3-01-2019
სოხუმში, მაიაკის რაიონის მცხოვრებლები, რომლებიც ქალაქის ნაგავსაყრელით აღმოჩნდნენ გარშემორტყმულნი, ქუჩაში გამოვიდნენ და თითქმის 2 დღე იდგნენ, სანამ ხელისუფლებისგან არ მიიღეს დასტური, რომ პრობლემა გადაიჭრება.
ნაგავსაყრელის პრობლემის მოგვარებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება პრეზიდენტის ადმინისტრაციას მოუწია. საუბარი მიდის არა ნაგავსაყრელის დახურვაზე, არამედ მის მოდერნიზაციაზე. მერიას ორი კვირა მიეცა იმისათვის, რათა შესაბამისი სამუშაოები ჩაატაროს.
„ჩვენ უკვე ვკვდებით ამ ნაგავსაყრელზე ცხოვრებით. აჩვენეთ მათ (ჩინოვნიკებს), რომ ნაგავი უკვე ჩვენს ეზოებშია“, – ასეთი სიტყვებით შეხვდა ნაგავსაყრელზე მისულ ჟურნალისტებს საპროტესტო აქციის ორგანიზატორი, ადგილობრივი მცხოვრები ჯანსუხ ადლეიბა (ვიდეოში ის საკუთარი შვილების შესახებ ლაპარაკობს).
მასთან ერთად, აქციაში კიდევ ასამდე მეზობელი მონაწილეობდა.
„ნაგავსაყრელი იზრდება პირდაპირ ჩვენს სადარბაზოებთან“, – ამბობდნენ ისინი.
იქვე ახლოს სკოლაც არის, ამიტომ, აქციის მონაწილეებს შორის ბევრი მასწავლებელი იყო.
„ჩვენ კიდევ გაგვიმართლა, რომ ნაგავსაყრელი ძირითადად ზაფხულში იწვის, როდესაც არდადეგებია – სოფელში წასვლა მაინც შეიძლება. არადა, მერჩივნა, სახლში ვყოფილიყავი, ჩვენ ხომ პირდაპირ ზღვასთან ვცხოვრობთ, მაგრამ ზაფხულში აქ სუნთქვაც კი შეუძლებელია“, – აცხადებს მადინა არგუნი.
ერთი თვის წინ, ჯანსუხ ადლეიბამ 915 ადგილობრივის ხელმოწერით, პრემიერ-მინისტრს წერილი მისწერა და ნაგავსაყრელის დახურვა სთხოვა, თუმცა, პასუხი ვერ მიიღო და ამიტომაც მეზობლებს შესთავაზა, პროტესტი ქუჩაში გამოეხატათ და არ გაეტარებინათ არცერთი ნაგვის მანქანა, სანამ ნაგავსაყრელთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას არ მიიღებდნენ.
„მე ექვსი შვილი მყავს, ჩვენი სახლი ნაგავსაყრელიდან 300 მეტრშია, არადა, არ შეიძლება ნაგავსაყრელიდან 2 კილომეტრზე ახლოს ცხოვრება, ეს ხომ საწამლავია“, – ამბობს ადლეიბა.
აფხაზეთის მთავარმა ეკოლოგმა, საველი ჭითანავამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ეთანხმება პროტესტის მონაწილეებს – ნაგავსაყრელის საცხოვრებელ სახლებთან ასე ახლოს განთავსება, ჯანმრთელობისთვის საზიანოა.
„სიმართლე გითხრათ, ეს ეკოლოგიური კატასტროფაა, მაგრამ ახლა ჩვენ არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია. ნაგავსაყრელის ლიკვიდაციისთვის დიდი ფულია საჭირო“, – განაცხადა მან.
