31-12-2018
„ჩვენ გვინდა, შევინარჩუნოთ მაქსიმალურად ერთიანობა, თუმცა, რა თქმა უნდა, აქვე ყველას უნდა მოვუწოდოთ, რომ დაიცვან წესრიგი“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
გუნდში მიმდინარე პროცესებზე საუბრისას, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ინდივიდუალურ დეპუტატებთან პოლემიკაში ვერ შევა.
„რაც შეეხება შიგნით მიმდინარე პროცესებს, მე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ვერ შევალ პოლემიკაში ინდივიდუალურ დეპუტატებთან, ეს არ არის ჩემი ფუნქცია. აქედან გამომდინარე, მირჩევნია, რომ კომენტარი არ გავაკეთო ამასთან დაკავშირებით. ყველაფერი არის ძალიან კარგად, ყველაფერი იქნება მშვიდად და გუნდში იქნება, რაც მთავარია, უზრუნველყოფილი სტაბილურობა და ერთიანობა“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისი თქმით, შარშან, ამ დროს, შეცდომებს უშვებდნენ კონკრეტული დეპუტატები და ამ შეცდომებს შესაბამისი პასუხი გაეცა, თუმცა, მმართველმა გუნდმა ერთიანობის შენარჩუნებისთვის მაქსიმალურად იმუშავა და ასეთივე სულისკვეთებაა ამ შემთხვევაშიც.
„თქვენ გახსოვთ, შარშან, ამ დროსაც, კონკრეტული დეპუტატები უშვებდნენ შეცდომებს და ამ შეცდომებს გაეცა შესაბამისი პასუხი, თუმცა, ჩვენ მაქსიმალურად ვმუშაობდით იმისთვის, რომ შეგვენარჩუნებინა ერთიანობა და ერთადერთი დეპუტატი, რომელსაც მოუწია უმრავლესობის დატოვება, იყო, მოგეხსენებათ, ვინც. შესაბამისად, აქაც ჩვენი სულისკვეთება იქნება იგივე. ჩვენ გვინდა შევინარჩუნოთ მაქსიმალურად ერთიანობა, თუმცა, რა თქმა უნდა, აქვე ყველას უნდა მოვუწოდოთ, რომ დაიცვან წესრიგი. ჩვენ ვართ პასუხისმგებელი წესრიგის დაცვაზე. მე პირადად, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ვარ პასუხისმგებელი იმაზე, რომ თითოეულმა დეპუტატმა, განსაკუთრებით, უმრავლესობაში, დაიცვას წესრიგი“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კითხვაზე, შესაძლოა თუ არა, უმრავლესობა დატოვოს ეკა ბესელიამ, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ თეორიულ ვარიანტებზე ვერ ისაუბრებს. ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მთავარია, ყველამ წესები დაიცვას.
„მთავარია, ყველამ დაიცვას წესები. ჩვენ ვართ პასუხისმგებელი წესების დაცვაზე. წინა შემთხვევაში იყო არაერთი დეპუტატი, რომელმაც დაარღვია წესები, თუმცა, ამ პირობებშიც კი, მხოლოდ ერთს მოუწია უმრავლესობის დატოვება. აქაც მიდგომა იქნება ზუსტად ასეთი“,- განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს.
მისივე შეფასებით, ვისაც გუნდში არსებული გარკვეული სირთულეები გარეთ გააქვს - შეცდომებს უშვებს. პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ გუნდური თამაშის წესები დარღვევაზე რეაგირება აუცილებელია, თუმცა, მიდგომა მაქსიმალურად რბილი იქნება.
„მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ვისაც გარეთ გააქვს გარკვეული სირთულეები, ის უშვებს შეცდომებს. მე ვერ გაგცემთ ამ კითხვაზე პასუხს. ესეც იქნება გარკვეული სირთულის გარეთ გატანა. ამიტომ, მე არასწორი იქნება გავცეამ კითხვას პასუხი. ამას შიგნით მოვაგვარებთ. თუ ვინმე არღვევს წესებს, რეგლამენტის დარღვევა კიდე ცალკე საკითხია. რეგლამენტი უხეშად დაირღვა და ცალსახად დაირღვა - ამაზე ნებისმიერი იურისტი ასეთ პასუხსგაგცემთ, ვისაც აქვს შესაბამისი კვალიფიკაცია. აქ რეგლამენტის დარღვევა ერთია, ეს სხვა შემთხვევაა და ამას სხვა რეაგირება სჭირდება, რაც შეეხება გუნდური თამაშის წესებს, აქ არის ზუსტად ჩვენი რეაგირება აუცილებელი, ოღონდ ეს რეაგირება იქნება მაქსიმალურად რბილი. ზუსტად ამ რბილი მიდგომის საფუძველზე, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მხოლოდ ერთმა დეპუტატმა დატოვა უმრავლესობა წინა შემთხვევაში. ამ შემთხვევაში, ჩვენი მიდგომა იქნება რბილი და მაქსიმალურად ვეცდებით, რომ შიგნით ავუხსნათ ყველას, თუ რა არის წესი“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ჟურნალისტებთან საუბრისას, პარლამენტის თავმჯდომარე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ გედევან ფოფხაძის არჩევას გამოეხმაურა. მისი შეფასებით, დაირღვა პარლამენტის რეგლამენტი.
