26-12-2018
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა გასვლითი პროფილაქტიკური სამედიცინო გასინჯვების“ პროგრამის ფარგლებში დაბა სურამში სანატორიუმ მზიურში, ნაკადულსა და სურამში მცხოვრები აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირებისთვის გეგმიური უფასო სამედიცინო-პროფილაქტიკური გამოკვლევები ჩატარდა.
გეგმიური ღონისძიების ფარგლებში დევნილმა მოსახლეობამ მიიღო: ოჯახის ექიმის, პედიატრის, კარდიოლოგის, ნევროლოგის, რევმატოლოგის, ონკოლოგის, მამოლოგის, თერაპევტის, გინეკოლოგის, ენდოკრინოლოგის, ქირურგის, უროლოგის, ოფთალმოლოგის, ოტორინოლარინგოლოგისა და დერმატოლოგის მომსახურება.
ჩატარდა ინსტრუმენტული გამოკვლევები: ექოსკოპია (მუცლის ღრუს და ფარისებრი ჯირკვლის) ელექტროკარდიოგრაფია, გლუკოზის განსაზღვრა სისხლში. ასევე, C ჰეპატიტის სკრინინგი.
ექიმების დანიშნულების შესაბამისად აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობაზე გაიცა მედიკამენტები.
გამოკვლევების მიმდინარეობის პროცესს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე ესწრებოდნენ.