისი საბაჟო ფუნქციებით, მეორე - აფხაზეთის ტერიტორიაზე თავისუფლად „დახეტიალობს“ უამრავი ცეცხლსასროლი იარაღი და საზღვარი რომ არ იყოს, ის რუსეთის ტერიტორიაზეც გადმოვა. მართალია, იარაღის ნაწილი რეგისტრირებულია (აფხაზი რეზერვისტები ავტომატებს სახლში ინახავენ), მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ათასობით „ლულა“ ჩვეულებრივი მოქალაქეების ხელშია, თანაც ყოველგვარი კონტროლის გარეშე. სოხუმში პისტოლეტის ყიდვა პრობლემა არ არის, მაგრამ მისი საზღვარზე გადატანა ძნელია. მოკლედ, აფხაზებს რუსეთის საზღვარი სწორედ დახურული სტატუსის გამო არ უყვართ.
იგივე მდგომარეობაა აფხაზეთის საზღვარზე საქართველოსთან, რომელსაც ასევე რუსი მესაზღვრეები იცავენ (თავიანთ აფხაზ კოლეგებთან ერთად) და იქაც თავისუფლად არავინ მიდი-მოდის. თუმცა ბოლო დროს ადგილობრივ მოსახლეობას მისი რეჟიმის „შერბილება“ სურს, პროდუქციის გატანის თავალსაზრისით: საქართველო სიამოვნებით ყიდულობს აფხაზურ მანდარინს, თხილს და სხვა პროდუქციას, თან მასში, რუსეთთან შედარებით, უფრო მეტს იხდის. სოხუმში ამ ფაქტს არა მარტო ყურადღებას აქცევენ, არამედ მოსკოვზე ზეწოლისათვისაც იყენებენ - „თქვენ საზღვარს არ ხსნით, თბილისი კი, შეხედეთ, მზად არის კარი გაგვიღოსო“, თუმცა ავიწყდებათ, რომ კარი მეორე მხარესაც იღება და რომ საქართველოც მზადაა შესასვლელად, გინდაც ჯერ ვაჭრობის გზით.
აფხაზური მანდარინი კი, ცხადია, რუსების საახალწლო მაგიდაზე აუცილებლად იქნება - მაროკოდან, ეგვიპტედან, ისრაელიდან და სხვა ქვეყნებიდან იმპორტირებულ მანდარინთან ერთად.