გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2019    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

მამუკა ბახტაძე: 2018 წელს ბევრი მიმართულებით ხელშესახები წინსვლა გვქონდა

27-12-2018

„2018 წელი მთლიანობაში იყო პოზიტიური ჩვენ გვქონდა ხელშესახები წინსვლა ძალიან ბევრი მიმართულებით, რასაც მოწმობს საერთაშორისო რეიტინგებში ჩვენი დაწინაურება,“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე, წლის შემაჯამებელ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანი წელი იყო ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე მიღწეული პროგრესის გათვალისწინებით. მამუკა ბახტაძის შეფასებით, საქართველო ასე ახლოს ევროპულ ოჯახთან და ნატოსთან არასოდეს ყოფილა.

„შევეცდებით,2019 წელს ეს მიღწევები გავხადოთ კიდევ უფრო თვალსაჩინო და რაც მთავარია, მოვახდინოთ ამ მიღწევების კონვერტაცია ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესებაში. ასევე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ 2018 წელი იყო ძალიან ნაყოფიერი ქართულ-ამერიკული ურთიერთობებისთვის. საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობა ასეთ მაღალ დონეზე და ასეთი ყოვლისმომცველი არასდროს ყოფილა", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველო ყველა სფეროში აღიარებულია, როგორც რეგიონში ლიდერი ქვეყანა.
მამუკა ბახტაძემ განსაკუთრებით გამოყო საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები და ქვეყნის გადასვლა საპარლამენტო მოდელზე და აღნიშნა, რომ სწორედ საპარლამენტო დემოკრატია არის საუკეთესო მოდელი ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების წარმატებით დასაძლევად.

„წელს ბევრი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. ქვეყანას შეემატა ათეულობით კილომეტრი თანამედროვე გზა, ხიდები, გვირაბები, საერთაშორისო სტანდარტების საბაგიროები, აშენდა ბაღები და სკოლები. რა თქმა უნდა, ინფრასტრუქტურა 2019 წელსაც დარჩება ერთ-ერთ ყველაზე პრიორიტეტულ მიმართულებად და დარწმუნებული ვარ, მომავალ წელს ჩვენ ძალიან ბევრ და მნიშვნელოვან სტრატეგიულ ობიექტს გავხსნით. წლევანდელი წელი განსაკუთრებით წარმატებული იყო ჩვენ კულტურისთვის. მნიშვნელოვანი ღონისძიებები ჩატარდა ევროპაში, რითაც ხაზი გაესვა, რომ ქართული კულტურა არის ევროპული კულტურის განუყოფელი ნაწილი და ბუნებრივია, ჩვენ ამ მხრივ აქტიურობას გავაგრძელებთ 2019 წელსაც", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა სპორტის სფეროში მიმდინარე წელს მიღწეულ წარმატებებს. მთავრობის მეთაურის განცხადებით, 2019 წელი ამ მიმართულებით კიდევ უფრო აქტიური იქნება, რათა ქვეყანა 2020 წელს ღირსეულად წარსდგეს ტოკიოს ოლიმპიადაზე.

„განსაკუთრებით წარმატებული იყო 2018 წელი სპორტის სფეროში. 2018 წელს ჩვენ შეგვიძლია თამამად ვუწოდოთ ქართული სპორტის გამარჯვების წელი. ქართული სპორტის ისტორიაში სწორედ 2018 წელი იყო ყველაზე წარმატებული. ჩვენმა სპორტსმენებმა შეძლეს და 800-ზე მეტი მედალი მოუტანეს საქართველოს. 2019 წელი არის მოსამზადებელი წელი ტოკიოს ოლიმპიადისთვის და ჩვენ მაქსიმალურად აქტიურად ვიქნებით ჩართული, რომ 2020 წელს საქართველო ღირსეულად წარსდგეს ტოკიოს ოლიმპიადაზე", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრმა გამოყო ტურიზმის სფეროში მიღწეული წარმატებები და აღნიშნა, რომ 2018 წელს საქართველოს ტურისტების რეკორდული რაოდენობა ეწვია, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს უსაფრთხო, სტაბილური და სანდო ქვეყნის იმიჯი აქვს.

„ეკონომიკის სამინისტრო მუშაობს ტურიზმის ახალ სტრატეგიაზე, ვინაიდან გამოიკვეთა მნიშვნელოვანი მიმართულებები, სადაც ჩვენ დამატებითი ინვესტიციები გვჭირდება და გარკვეულწილად - დაკორექტირებული მიდგომები", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, დაიწყო და 2019 წელს აქტიურ ფაზაში გადავა განათლების რეფორმა, რომელიც საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება მომავალი წლების განმავლობაშიც. ამასთან, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან ახალგაზრდობის კომპონენტი პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში გადავა.

„განათლების რეფორმა არის გრძელვადიანი პროცესი, მაგრამ 2019 წელს ექნება განსაკუთრებული როლი ამ რეფორმის წარმატებაში. 

განათლებასთან ერთად, ახალგაზრდობის ინოვაციური პოლიტიკა,ახალგაზრდული ეკონომიკა, ახალგაზრდების მონაწილეობა საზოგადოებრივ, კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩვენი პრიორიტეტები იქნება. ამიტომაც, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და ახალგაზრდობის კომპონენტი გადმოვა პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რამხელა მნიშვნელობას ვანიჭებთ ახალგაზრდობას და მათ მომავალს", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. 