„ორჯერ ორი ოთხი არის ის, რომ პირველი მოადგილის ერთიან კანდიდატურას ასახელებს თავმჯდომარე. რაც შეეხება უმრავლესობის კვოტას, იქაც ერთი კანდიდატი სახელდება უმრავლესობის მიერ და რაც შეეხება ოპოზიციის კვოტას, იქ თითო კანდიდატის დასახელება შეუძლიათ უმცირესობას ან გარეთ ფრაქციებს, როგორიც არის დღეს „ნაცმოძრაობა“ და „პატრიოტთა ალიანსი“. ანუ კანდიდატთა სიმრავლე შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ოპოზიციის შემთხვევაში. ეს წერია ძალიან ნათლად რეგლამენტში. ეს იცის, დარწმუნებული ვარ, იმ იურისტმაც, რომელიც საუბრობს სხვანაირად ამაზე, თუმცა, დასჭირდა დღეს ვიღაცას რეგლამენტის დარღვევა და დარღვევით გააკეთეს ეს ყველაფერი. რეგლამენტის დარღვევა არის გადაცდომა და ამას სჭირდება შესაბამისი შეფასება და ეს აუცილებლად იქნება უზრუნველყოფილი. ანუ, შეფასდება აუცილებლად ის მოვლენა, რომელსაც დღეს ჰქონდა ადგილი. იურიდიული კომიტეტი არის პირველი, რომელიც უნდა ზრუნავდეს თავად რეგლამენტის დაცვაზე საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტთან ერთად. შესაბამისად, ბუნებრივია, მიუღებელია ის, რომ რეგლამენტი დაირღვა კონკრეტული ადამიანების მხრიდან“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ და აღნიშნა, რომ რეგლამენტის დარღვევის შეფასებისთვის არსებობს შესაბამისი მექანიზმები.
„გვაქვს შესაბამისი მექანიზმები და ეს აუცილებლად შეფასდება. ეს შეიძლება პარლამენტშიც შეფასდეს და შეიძლება პარტიულ ჭრილშიც შეფასდეს“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ასეთი მოვლენები მმართველ გუნდს პრობლემას ვერ შეუქმნის და თუ ვინმეს გუნდის წინააღმდეგ წასვლა მოუნდება, ამას პასუხი გაეცემა.
„გუნდი არის ერთი, ეს არის „ქართული ოცნების“ გუნდი, „ქართულ ოცნებას“ ჰყავს თავისი ლიდერი, თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი. თუ ვინმეს პერსონალურ როლზეა საუბარი და გუნდთან კავშირზე, რა თქმა უნდა, ესარის ბიძინა ივანიშვილი, როგორც თავმჯდომარე და „ქართული ოცნების“ გუნდი ეს არის ბიძინა ივანიშვილის გუნდი. გუნდი არის ერთი. თუ ვინმეს უნდა ამ გუნდის წინააღმდეგ წასვლა, ბუნებრივია, ამას გაეცემა პასუხი. ბიძინა ივანიშვილი არის გუნდის ლიდერი. მე ვარ ამ გუნდის შემადგენელი ნაწილი და ვიცავ იმ წესებს, რომელიც არის დადგენილი ამ გუნდის მიერ. არის ერთი გუნდი, მას ხელმძღვანელობს ბიძინა ივანიშვილი, როგორც ლიდერი და არავის არ ვურჩევ ამ გუნდის წინააღმდეგ წასვლას. იმიტომ, რომ თუ წავა ვინმე ამ გუნდის წინააღმდეგ, მას გაეცემა აუცილებლად პასუხი“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისივე შეფასებით, არის სირთულეები, თუმცა, რეალურად, სიტუაცია ბევრად უფრო მარტივია, ვიდრე მის წარმოჩენას ცდილობენ.
„ეს არის მიმდინარე პროცესი და სიტუაცია არის ბევრად უფრო მარტივად, რეალურად, ვიდრე ცდილობენ გარეთ წარმოაჩინონ. ვხედავთ, რომ არის გარკვეული თანხვედრა ინტერესებში. ჩვენი ოპონენტები ცდილობენ გაამძაფრონ ეს ვითარება, რომელიც რეალურად არსებობს. რა თქმა უნდა, არის სირთულეები, თუმცა სიტუაცია არის ბევრად უფრო მარტივად, ვიდრე ცდილობენ ეს წარმოაჩინონ. ეს მარტივადაც დალაგდება შესაბამისად. ვითარება არის მარტივი, მარტივადაც დალაგდება“,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
კითხვაზე - შეთანხმებული იყო თუ არა ბიძინა ივანიშვილთან ეკა ბესელიას გადაწყვეტილება, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ პარტიაში პროცესები იერარქიის შესაბამისად იმართება.
„თქვენ იცით, რომ ამ იერარქიის სათავეში არის ბატონი ბიძინა ივანიშვილი, როგორც პარტიის თავმჯდომარე. შესაბამისად, ასე მიიღება გადაწყვეტილება“,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.