27-12-2018
„ეკა ბესელიას გადადგომას ჰქონდა კონკრეტული მიზეზები. მიზეზი არ იყო ის, რაც მე ვთქვი. რა იყო მიზეზები, ეს არის დიდწილად ჩვენი შიდა სამზარეულო, თუმცა, რა თქმა უნდა, ამ შიდა სამზარეულოს ჩვენ ნაწილობრივ გარეთაც გამოვიტანთ“,- ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განუცხადა.
ეკა ბესელიას მიერ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობის შესახებ საუბრისას, ირაკლი კობახიძემ კონკრეტული განცხადებების გაკეთებისგან თავი შეიკავა. მისი თქმით, ამ საკითხზე საზოგადოებასთან საუბარი მოგვიანებით აუცილებლად იქნება.
„დღეს მე თავს შევიკავებ კონკრეტული განცხადებების გაკეთებისგან, ჯობია, სხვა ფონზე გაკეთდეს ეს განცხადებები. არ არის მიზანშეწონილი იმ დღეს, როდესაც არის გაკეთებული გადადგომაზე განცხადება, იმ დღესვე გავაკეთოთ კომენტარები მიზეზებთან დაკავშირებით, თუმცა, გპირდებით, რომ ამ მიზეზებს ჩვენ აუცილებლად დავუბრუნდებით და გვექნება საზოგადოებასთან საუბარი ამ ყველაფერზე. მე არცერთ მიზეზს არ გავშლი თქვენი ნებართვით, დღეს, მიზეზებს მოგვიანებით დავუბრუნდებით“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.