მთავრობის მეთაურის თქმით, მიმდინარე წელს ყველა უწყება იყო წარმატებული და მნიშვნელოვანი რეფორმები ხორციელდება ყველა სამინისტროში, შინაგან საქმეთა, იუსტიციის სამინისტროში; კარგი მიღწევები აქვს ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებს. პრემიერ-მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე ტოტალური თავდაცვის რეფორმას, რომელიც საქართველოს ნატოსთან კიდევ უფრო დააახლოებს.

„მომავალ წელს ჩვენი საბიუჯეტო რესურსი იქნება დაახლოებით 13 მილიარდი ლარი. ჩვენ ვუყურებთ ორწლიან პროგრამას. ორწლიანი პროგრამის ფარგლებში საბიუჯეტო რესურსი დაახლოებით 27 მილიარდი იქნება. ჩვენთვის მთავარი ამოცანაა, ეს რესურსი მაქსიმალურად ეფექტურად იყოს გამოყენებული, რათა ჩვენს მოსახლეობას რაც შეიძლება მოკლე პერიოდში მივუტანოთ დადებითი ეკონომიკური შედეგი და შევუმსუბუქოთ იმ პრობლემების გადალახვა, რომელიც დღეს ობიექტურად გვაქვს ყოველდღიურ ცხოვრებაში", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს წინაშე ჯერ კიდევ რჩება ყველაზე მძიმე და მტკივნეული ორი გამოწვევა - რუსული ოკუპაცია და სიღარიბე. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო, მეგობარ ქვეყნებთან ერთად დეოკუპაციის საკითხში წინსვლისთვის ყველა პლატფორმას გამოიყენებს.

„სამწუხაროდ, რუსეთი ჯერ კიდევ არ ასრულებს თავის ვალდებულებას, რომელიც 2008 წელს აიღო და არ გაჰყავს თავისი საოკუპაციო ჯარები საქართველოს ტერიტორიებიდან. ჩვენ მომზადებული გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი სამშვიდობო ინიციატივა - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ". ჩვენი პასუხი ამ გამოწვევაზე არის მხოლოდ მშვიდობა და განვითარება. ჩვენ მაქსიმალურ ძალისხმევას და კონცენტრაციას გავაკეთებთ იმაზე, რომ მსოფლიო თანამეგობრობასთან ერთად რაც შეიძლება დროულად დავიწყოთ ჩვენი სამშვიდობო ინიციატივის რეალიზაცია. რაც უფრო მეტი ისეთი საწარმოები იქნება ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, როგორიც არის ვაშლის ჩიფსების საწარმო სოფელ დიცში, მით უფრო ადვილად შევძლებთ, ჩვენ შევქმნათ ახალი შესაძლებლობები ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, შევუმსუბუქოთ მათ ყოველდღიური ცხოვრება. სწორედ ეს არის ჩვენი ამოცანა", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, სიღარიბის დაძლევა არის და იქნება აბსოლუტური პრიორიტეტი შემდეგი ორი წლის განმავლობაში და მთავრობა მაქსიმალურად შეეცდება, უმოკლეს ვადებში დაინერგოს ის რეფორმები, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოში უფრო მეტ ინკლუზიურ ზრდას.

„ეს რეფორმები საშუალებას მოგვცემს, რომ ზოგადად ქვეყნის განვითარების ეკონომიკური მოდელი შევცვალოთ და გავხადოთ ის მორგებული ინკლუზიურ ზრდაზე, ისეთ ზრდაზე, რომელიც შეეხება საქართველოს თითოეულ მოქალაქეს და რომლის მთავარი მიზანი იქნება, სიღარიბე რაც შეიძლება დროულად იყოს დაძლეული", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, წელს უკვე გაეზარდათ სოციალური დახმარებები მათ, ვისაც ამის ყველაზე მეტი საჭიროება აქვს; სოციალური პროგრამები კი მომავალ წელსაც გაგრძელდება და დაიხვეწება.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, წელს ფინანსური ტვირთი მოეხსნა საქართველოს ასეულობით ათას მოქალაქეს, მაგრამ ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ეკონომიკის წინსვლა საქართველოს თითოეულ მოქალაქეზე აისახოს. პრემიერ-მინისტრმა გამოთქვა რწმენა, რომ 2019 წელი იქნება გარდამტეხი და ის ახალი ეკონომიკური მოდელი, რომელიც საქართველოში ამუშავდება, ქვეყანას ინკლუზიურ ზრდას მოუტანს.

მამუკა ბახტაძემ თანამშრომლობისთვის ასევე მადლობა გადაუხადა მედიის წარმომადგენლებს და დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა.
„მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადაგიხადოთ ყველას, ჟურნალისტებს, ოპერატორებს თქვენი საქმიანობისთვის. ვფიქრობ, ჩვენი თანამშრომლობა შედგა და, იმედი მაქვს, მომავალ წელს ჩვენი ურთიერთობა კიდევ უფრო ინტენსიური იქნება და რაც მთავარია, თქვენთვის უფრო მეტი პოზიტივი გვექნება სათქმელი", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.