15-12-2017
მახვილაურში ახალი საჯარო სკოლა 2018-2019 წლებში უნდა აშენდეს. არსებული სკოლის შენობა, ავტობანის მშენებლობის გამო დაინგრევა. აჭარის განათლების სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ სკოლის პროექტი შესყიდულია და მშენებლობა მომდევნო ორ წელზეა გაწერილი.
სკოლის მშენებლობისთვის ერთი მილიონ 600 ათასი ლარია გათვალისწინებული ბიუჯეტში. როგორც სამინისტროში გვეუბნებიან, ახალი სკოლის აშენების აუცილებლობა ავტობანის მშენებლობამ განაპირობა.
„ავტობანი გადის არა სკოლის ტერიტორიაზე, არამედ სკოლის წინ. მაგრამ, რადგან სკოლა ბუფერულ ზონაში მოხვდა, აუცილებელია მისი ადგილმონაცვლეობა. ამიტომ ახალი სკოლის ასაშენებლად სხვა ადგილზე გამოიძებნა ტერიტორია, სკოლის აშენებამდე კი, ბავშვები იმ სკოლაში გაარძელებენ სწავლას, სადაც ამჟამად არიან. სკოლის შენობა არ არის დაზიანებული და სასწავლო პროცესი ახლის აშენებამდე, ჩვეულებრივ გაგრძელდება,“- გვითხრეს განათლების სამინისტროში.
მახვილაურის საჯარო სკოლაში 200 მოსწავლე სწავლობს.