სოხუმის მერმა ადგურ ხარაზიამ, რომელიც ასევე მივიდა მომიტინგეებთან, ვერ შეძლო კონკრეტული პასუხები გაეცა კითხვებზე, თუ როდის და როგორ აპირებს ქალაქის ხელისუფლება პრობლემის გადაწყვეტას. უფრო მეტიც, მან გარკვეული არგუმენტებიც კი მოძებნა ხელისუფლების დასაცავად:
„ეს ნაგავსაყრელი აქ ხომ ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდანაა. სულელები ხომ არ იყვნენ, აქ რომ განათავსეს – ჩვენ რატომ უნდა გადავიტანოთ? მით უმეტეს, ამისათვის დიდი თანხებია საჭირო და ასეთი ფული არ გვაქვს“, – თქვა ყველა მხრიდან ხალხით გარშემორტყმულმა ადგურ ხარაზიამ.
მომიტინგეებთან პრემიერ-მინისტრი ვალერი ბგანბაც კი მივიდა. ის შეეცადა, მათთვის აეხსნა, რომ ნაგავსაყრელის სხვა ქალაქში გადატანა რთული იქნება, რადგან იქაც ცხოვრობს ხალხი, რომლებსაც არ მოეწონებათ, რომ მათთან სოხუმიდან ჩააქვთ ნაგავი.
მან ითხოვა, არ დაესვათ ეს საკითხი ასე კატეგორიულად და მიტინგის დაწყებას ნაადრევი უწოდა. ამის მიუხედავად, საბოლოოდ, მცხოვრებლების კატეგორიულმა მიდგომამ შედეგი გამოიღო.
თუმცა, ნაგავსაყრელზე არამხოლოდ საპროტესტო აქციები იმართება. არიან ადამიანები, რომლებიც პროტესტს შეშფოთებულები აკვირდებოდნენ, იმიტომ, რომ მათთვის ნაგავსაყრელია შემოსავლისა და არსებობის წყაროც.
დაახლოებით 20 ადამიანი დადის აქ, როგორც სამსახურში – აგროვებენ მეტალსა და შეშას.
ერთ-ერთი მათგანი, რუსლან კაპბა, როგორც გულიანი მასპინძელი, ისე შეეგება JAMnews-ის კორესპონდენტს საკუთარ ქოხთან. „გსურთ ჩაი? ეს-ესაა ადუღდა“, – შესთავაზა მან.
თუმცა კი, ატმოსფერო ჩაის დასალევად დიდად შესაფერისი არ იყო.
რუსლანი ნაგავსაყრელზე უკვე ათი წელია „მუშაობს“.
ის ძველი სადენებიდან და საყოფაცხოვრებო ტექნიკიდან სპილენძს მოიპოვებს და მისი სიტყვებით, ეს ჰყოფნის, რომ სამსულიანი ოჯახი გამოკვებოს.
„ადრე დარაჯად ვმუშაობდი, თუმცა ახლა, მაშინდელ თვიურ ხელფასს, 10 დღეში გამოვიმუშავებ“.
ქოხი მან თავად ააწყო იმისგან, რაც იქვე ნაგავსაყრელზე იპოვა და თან მეტ-ნაკლებად მოაწყო კიდეც: აქვს მაგიდა, სკამები, ჭურჭელი.
„შემოსავალი მხოლოდ იზრდება, რადგან ნაგავსაყრელი საგრძნობლად გაიზარდა ამ 10 წელიწადში“, – ამბობს რუსლანი.
ნაგავსაყრელზე ამ დღენახევრიანი პროტესტის განმავლობაში არაერთი ოფიციალური პირი მივიდა, მათ შორის, რამდენიმე დეპუტატი. ზოგიერთმა მათგანმა ადგილობრივი მცხოვრებლების ინტერესების დაცვის პირობაც დადო.
კერძოდ, დეპუტატმა ახრა აბუხბამ განაცხადა, რომ ნაგავსაყრელის თემას შეახსენებს პარლამენტის ყოველ სესიაზე და შეეცდება, უახლოეს ფინანსურ პროექტში ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმოს გახსნის საკითხიც შეიტანოს.
ეს დაპირება ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის ძალიან აქტუალურია, იმიტომ, რომ მოდერნიზებული ნაგავსაყრელი, რა თქმა უნდა, სჯობია ჩვეულებრივ ნაგავსაყრელს, მაგრამ ნაგვის მოტანას კვლავ განაგრძობენ.