4-01-2019
რუსთავის საქალაქო სასამართლომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები გაიზიარა და ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე ბრალდებული ნ.ზ. დამნაშავედ ცნო.
სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 30 მარტს, ნ. ზ. სხვა პირთან ერთად გარდაბნის რაიონის სოფელ ახალსოფელში, ჯგუფურად თავს დაესხა მათსავე საცხოვრებელ სახლში მყოფ გ.მ. -ს და თ. მ.- ს და დანის მუქარით თანხა მოსთხოვა. დაზარალებულებმა მათ წინააღმდეგობა გაუწიეს, რის შედეგად თავდამსხმელები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
სამართალდამცველებმა ნ.ზ. 2018 წლის 3 აპრილს საგარეჯოს რაიონის სოფელ თოხლიაურში დააკავეს.
მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლისკოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (ყაჩაღობა, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში მუქარის გამოყენებით, ჩადენილი ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
რუსთავის საქალაქო სასამართლომ ნ.ზ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.